ფილმი ეხება თურქეთში მცხოვრებ ქართველებსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს.
ორსერიან დოკუმენტურ ციკლში ასახულია ისტორიული ტაოს პროვინციაში არსებული ძველი ქართული სოფლების _ ხევეკისა და ბალხის მოსახლეობის ყოფა, ეთნოგრაფია და ფოლკლორი.
ამ რეგიონში ქართველი დოკუმენტალისტები პირველად ჩავიდნენ, რის გამოც საქართველოში აღნიშნული ფილმისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. აქ მოთხრობილია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორია, პირველადაა გადაღებული საქართველოს სახელოვანი მეფე თამარის ბრძანებით აგებული დიდი საირიგაციო სისტემა, ე. წ. "თამარის რუ".
აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპედიციის წევრებმა საუკუნის შემდეგ პირველებმა მოახერხეს ასულიყვნენ და გადაეღოთ ძველი ქართული ძეგლი _ კავკასიძეების საგვარეულო ციხესიმაგრე (თურქ. თექქალე). ძეგლი დგას თითქმის მიუვალ კლდეზე, მასზე ასვლა მხოლოდ ალპინისტური მოწყობილობებით მოხერხდა. ფილმში წარმოდგენილია ამჟამად ძლიერ დაზიანებული VII საუკუნის ქართული ტაძრის _ ბანას გრაფიკული (ე. წ. ტრიდემაქსის სისტემის) რეკონსტრუქცია.
ჩაწერილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული უნიკალური ლექსები, სიმღერები... ფილმში ხშირად ისმის ბაიარ შაჰინისა და სხვა მომღერლების მუსიკალური კომპოზიციები.
სცენარის ავტორი და რეჟისორია გიორგი კალანდია, კონსულტანტი ბუბა კუდავა, მონტაჟის რეჟისორი ნაირა დილანიანი, ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. "ერთი ჭოროხის შვილები" მათ მიერ მომზადებული მე-5 ფილმია უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. მანადე იყო "მზერა ლაზეთიდან" (ფილმი ლაზების შესახებ), "მზერა ჰერეთიდან" (ფილმი აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების _ ჰერების, ანუ ინგილოების შესახებ) და "გელინო", I-II სერია (ფილმი სტამბოლსა და ბურსაში მცხოვრები ქართველების შესახებ). ეს უკანასკნელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მას საქართველოს სახალხო კინოფესტივალ "მზის" I ადგილი მიენიწა და 2004 წლის გამარჯვებულ ტელეპროექტად გამოცხადდა.
აღნიშნული ფილმები ტელეკომპანია "მზის" ეთერში გავიდა, თუმცა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის _ ბიძინა ბარათაშვილისა და მთავარი პროდიუსერის _ ოთარ შამათავას აქტიური დახმარებით მოხერხდა პროექტის "იმედში" განხორციელება, რის გამოც ფილმების ხილვა დღეიდან თურქეთშიც იქნება შესაძლებელი.
ფილმის ავტორთა განცხადებით, პროექტის მიზანია თურქულ-ქართული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, მოძმე ერების უფრო დაახლოება და კავკასიაში თურქული და ქართული კულტურების პოპულარიზაცია.