სიახლე _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაზურის სწავლება დაიწყო

საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა უმაღლეს სასწავლებელთა სასწავლო პროცესში ძირითად დისციპლინებთან ერთად არჩევითი საგნების ჩართვა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის პირველკურსელებს არჩევით საგნებს შორის ლაზურის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ, რასაც სტუდენტთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საგანს უძღვება ლაზურის ახალგაზრდა სპეციალისტი თეა კალანდია.

სიახლე _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაზურის სწავლება დაიწყო

ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაზურს მხოლოდ ფილოლოგი სტუდენტები სწავლობდნენ. ისტორიკოს სტუდენტებს ამის შესაძლებლობა პირველად მიეცათ.
        ლაზურის შემსწავლელთა რიცხვი სასწავლო პროგრამის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. ისტორიის სპეციალობის მეორეკურსელების მოთხოვნით შეიქმნა დამატებითი ჯგუფი. მათ შეუერთდნენ პოლიტოლოგიის, რელიგიათმცოდნეობის, ეთნოგრაფიის და სხვა სპეციალობათა II და III კურსის სტუდენტები და ასპირანტები. საბოლოოდ ორივე ჯგუფში 20-მდე სტუდენტმა მოიყარა თავი.
        თავდაპირველად სასწავლო საგანი მოიცავდა ლაზურის ელემენტარულ გრამატიკასა და სასაუბრო ლექსიკას. თუმცა შემდგომ სტუდენტებმა ნაკლებად შესწავლილი ლაზური ფოლკლორის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და სხვა საკითხების შემდგომი კვლევა-ძიების მიზნით ლაზურის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის სურვილი გამოთქვეს. შეიქმნა სპეცილური სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა _ 1 აკადემიური წელი), რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ლაზურის ლექსიკასა და გრამატიკულ სტრუქტურაზე, მის ისტორიულ განვითარებაზე. სწავლების მიზანია არა მარტო ლაზურის სტრუქტურის გაცნობა, არამედ მისი მონაცემების გამოყენება საერთოქართველური ფუძეენის რეკონსტრუქციისა და ქართველურ დიალექტთა შესწავლის, მათში მომხდარი ცვლილებებისა და დღეს შესამჩნევი ენობრივი ტენდენციების დადგენის მიზნით.
        დისციპლინა გულიხსმობს აგრეთვე მე-20 საუკუნის ლაზური პროზისა და პოეზიის, ისტორიული თხზულებების, ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევების, ასევე ფოლკლორული და ეთნოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობას. 
        საგანი ისწავლება როგორც არსებული საენათმეცნიერო ლიტერატურის, ასევე სპეციალურად ამ კურსისთვის შექმნილი სასაუბროებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით.
        სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილია კონფერენცია "ლაზეთი", სადაც სტუდენტები წარმოადგენენ ნამუშევრებს ლაზურ ფოლკლორზე, ეთნოგრაფიაზე, ისტორიაზე, კულტურაზე, ენობრივ მოვლენებსა და სხვა თემებზე. მოხსენებისთვის სტუდენტები სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით ლაზეთში დაგეგმილი ექსპედიციების დროს მოპოვებულ საკუთარ მასალებს გამოიყენებენ.
        თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მომავალში ლაზურის სწავლებას მეტი ყურადღება დაეთმობა. ისინი ფიქრობენ, რომ მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, მომავალი სასწავლო წლიდან აღნიშნული კურსის გავლის საშუალება სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც ექნებათ.


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.