"ისტორიკოს ბეჟან ხორავას ნაშრომი“

"ისტორიკოს ბეჟან ხორავას ნაშრომი“

ისტორიკოს ბეჟან ხორავას ნაშრომი “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”


        გამომცემლობა “არტანუჯმა“ გამოსცა ისტორიკოს ბეჟან ხორავას ნაშრომი “აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა”.
        მუჰაჯირობა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა აფხაზი და კავკასიის სხვა ხალხების ისტორიაში. მეცხრამეტე საუკუნეში კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის, ძირითადად იძულებითი, გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში, რომელიც მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი, დაკავშირებული იყო კავკასიის ომებთან, რასაც რუსეთი კავკასიის დასამორჩილებლად აწარმოებდა.
       რუსეთის ხელისუფლებას სურდა დაუმორჩილებელ მთიელთა თურქეთში გადასახლებით მიეღწია პოლიტიკური სიმშვიდისათვის ამ მხარეში, გამოთავისუფლებული ტერიტორიები გამოეყენა ფართო კოლონიზაციისათვის და ესარგებლა რეგიონის ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობით.
        1859 წელს რუსეთის მიერ ჩრდილო აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ათასობით ჩეჩენი და დაღესტანელი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. შემდგომში გადასახლების პროცესმა დასავლეთ კავკასიაც მოიცვა, სადაც კულმინაციას მიაღწია 1863-1864 წლებში. დასავლეთ კავკასიის ტომები, ადიღეელები (ჩერქეზები) უბიხები, აბაზები მასიურად გადასახლდნენ თურქეთში  და იმპერიის სხვადასხვა მხარეს მოედვნენ ბალკანეთიდან ახლო აღმოსავლეთამდე.
        მუჰაჯირობის პროცესმა აფხაზეთიც მოიცვა. 1867 წელს განხორციელდა პირველი მასობრივი გადასახლება თურქეთში. სამშობლო დაახლოებით 20 ათასმა აფხაზმა დატოვა.
        ბეჟან ხორავას ნაშრომში, კავკასიის ომის (1817-1864წ.წ.) ფონზე განხილულია რუსეთის მფლობელობის განმტკიცება აფხაზეთში, ცარიზმის კოლონიზატორული მიზნები, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის მიზეზები, მსვლელობა და საინტერესო ისტორიული დოკუმენტი – აფხაზ მუჰაჯირთა სია.
ნაშრომს ერთვის 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სია და სათანადო ფოტომასალა.
        ბეჟან ხორავას წიგნი კარგი შენაძენი იქნება კავკასიელი მთიელების და აფხაზების მუჰაჯირობის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

Daha Fazla Haber