ეგება ერთ დღეს...
ეგება დადგეს ერთი დღეც,
გამოჩნდეს გოგო პაწია,
ამ ჩემს პატარა მიწაზე –
ამ სიწმინდეზე, რაც კია,
წამოწვეს დამიბზრიალდეს,
შარავანდედი დაიდგას.
ის ჩემი მოლი გახდება,
ჩემებრ ღრმა ფესვებს გაიდგამს.
იქნება ის დღეც მოვიდეს,
გამოგვეცხადნენ კატები –
პატარა ფისუნიები
და მათი თოთო თათები
შეეხებიან ჩემს მიწას.
გოგოც ჩაკოცნის მათ იმ წამს
ისეთი გზნებით, როგორაც
ერთ დროს კოცნიდა ჩემს მიწას.
ეგება ის დღეც დაგვიდგეს,
რომ კალიების კალომ
ამ ჩემს პატარა მიწაზე
ჯგუფ-ჯგუფად დაივანოს.
მოშინაურდნენ, გალაღდნენ,
მერე კი ერთი ურჩი
გრძელი ფეხებით მოხილავს
პატარა გოგოს ტუჩებს.
ეგება ის დღეც მოვიდეს, –
ამ კალიების მერე
ან ფისოებზე უწინ
პატარა მიწას ესტუმროს
კაცი, რომელიც ჩაკოცნის
პატარა გოგოს ვნებით
და ბედნიერნი გახადოს,
კნუტებიც, კალიებიც.
კატა, ბუ და შენ
კატა მეწყვილით იბადება და
თავს ადამიანს, თურმე, ამსგავსებს, –
შენმა ხელებმა მიამბეს ასე.
დედამიწისგან ნაბოძებ სულთქმას
ადამიანებს აძლევს ყველა ხე –
მე შენს ღიმილში ეს დავინახე.
სახლს რომ სახლობას ანიჭებს ქალი,
ვაშლის ჩაიზე ძალზე იოლად
ჩამიჩურჩულა ვაშლის ჩიორამ.
იესო ჯვარზე როდი გაუკრავთ, –
ბუთა სიცრუე ყოფილა ესე!
შაჰმერანია მოწმე ამისი!
ეს ყველაფერი იყო სიზმარი
და, როცა ღამეს დავშორდი, გული
ზარებზე დამრჩა დაკიდებული.
დამსხვრეული სასახლე
სამი დღე ცოცხლობს სიყვარული, ზუსტად სამი დღე!
გოგონას დღეა ნისლიანი ის დღე პირველი.
შუაღამისას გაიშლება ჩუმად დუმფარა,
მთვარეს მიწაზე მოაქვს ზეცა გასაკვირველი.
ჰო, სიყვარულის ხანგრძლივობა სამი დღე არის!
მეორე დღე კი, მარტოობის, ფისუნებს ერგოთ.
ის გრილი იყო, ქაფიანი, როგორც ზღვის წყალი,
უფრთო ეროსმა მოიტანა ორი ისარი...…
სამი დღე ცოცხლობს სიყვარული, სამი დღე მხოლოდ!
და მესამე დღეს კალიებმა, დარდით ავსილი,
გამწირეს მაინც, მიმატოვეს ბოლოს და ბოლოს.
ერთ მათგანს ფრთები ჰქონდა დასვრილი...
მეოთხე დღეს კი შურისგების სახელი ერქვა,
ატლასის ხანჯლით შენიღბული მიჩვენა სახე,
გადამითიბა თვალწარმტაცი ბავშვობის მდელო
და დაუნდობლად დამიმსხვრია ბროლის სასახლე.
ჯადოსნური ქვა და ფერია
ჯადოსნურ ქაზე ვიჯექი და ერთი ფერია,
სიცივისაგან ფაფუკი რომ ჰქონდა ხელები,
ზღაპრიდან უცებ რომ მეახლა დიდი კირთებით,
ცეკვავდა იგი ჩემს ხელებში თავდავიწყებით
და სიგიჟემდე კეკლუცობდნენ მისი თითები.
ყინულთა წყება გასაგებად ხდიდა მის სიტყვებს,
მისი ტიტკტიკი ჩიტუნების იყო გალობა.
მუხლისთავებზე დავუპირე კოცნა და გჯერათ? –
არ მაპატია შეცოდება, ცრემლთა ირმებით
ეს წამიერი ჯადოქრობა გააცამტვერა...
სენას თბილისზე არ ჩაუვლია
სენას თბილისზე არასოდეს არ ჩაუვლია,
ქართული მიწა არ უხილავს არც დღით, არც ღამით,
მაგრამ შენსა და ჩემსავით ხომ მოღალავს მტკვარი,
ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ თავს გვიხრის ეშხით, –
შენგან გამოდის და უმალვე იღვრება ჩემში.
ამ ხიდს არა აქვს საძირკველი, არცერთი ბურჯი,
დღეს მტკვარზე ხიდად გადებული შენი თმებია.
მიდი-მოდიან თბილისლები და სიხარულით
ჩვენი სულები ნაპირებზე ძეგლად ჯდებიან, –
არც ერთმანეთის ესმის ვინმეს, არც – სიყვარულის...
ვერ გაგვიგია, თმებზე რომ ვართ დაკიდებულნი,
არც ხიდმა იცის და გავყურებთ ახლა მთაწმინდას.
აპრილის ღამეს სიყვარული სწყურია წრფელი, –
მშობელ მიწაში დავივანოთ, ახლა ეს გვინდა.
ქართველ გოგონებს ტრფიალების შეპყრიათ სენი...
სენას არასდროს ჩაუვლია თბილისის კართან,
არ მოუხილავს დარდით სავსე მიწა ქებული.
არც შენ გინახავს სენა, არც მე – კასპიის ზღვა და
ზეცისკენ ვილტვით სიყვარულის ცეცხლით გზნებულნი, –
ზაფხულის ღამით შენს თმებზე ვარ დაკიდებული...
სენას ტკივილი მიტომ უვსებს ღრმა გულის ფიცარს,
კიდით კიდემდე არ უხილავს ქართული მიწა.
თარგმნა: თინა შიოშვილმა
"ჟურნალ ჭოროხი" - ნოვემბერი-დეკემბერი, 2009 წ.