უნიელი ქართველები – 2

უნიელი ქართველები – 2 მურათ შაჰინი

 უნიეში მცხოვრები ქართველების უდიდესი უმრავლესობა აქ ბათუმიდან, აჭარიდან, მაჭახლიდან 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ გადმოსახლდა, თუმცა მცირე მასშტაბის გდამოსახლებები გვიანდელ პერიოდებშიც ხდებოდა. ისინი, ვინც უნიეში მოსულთაგან  პრველები იყვნენ, გამძვინვარებული ციების გამო აქ დიდხანს არ დარჩენილან და სვლა მაღალი ადგილებისაკენ იწყეს. მაჭახლელმა ქართველებმა ყველაზე მაღალი და მათი ძველი საცხოვრებელი გარემოს მსგავსი ადგილები შეარჩიეს. აჭარის ქართველობა უფრო ქვემოთ დასახლდა, ბათუმლები კი სანაპირო ადგილებისაკენ დაიძრნენ. ისინი სახლდებოდნენ ერთად, 5-40 ოჯახად. მაშინ უნიეში მართლმადიდებლები და სომხები სახლობდნენ. გადმოსახლებულები თავიდან კარვებში ცხოვრობდნენ. მოვუსმინოთ იენიქენთის მელიქთეფეს უბანში მცხოვრებ 90 წელს გადაცილებულ მოხუცს, რომელიც გადმოგვცემს რეგიონში გადმოსახლებული პირველი ქართველების მდგომარეობას:
        რუსები ბათუმში რომ შევიდნენ, ქიბარ აღამ 30 ოჯახთან ერთად ბათუმი დატოვა. მათ დღევანდელი სოფ. ექინჯიქის უკან, დუზთეფეზე 15 კარავი დადგეს. ამ ადგილებში მართლამდიდებლები ცხოვრობდნენ. მღვდელმა ერთ კვირა დღეს მელიქთეფედან მოწაფეთა 10 კაციანი ჯგუფი ექინჯიქში ჩაიყვანა და იქ არსებულ ეკლესიაში წირვა ჩაატარა, ბავშვებს ფერად-ფერადი მოხარშული კვერცხები დაურიგა. ერთხელ ქიბარ აღა პარასკევის ნამაზის შესასრულებლად სოფ. ნურეთინში წასულა, იქაურებთან კამათი მოსვლია, ისინი შედავებიან, შენ და შენმა კაცებმა ოჯახები რატომ დატოვეთ და აქ რატომ მოხვედითო. ქიბარ აღა მომდევნო პარასკევს სოფ. ქაბადირეღში (დიზდარი) წასულა და იქაც მსგავსი წინააღმდეგობა რომ შეხვედრა, გადაუწყვიტავს სოფ. ექინჯიქში მეჩეთის აგება იმ ადგილას, სადაც ახლაც დგას. მუდერის მევლუდ ეფენდის აქვე მეჩეთთან მოგვიანებით მედრესეც (რელიგიური სასწავლებელი) აუგია, რომელიც ბათუმიდან ჯერ  სტამბოლში მოხვედრილა, სადაც მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო ვერ დარჩენილა და ნიკსარში წასულა, შემდეგ შაქირ აღას მეშვეობით ექინჯიქში გადმოსახლებულა, სადაც თავისსავე აგებულ ზემოთხსენებულ მედრესეში ბავშვებს ასწავლიდა. ბათუმიდან და მისი შემოგარენიდან ჩამოსულ ქართველებს იგი ძალიან ჰყვარებიათ. ჩვენი კვლევა არარელიგიური ხასიათისაა, ამიტომ აქ არ მოგვყავს მოგონებები მის შესახებ. ჩამოსული 30 ოჯახიდან 15 ქაბაქულაღში (ესენთეფე) დასახლებულა. ექინჯიქის ქართველები ჩხუტუნეთიდან, ქაბაქულაქისა კი ქვაბითავიდან, სოფ. ქირანის ქართველები ჩიკუნარიდან და მინდიეთიდან მოსულან. უნიეს დანარჩენი ქართველები საკუთარ თავს აჭარელებს და ჩურუქსუელებს (ქობულეთელი) უწოდებენ.  
        ამ რეგიონში ჩამოსახლებულებმა მათთვის გამოყოფილ ადგილებში მაშინვე სახლების აგება დაიწყეს. საშენ მასალად წაბლის ხეს იყენებდნენ. სახურავზე კრამიტის მაგივრობას წაბლის ხისგან დამზადებული კრამიტი წევდა, რომელსაც "კავარი" ერქვა (ქაბაქულაქში ჯერ კიდევაა შემორჩენილი ამგვარი სახლები და ნალიები). სახლებში, როგორც წესი იყო ორი ოთახი და ერთი სამზარეულო (ასეთი სახლების უკანასკნელი ნიმუშები შემონახულია ექინჯიქსა და უფრო მეტად ქაბაქულაქში). მოსახლეობა სამზარეულოდ უფრო ხშირად ქვედა სართულს იყენებდა. სახლების გვერდით ძირითადად სიმინდის შესანახ ნალიებს აგებდნენ. 4 ბოძზე შემდგარი ნალია შიგნით ოთახებად იყოფოდა და განიავების მიზნით ერთ მხარეს ხვრელი ჰქონდა დატანებული. მას სპეციალური, მრგვალი, ბორბლის მსგავსი ხის ნაჭრებით ფარავდნენ, ისე, რომ შიგ თაგვი ვერ შესულიყო (სოფელში დღესაც არიან ოსტატები, რომლებიც ასეთ ნალიებს აგებენ). ჭყინტი სიმინდის გასაშრობად ცალკე აგებდნენ გასაშრობ ნაგებობებს. აჭარლები სახლებს შერეული მასალით, ხისაგან და ქვისგან აგებდნენ. 
        სახლების წინ აუცილებლად იყო "ჰავლი" _ ბაღი, რომელშიც მოჰყავდათ სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ., ქართველები ხილის მოყვანასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ბავშვობიდან მახსოვს, რომ პაპაჩემი ხილის ხეებს ამყნობდა. ბაღში დღესაც უამრავი ხილის ხე გვიდგას. ქართველები ზამთრისთვის სხვადასხვა სახის ხილს და ჩირს ინახავდნენ, ზამთრის გრძელ საღამოებში ერთად იკრიბებოდნენ და სხვადასხვა თამაშებს თამაშობდნენ. ისინი, მოვიდნენ თუ არა აქ, ტყე გაჩეხეს და ბაღები გააშენეს. თავიდან სიმინდის მოყვანა დაიწყეს, შემდეგ კი თხილის მოყვანაზე გადავიდნენ. ქართველებს დიდი წვლილი მიუძღვით უნიეში თხილის პოპულარიზაციის საქმეში. მართალია იქ, სადაც ადრე სიმინდი ხარობდა, დღეს უკვე თხილის პლანტაციებია, მაგრამ აქაურებს სიმინდი მაინც ძალიან უყვართ. ბოლო პერიოდში სოფელში ძირითადად მოხუცებულები დარჩნენ, ამიტომ სიმინდის ყანები შემცირდა და მათი ადგილი თხილმა დაიკავა. 
        ძველად ტახზეც ნადირობდნენ. ამისთვის სპეციალურ ჩარდახებს აგებდნენ. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია პაპაჩემისგან მოვისმინე. ჩემს დიდ პაპას ერთ-ერთი ასეთი ნადირობისას ტყვია მოხვედრია და მომკვდარა. ჩარდახში მომლოდინე ქართველები დილამდე ყვიროდნენ, იარაღს ისროდნენ და თუნგზე აბრახუნებდნენ. ეს ჩასაფრება ძალიან სერიოზული საქმე იყო, რადგან ყანაში შესული ტახი მხოლოდ ჭამით არ კმაყოფილდებოდა, იგი იქ გორაობას იწყებდა და ნათესს აფუჭებდა, ამასთანავე სადაც გაივლიდა, იქაურ ბალახს საქონელი პირს არ აკარებდა. ადამიანებისთვის სიმინდი ძირითადი საკვები იყო, ამიტომ ჩარდახში ლოდინი ითვლებოდა მნიშვნელოვან საქმედ.
        ქართველები სამიწათმოქმედო იარაღს თვითონ აკეთებდნენ. პაპაჩემის ბიძა კარგი მჭედელი ყოფილა. ის მთელი რაიონის მოსახლეობისთვის მუშაობდა. ადრე სელიც მოჰყავდათ და აბრეშუმის ჭიასაც უვლიდნენ.
        სუფრაზე ძირითადი კერძი მჭადი და კომბოსტოსგან დამზადებული საჭმელი იყო. მჭადს და პურს კეცში აცხობდნენ. ქორწილში მასპინძელი ყველა სოფლელს ფქვილს ურიგებდა და ეუბნებოდა, კეცზე გამოეცხო და ქორწილში ისე მისულიყო. თხილის ხისგან კალათებს აკეთებდნენ. პაპაჩემიც კალათის მოწვნის დიდი ოსტატი იყო. კალათისთვის სპეციალურად დარგული ხეები ჰქონდათ. ადრე საქონელიც ბევრი ჰყავდათ. შესაბამისად ბევრი იყო ხორცისა და რძის ნაწარმი. ქალები მატყლისგან უამრავ წინდას, ბლუზს და ხელთათმანს ქსოვდნენ. 
        მოსახლეობა ზამთრის მოახლოებისას შეშას ამზადებდა. შეშის მჭრელი ოჯახი დანარჩენებს ნადზე ეძახდა და ერთი-ორი დღე ერთად ჭრიდნენ ზამთრის მარაგს. ნადის ეს ტრადიცია დღესაცაა შემორჩენილი ექინჯიქში, სადაც სოფლელები ერთმანეთს შეშის დამზადებში ეხმარებიან. ამ ნადზე კარტოფილს ხარშავენ და ბაქმაზთან ერთად მიირთმევენ. ძალიან ბევრ ზღაპარს, სიმღერას და მანს ყვებიან. მომავალ გვერდებზე გაეცნობით იმ ზღაპრებს, სიმღერებსა და გამოცანებს და ა.შ. რომელთა აღრიცხვაც მოვახერხე. ქართველები მხიარული ხალხია, ამიტომ საქმის კეთებისას ხშირად ერთმანეთს ეხუმრებიან. 5-6 ქართველი ერთად რომ შეიკრიბება და ლაპარაკს დაიწყებს, შორიდან უცხოს ეგონება ჩხუბობენო. 
        2002 წლის ზაფხულში, სოფელში ამოსულმა მთავრობის წარმომადგენლებმა, ხალხი სოფლის მოედანზე შეკრიბეს და მიწების გამიჯვნა დაიწყეს. იქიდან, სადაც ქართველები იდგნენ, ისეთი ხმები ისმოდა, თითქოს ჩხუბი ყოფილიყოს. 
        ქართველები მოლებზე ძალიან არიან დამოკიდებულნი. სოფელში სიგარეტის მწეველ მოლას არ გააჩერებენ. ეს წესი ახლაც ძალაშია ექინჯიქში. როგორც წესი სურვილი აქვთ, რომ მათი მოლა ქართველი იყოს. ქართველები სასულიერო წოდებას დიდ პატივს სცემენ. ძველ მოლებს აუცილებლად დიდი მოწიწებით იხსენიებენ. ეს პატივისცემა დღესაც გრძელდება. ისინი ღრმად მორწმუნენი არიან და ამ საკითხში ქალები უფრო მეტ მგრძნობელობას იჩენენ. 
        ქართველები შვილებში ვაჟებს გამოარჩევენ. ბიჭის დაბადებას იარაღის სროლით აღნიშნავენ, გოგოს დაბადებისას კი სახლში ფაფას აკეთებენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. მაგრამ ქვემოთ ნაჩვენებ ტრადიციებს დღეს აღარ მისდევენ. რასაც მისდევენ, ვფიქრობ მომავლში მასაც დაივიწყებენ. ამ ტრადიციების შესახებ იმიტომ ვწერ, რომ სხვა თუ არაფერი, წიგნში მაინც დარჩება აღნუსხული.
        ადრე ქართველები გოგონებს მხოლოდ ქართულ ოჯახებში ათხოვებდნენ, უცხოებზე კი ძალიან იშვიათად. სოფელში თანამედროვე ცხოვრების წესის შესვლასთან ერთად ეს ტრადიციაც დაირღვა. მართალია ძველებურად არა, მაგრამ სოფელში მაინც ცდილობენ გოგონები ქართულ ოჯახებს მიათხოვონ (კავკასიაში მცხოვრებ ქართველებში ნათესავებს შორის ქორწინება არ ხდება, თურქეთის ქართველებში კი ეს მიღებულია. ამის სოციოლოგიური ანალიზი ცალკე კვლევის საგანია). 
        ცნობილი ოსმალო პოეტი ნაბი აღტაცებული წერდა ქართველი ქალიშვილების შესახებ. იგი თავის ლექსებში წერდა იმ უბედურებების შესახებ, რაც არაქართველი ქალის შერთვას მოსდევდა. ისიც უნდა გაგახსენოთ, რომ ნაბი ურფელი იყო (ყოველივე ეს მან საკუთარი ვაჟისადმი რჩევის სახით დაწერა).
        ქართველი ქალები, როგორც წესი გამოირჩევიან ლამაზი მწვანე თვალებით და თეთრი კანის ფერით. ქართველი ქალის შერთვა იმიტომაც სურთ, რომ იციან მათი რბილი ხასიათის შესახებ, ქართული სუფრის სიმდიდრეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამას გარდა ქართველი ქალის შერთვა თურქისთვის დიდი პატივია. უნიეში ქართველი ქალის შერთვა ტრადიციად აქვთ ქცეული.
        ახლა გადავიდეთ ქართველებში ქალის შერთვის ტრადიციაზე. როგორც წესი, ახალგაზრდის დასაქორწინებლად საჭიროა ქალიშვილი ჯერ დიდებს მოეწონოთ. თუ ბიჭის ოჯახს ქალი არ მოსწონს, ბიჭი მას იტაცებს. გოგონებთან მდგომარეობა განსხვავებულია. თუ მისთვის სასურველ ადამიანზე არ ათხოვებენ, ის შეიძლება გაიპაროს. მაგრამ ამის ჩამდენებმა მოსალოდნელი შედეგებიც უნდა გაითვალისწინონ, მაგალითად, ჩვენს სოფელში ოჯახის დაუკითხავად სახლიდან გაპარულ გოგონას მისი მშობლები და დედმამიშვილები დღესაც არ ელაპარაკებიან. 
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოჯახის მამაკაცები ქალის სათხოვნელად მიდიან. და თან საჩუქრები მიაქვთ. ქალები ამ შემთხვევაში თან არ მიყავთ. როგორც წესი, ამ საქმეში ერთვებიან სოფლის პატივდებული ადამიანები. სასიძო ქალის თხოვნის მომენტში იქ არ უნდა იყოს. გოგოს მხარე თუ თანახმაა, შემდეგ ეტაპებზე გადადიან (ადრე თუ ვაჟი და ქალი სხვადასხვა სოფლიდან იყვნენ, ქორწილამდე ერთმანეთის ნახვის უფლება არ ჰქონდათ, ახლა კი ეს წესი ისტორიას ჩაბარდა). 
        ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში ნიშნობა იმართება. ნიშნობაზე ქალის მხარე საჭმელს ამზადებს. ოჯახის სურვილის შემთხვევაში ნიშნობა შეიძლება ცეკვა-თამაშით ჩატარდეს. ტკბილეულით გამასპინძლება ყველა ნიშნობისა და ქორწილის წესია. მექორწინეთა სახლში სოფლის ქალები ტკბილეულის მოსამზადებლად მიდიან. ძველად ქორწილებში "გურჯუ ჰორონს" ("ქართული ხორუმი") ცეკვავდნენ. 
        ბიჭის მხარე ქალის წამოსაყვანად დასტით შედიოდა. ქალის ახლო ნათესავთაგან ერთ-ერთი კარის წინ დგებოდა და საჩუქარს ითხოვდა. საჩუქრის აღების შემდეგ ბიჭის მხარეს შიგნით შესვლის უფლება ეძლეოდა. გოგოს და ბიჭის დადეები პატარძლის ოთახში შედიოდნენ. პატარძლის პირბადის (ფეჩე) ასახსნელად გოგოს უფროსი ძმა ან სხვა ნათესავი მამაკაცი მოდიოდა (უპირატესობას უცოლშვილოს ანიჭებდნენ). მას ხელში ყამას აძლევდნენ და შუაში ცარიელ ქვაბს დგამდნენ. ის, ვისაც პირბადე უნდა აეხადა, იძახდა, რომ მოეტანათ ყველაფერი რაც ჰქონდათ. ბიჭის მხარე აგზავნიდა წინასწარ მომზადებულ თასს. თუ გაგზავნილი ნივთები არ მოეწონებოდათ, ახალს მოითხოვდნენ. თუ პირბადის ამხდელი კვლავ უკმაყოფილო დარჩებოდა, მაშინ ის დანას ქვაბის შუა ნაწილში დებდა და ოთახიდან გადიოდა. ამჯერად სიტუაციის გასანეიტრალებლად საქმეში დადეები ერთვებოდნენ. დადეები მცირე ვაჭრობის შემდეგ პატარძალს პირბადეს ხდიდნენ. შემდეგ სიძეს ქალი სახლიდან გარეთ გაყავდა. პატარძლის სახლიდან გაყვანისას ქალის ძმა სახლის კარის ერთმანეთის საპირისპირო ორ წვერში დანას არჭობდა. ეს იმ მიზნით ხდებოდა, რომ სახლიდან გასული ქალი სახლში აღარ მობრუნებულიყო. ვაჟის მხრიდან პატარძალს პირბადეს სიძე ხდიდა და საახლობლოში გაუთხოვარი ქალიშვილის თავზე აგდებდა. პატარძალს სახლში შესვლისას ხელში პატარა ბიჭს აძლევდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჟი ეყოლებოდა.
        ბიჭის მხარეს რომ მოვიდოდნენ, ხორუმს ცეკვავდნენ. იარაღის სროლა აუცილებელი ატრიბუტი იყო. მოსულ სტუმრებს კერძებს სთავაზობდნენ. ფლავის ჭამის დრო რომ მოვიდოდა, კოვზს ყველა ხელს შეუშვებდა და "სუფრის დაჭერაზე" გადადიოდნენ. უფროსებისგან ქათამს, ხილს და ა.შ. მოითხოვდნენ. ამ სურვილის შესრულების შემდეგ ყველა იარაღს ისროდა და სახლის ჭერი ძლიერ ზიანდებოდა (აქამდე რა ტრადიციებიც აღვწერეთ, სრულდებოდა 30 და უფრო მეტი წლის წინ. დღეს მათ თითქმის აღარ ასრულებენ). პატარძალს სიძის სახლში შესვლისას პურს და ყურანს აძლევდნენ. იგი ვაჟის სახლში ამ ორი ნივთით შედიოდა. ძველ ქორწილებში წესად ჰქონდათ ქალისთვის წყლით სავსე თასის მიცემა, რომელსაც თასი სვლით უნდა დაეცალა. რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმეები წინ წავიდოდა. ცხენიდან ჩამოსვლისას პატარძალს ფეხთით ცხვრის ტყავს აგებდნენ, ცხვარივით დამყოლი ხასიათი ჰქონდესო. დღეს ქორწილები თანამედროვე ფორმით ტარდება.
        ქორწილში აუცილებლად აქვთ წვნიანი. ასევე აქვთ ქართული ყაურმა, ფლავი, დო, საცივი და კომბოსტო. ტკბილეული ცალკეა. ძველ ქორწილებში ტკბილეულად ჰქონდათ ბრინჯის ფქვილისა და რძის თხელი ფაფა, რომელსაც "ჰასუთა" ერქვა. აუცილებელ წვნიანს რძისგან, მაკარონისა და ცომისგან ამზადებდნენ.
        ქორწილიდან ერთი კვირის შე მდეგ ბიჭის მხარე პატარძლის დედას ოჯახში ეპატიჟებოდა. ამ პროცედურას "ანაქავმუ" ჰქვია. პატარძლის დედას გოგოსთან საჩუქრები მიჰქონდა. 
        1 კვირის (ანუ ქორწილიდან 15 დღის) შემდეგ სიძეს გოგოს მხარეში ეპატიჟებიან. ამ მიპატიჟებისას სიძეს სხვადასხვანაირად ეხუმრებიან.
        სოფ. ექინჯიქში ჯარში გაცილებისასაც მხიარულობენ. ამ დროს სხვადსახვა თამაშებს თამაშობენ. ერთ-ერთ მათგანზე აქ მოგახსენებთ. ამ თამაშს "გაცეცქა" (ახალგაზრდების თქმით "ფისი ფისი") ჰქვია.
        მოთამაშეები წრეში სხდებიან და ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრიან. შუაში "ებე" შედის. მოთამაშეები ფეხებს შორის პირსახოცს ატარებენ. "ებე" ცდილობს ამ პირსახოცის დაჭერას. ამ დროს ყველა ირყევა, იძახიან "ფისი ფისის" და ყვირიან. თუ საშუალება მიეცა ზოგიერთი პირსახოცს "ებეს" ურტყამს და სხვას გადასცემს. "ებე" პირსახოცს ვისაც წაართმევს, ის ხდება ახალი "ებე". მსგავსი თამაშები ბევრია. მათ ცალკე თავს ვუძღვნით.
        ქართულ ოჯახებში გლოვა სამ დღეს გრძელდება. მეზობლებს ჭირისუფლის სახლში სამი დღის განმავლობაში საჭმელი მიაქვთ. დაკრძალვაზე მოსულებს სოფლელები სახლებში მასპინძლობენ. დაკრძალვისას ქალები მოსთქვამენ. დატირებაში დახელოვნებული ქალები მონაწილეობენ. მოხუცები ქართულად მოსთქვამენ. ქართული გოდება დღემდეა შემორჩენილი. მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ მის ნივთებს ახლობლებში იმის სახსოვრად არიგებენ. მიცვალებულის ოჯახში მე-7 და 52-ე დღეს მევლიდს კითხულობენ. ამ მევლიდზე მოსულ სტუმრებს საჭმელს და ტკბილეულს სთავაზობენ. იმ ოთახში, რომელშიც ადამიანი გარდაიცვალა ერთ ჭიქა წყალს დგამენ და ეს წყალი 40 დღის განმავლობაში დგას.
        სახლში თუ პეპელა შემოფრინდა ან პეპელა დააჯდა ოჯახის რომელიმე წევრს, ეს ნიშნავს, რომ იმ სახლიდან გასული მიცვალებულის სული "ფათიჰას" (ყურანის პირველი სურა) წაკითხვას ითხოვს. სულის სახლში შესვლისა ყველას სჯერა. სახლში პეპელას შეფრენა ოჯახში ანგელოზის შესვლად აღიქმება.
        თუ ბავშვი უკვე იმ ასაკშია, რომ უნდა იაროს, მაგრამ ეს არ შეუძლია, მას ორივე ფეხს თოკით უკრავენ და პარასკევ დღეს მეჩეთიდან პირველ გამოსულს ახსნევინებენ. 
        ახლშობილის ჭიპს მეჩეთისკენ აგდებენ, სწავლული გახდებაო. 
როგორც შემდეგი გვერდებიდან შეიტყობთ, ზოგიერთი ავადმყოფობისგან განკურვის მიზნით ქართულ ლოცვასაც კითხულობენ.  
        პირველ, ორ და სამ აპრილს სახლში არაფერი მიაქვთ. ამ დღეს "ბეთამი" ჰქვია. სჯერათ, რომ თუ პირველ დღეს სახლში შეშას ან სხვა რამეს შეიტან, იმ წელს სახლში გველი შევა, თუ მეორე დღეს მწვანილს შეიტან, სახლში წურბელები შევლენ. თუ მესამე დღეს ფქვილს გაცრი, იმ წელს ბევრი ბუზი იქნება.
Daha Fazla Haber