ინტერვიუ: ბესარიონ გუგუშვილი

ბესარიონ გუგუშვილი

ბესარიონ გუგუშვილი



13 Ağustos 2016, 16:27

1. თუ შეიძლება, მოკლედ გაეცანით “ჩვენებურის” მკითხველს.

ვარ 57 წლის. დავამთავრე თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი - თურქეთის ისტორიის სპეციალობთ. მანამდე ვსწავლობდი აგრეთვე ეკონომიკის ფაკულტეტზე - ფინანსებსა და კრედიტს. შემდეგ დავიცავი დისერტაცია თურქეთის მრეწველობის განვითარების შესახებ. 1971-1989 წლებში ვასწავლიდი თბილისის უნივერსიტეტში. 1972-1990 წლებში ვმუშაობდი მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში. ასე, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი აკადემიურ კარიერას მოვანდომე.
1990 წელს დამნიშნეს საქართველოს სახელმწიფო კინოკორპორციის პრეზიდენტად და კულტურის მინისტრის მოადგილედ. 1991 წელს დამნიშნეს საქართველოს პრემიერ მინისტრად. 1993 წელს ვიყავი აგრეთვე ჩეჩნეთის მთავრობის წევრი - სახელმწიფო სტატისტიკური დეპარტამენტის უფროსი და ჯოჰარ დუდაევის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

პაატა გუგუშვილის ოჯახი2. როგორ გაიცანით ზვიად გამსახურდია?

ჩემი მშობლები კონსტანტინე გამსახურდიას და ქალბატონ მირანდას დიდი ხნის ახლო მეგობრები იყვნენ და მაგალითად მათს ქორწინებაზე იყვნენ მიწვეული მოწმეებად. ისე - რომ ბატონ ზვიადს ბავშვობიდანვე ვიცნობდი და ვმეგობრობდი - თუმცა ჩემზე უფროსი იყო.

3. რას გვეტყვით მის შესახებ?

ზვიად გამსახურდიას და ჯოჰარ დუდაევს მე კავკასიის ყველა დროის უდიდეს რაინდებად და გმირებად ვთვლი და დარწმუნებული ვარ რომ კავკასიის ხალხები ამას მომავალში ერთთავად სწორედ ასე მიიღებენ. მე არ მინდა მათი დაშორება. ისინი ერთად უნდა მოვიხსენიოთ. ისეც უნდა მომხდარიყო, რომ ეს ორი გმირი ერთმანეთს შეხვედროდა და დამეგობრებულიყო. ამით მათ საერთოდ კავკასიური მოდგმის მეგობრობის განახლებას ჩაუყარეს საფუძველი.

4. თქვენი აზრით, რა შეცდომები დაუშვა, რომლებმაც ტრაგიკულ შეცდომამდე მიიყვანა?

ნუ აყვებით ანტიქართული იდეოლოგიისა და პროპაგანდის ტალღას, კა-გე-ბეს მონაჭორებსა და ბინძურ მონაჩმახებს. 
არავითარი შეცდომები პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არ დაუშვია. მისი ხელისუფლება სწორედ იმიტომ დაამხეს, რომ შეცდომებს არ უშვებდა და საქართველო მტკიცედ მიჰყავდა დამოუკიდებლობისაკენ და დემოკრატიისაკენ. 
დაამხეს იმიტომ, რომ ხალხს ერთგულად ემსახურებოდა. დაამხეს კრიმინალებმა და საქართველოს მტრებმა, რომლებმაც მას შემდეგ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანეს - სულ პირადი გამდიდრებისა და ანგარების მიზნით.
თუ გნებავთ სინამდვილეში გაერკვეთ - მთავარი ყურადღება დაუთმეთ, შეისწავლეთ, წერეთ და ილაპარაკეთ იმ უდიდეს მიღწევებზე - რომელიც საქართველოსა და ქართველ ხალხს ზვიად გამსახურდიას სახალხო და ეროვნულმა ხელისუფლებამ მოუტანა. 
დასვით კითხვა - რატომ არ უნდათ საქართველოს მტრებს ილაპარაკონ და წერონ ამ მიღწევებზე? განა დამოუკიდებლობა საქართველოში თავისთავად მოვიდა? თუ საქართველო დამოუკიდებელი შევარდნაძის კრიმინალურ-კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა გახადა? 
დასვით კითხვა ასე - რატომაა რომ როდესაც საქმე გამსახურდიას ეხება უნდათ მის შეცდომებზე ლაპარაკი - ხოლო, როდესაც საქმე მის მტრებს ეხებათ - სულ მათს ვითომ დამსახურებასა და მიღწევებზე ლაპარაკობენ? პროპაგანდა...

ბესარიონ გუგუშვილი - ალლა დუდაევა (სტამბოლი)5. რამდენ ხანს იყავით პრემიერმინისტრი და ამ ხნის განმავლობაში რა გააკეთეთ?

საკუთრივ თბილისში - პრემიერ მინისტრის ოფისში ოთხი თვე დავყავი - აქედან სრული ერთი თვე პუტჩები მიმდინარეობდა... 
მთავარია რა არ გავაკეთე: არ მომიპარავს! ქრთამი არ ამიღია! არაფერი არ მიმითვისებია და არ დამიპრივატებია! არც სხვებისათვის მიმიცია ამის შესაძლებლობა - რამდენზეც ხელი მიმიწვდა. სხვა ასეთი მაგალითი იცით? 
გაკეთების მხრივ კი ძალზე ბევრი რამ მოვახერხეთ - თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.
საჭიროა შეგახსენოთ - პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების არავითარი ლეგალური დოკუმენტი არ არსებობს... თუ იცით ასეთი დოკუმენტის არსებობაზე - დავალებული ვიქნები მისამართს მიმითითებთ ან თუ მომაწვდით...

6. პარლამენტის შიგნით არსებული განხეთქილების უკან, რომელიც გამსახურდიას საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, ვინ იდგა? შევადნაძე? რუსეთი?

დავიწყოთ იქიდან თუ რატომ გახდა თურქეთი ნატოს წევრი? პასუხი - იმიტომ გახდა რომ რუსეთის ანუ საბჭოთა კავშირისა ეშინოდა. ესე იგი საბჭოთა კავშირი თურმე საშიში და ვერაგი იმპერია ყოფილა. ზვიად გამსახურდიას მთავრობამ ამ ვერაგ და სასტიკ იმპერიას დაუწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის! როგორ გგონიათ ამისათვის ზვიადს საბჭოთა რუსეთი ვარდ-ყვავილებს მიართმევდა? სწორედ ისევე - როგორც ჩეჩნეთის სახალხო ხელისუფლებას... განა ჯოხარ დუდაევის დროინდელ ჩეჩნეთში ომი იჩკერიის პარლამენტში განხეთქილების გამო დაიწყო? თუ გროზნი - ჯოჰარ-ღალი ჩეჩნეთის პარლამენტში არსებული განხეთქილების გამო გაასწორა მიწასთან ”დემოკრატიულმა” რუსეთმა? რატომ გინდათ რომ თავი მოიტყუოთ?
თუ სიმართლე გინდათ - 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო საქართველოს განმათავისუფლებელი ომი საბჭოთა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, სამამულო ომი - ომი დიდი, სისხლიანი და ძნელი. ამ ომში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, დაიღუპა 45 ათასზე მეტი ქართველი და სწორედ ამ ომისავე ნაწილი იყო 1991-1992 წლების პუტჩი.
არავითარი საქართველო-აფხაზეთის ომი არ ყოფილა. იყო რუსეთ საქართველოს ომი აფხაზეთისათვის! არავითარი საქართველო-ოსეთის ომიც არ ყოფილა. იყო რუსეთ-საქართველოს ომი სამაჩაბლოსათვის! აფხაზეთის მოსახლეობასაც და სამაჩაბლოს მოსახლეობასაც დღეს რუსული პასპორტები აქვთ!!!
ამავე დროს დაიწყო რუსეთ-კავკასიის ომი, რომელიც დღესაც გრძელდება. საქართველო დღესაც რჩება ოკუპირებულ ქვეყნად - რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ, რომელის საქართველოდან გაყვანა რუსეთს არაფრით არ უნდა. და ამ არმიას საოკუპაციო არმიის სტატუსი სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ მიანიჭა! და სწორედ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არის ერთად ერთი ხელისუფლება - რომელმაც სცნო ჩვენი გმირი ძმების, ჩეჩნების დამოუკიდებლობა... დარწმუნებული ვარ - მომავალში როდესაც ჩეჩნეთი დამოუკიდებელი გახდება - ჯოჰარ-ღალში ზვიადის დიდი ძეგლი იდგმება!
თქვენ კი - პარლამენტის განხეთქილებებიო... შევარდნაძეო... ნუ დაწვრილმანდებით გეთაყვა...

ჯოხარ დუდაევ7. შევარდნაძის 11 წელს როგორ შეაფასებდით?

სამწუხაროდ - ისევ პროპაგანდისა და სიყალბის გავლენაა თქვენს შეკითხვაში... რატომ 11 წელს და არა 30 წელს? მოდით ცოტა არითმეტიკას მივხედოთ. შევარდნაზე საქართველოში ბატონობს 1972 წლიდან ანუ თითქმის სრული 30 წელია (მხოლოდ 1,5 წელი იყო მოსკოვში). ესე იგი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ღირსებია ქვეყნის სხვა მმართველი გარდა შევარდნაძისა. იმას ვინც ახლა 45 წლისაა ან უფრო ახალგაზრდაა (ანუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი) - მათ ქვეყნის სხვა მმართველი არც ახსოვთ (ზვიადი პრეზიდენტის ოფისში თბილისში იყო მხოლოდ 9 თვე).
თითქმის არც ერთ მეფეს საქართველოს ისტორიაში ამდენ ხანს არ უმეფია -- გესმით? მ-ე-ფ-ე-ს! თქვენ კი -- 11 წელიო...
ამ ასპექტში მხოლოდ ერთს გეტყვით - დიდ საიდუმლოს! დასავლეთში უყვართ წერა და ლაპარაკი იმაზე, თითქოს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრი, ამხანაგი შევარდნაძე ებრძოდა კორუფციას... კომუნისტური პარტიის იმ დროინდელ დოკუმენტებს თუ წაიკითხავთ - სულ სხვა რამეს გაიგებთ! იმ დოკუმენტებში წერია - რომ შევარდნაძე ებრძოდა - ციტატა: ”კერძომესაკუთრულ ტენდენციებს საქართველოს ეკონომიკაში”! გესმით? მიხვდით? დიახ! შევარდნაძე ებრძოდა არა კორუფციას (იგი თვითონ იყო და არის კორუფციის მამა საქართველოში) - არამედ ებრძოდა კერძო კაპიტალიზმის ჩანასახებს, კლავდა კერძო ბიზნესის ჩანასახებს, ახრჩობდა პრივატიზების ჩანასახებს - რომლებიც სტიქიურად დაიწყო! რომელიც სოციალისტური სისტემის ლპობასთან ერთად - თავისთავად, ბუნებრივად დაიწყო როგორც კაპიტალისტური, ბურჟუაზიული რევოლუცია ქვემოდან...

8. 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ, “აბრეშუმის გადატრიალების” სახელით ცნობილ მოვლენებს, როგორ შეაფასებდი?

შეგისწორებთ - ამ გადატრიალებას ფართოდ „ვარდების რევოლუციას“ უწოდებენ. ჯერ-ჯერობით ეს არის ტიპობრივი ”რევოლუცია ზემოდან”. ამ რევოლუციის უკლებლივ ყველა ლიდერი შევარდნაძის რეჟიმის ნაწილები არიან. ხვლიკმა იცის - როდესაც საშიშროება მოელის - კუდს მოიწყვიტავს ხოლმე. რომ, მტრის ყურადღება კუდმა მიიპყროს და თითონ ხვლიკი კი გადარჩეს. ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხვლიკის კუდი შევარდნაძე და კიდევ რამდენიმე - რეჟიმის ყველაზე საძაგელი წევრი გახდება.
დრო დაგვანახებს გადაიზრდება ეს ყველაფერი ნამდვილ დემოკრატიულ, სახალხო, ეროვნულ რევოლუციაში თუ არა - მე პირადად ძალზე მეეჭვება... ისე კი გაგახსენებთ: „ვარდი უეკლოდ არავის დაუკრეფია“. არსებითად ცოტა იმედი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მაქვს - სულ ცოტა...

9. თქვენი აზრით, დღეს ვინ ან ვინეები შეძლებენ საქართველოს სწორ გზაზე დაყენებას?

ზოგადად და საყოველთაოდ სწორ გზაზე დამყენებელი ყოველთვის და ყოველ დროში ერთი იყო, არის და იქნება... ხალხის მხრივ კი ზნეობა, კეთილშობილება, პატიოსნება, სიყვარული - რწმენა. ყველაფერი ეს ქართველ ხალხში ვერ მოსპეს, ვერ ამოშანთეს და სწორედ ეს იძლევა იმედს.

ზვიად გამსახურდია10. თქვენი აზრით, ვინ უნდა იყოს საქართველოს გვერდით მდგომი სუპერ-ძალა – რუსეთი თუ ამერიკა?

საიდან მოიტანეთ, რომ რუსეთი ზესახელმწიფოა? რა პარამეტრებით? დღევანდელი რუსეთი ეკონომიკური განვითარებითა და პოტენციალით დაახლოებით ისეთივე სახელმწიფოა როგორც პაკისტანი, ინდონეზია ან ბრაზილია - და თუ შიმშილით არ იხოცებიან, ეს მხოლოდ ნავთობის მაღალი ფასების შედეგია. ის რამდენიმე ათასი ატომური ჭურვი კი, რომელიც მას საბჭოთა იმპერიისაგან ერგო - მალე დაძველდება და გადაიყრება... 20-25 წელიწადში საქართველოს მოსაზღვრე დიდი და სულ უფრო მზარდი ძალა კი ალბათ ჩინეთი იქნება...

11. თქვენი აზრით, რუსეთი და ამერიკა საშუალებას მისცემენ საქართველოს არსებობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის? რუსეთი და ამერიკა როგორი სექერთველოს მომხრენი არიან? ღუსეთი აფხაზების, ოსებისა და სომხების პროვოცირებით საქართველოს განადგურებას ცდილობს? თქვენი აზრით, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულ მართვად სახელმწიფოდ არსებობის უფლებას მისცემს; იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამას არ დათანხმდება და ნატოში შესვლასა და ევროპაში ინტეგრაციას მოინდომებს, არსებობაში ხელს შეუშლის?

მე არა მგონია, რომ ნატოში შესვლასა და ევროპაში ინტეგრაციას ნებაყოფილობითი ხასიათი ჰქონდეს - ეს მხოლოდ ნებაყოფილობის მოჩვენებაა. სინამდვილეში კი ხდება რუსეთის საბჭოთა იმპერიის კოლლაპსი და მას ტერიტორიებსა და სახელმწიფოებს ართმევს (ნებისთ თუ ძალით) დასავლეთის სახელით ცნობილი უახლესი ტიპის იმპერია... საბოლოოდ თვითონ რუსეთსაც ეს დასავლური იმპერია გადაყლაპავს - ისტორიული თვალსაზრისით ძალიან მალე. მე წამიკითხავს რომ ოსმალეთი ავსტრიის დედაქალაქის ვენის აღებას ცდილობდა... ბრიტანეთის ომპერიაში კი მზე არასოდეს ჩადიოდა... დრონი მეფობენ! იმპერიაები იბადებიან, იზრდებიან, მერე კი კნინდებიან და კვდებიან.

12. როგორ შეაფასებდით საქანთველო – თურქეთის ურთიერთობას?

სულ მალე, დიდი-დიდი 10-15 წელიწადში საქართველო და თურქეთი ერთი ახალი დიდი საბჭოთა კავშირის წევრი მოკავშირე რესპუბლიკები გახდებიან და მათი მთავრობა ბრიუსელში იქნება. მათ ექნებათ ერთი ფული, ერთი პასპორტი, ერთი არმია... ადგილობრივი პრეზიდენტები და პარლამენტები კი ფაქტობრივად პროვინციულ ხელისუფლებებად გადაიქცევიან. მოკლედ - საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ისეთი იქნება, როგორსაც ამას ბრიუსელი და ვაშინგტონი დაგეგმავს. საქართველოსა და თურქეთის ასეთი დაახლოება და თურქეთის შემდგომი დემოკრატიზება (რაც გარდუვალია - თუ არა და აგერაა იუგოსლავიის მაგალითი) კი უკეთეს საფუძველს შეუქმნის ქართველების და ქართველობის კულტურულ გაერთიანებასა და განვითარებას.

ლია გუგუშვილი - ბესარიონ გუგუშვილი13. რას გვეტყვით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე? საერთოდ, საქართველოს მომავალზე როგორი პროგნოზები გაქვთ?

აფხაზები ჩვენი უახლოესი ნათესავები და ძმები არიან. თუ თურქული მოდგმის ხალხები მეგობრობენ, თუ ირანული მოდგმის, სლავური მოდგმის და სხვა ასეთი ხალხები მეგობრობენ - კავკასიური მოდგმის ხალხებმა - ქართველებმა და აფხაზებმა რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ ეს? აფხაზების წინაშე ისეთივე და უფრო საშიში დემოგრაფიული და ასიმილაციის საშიშროება დგას, როგორიც ქართველების, ჩეჩნების, ინგუშების, დაღესტნელების და სხვა კავკასიური მოდგმის ხალხების წინაშე. ჩვენ ჩვენი თავის გადარჩენას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ. ალბათ მალე ამას ყველა მიხვდება.

14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობა თბილისისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს. აჭარის მმართველობას თბილისისაგან გამოყოფა სურს? რას ფიქრობთ აჭარის მმართველობაზე, აჭარელ ხალხზე და აჭარის მომავალზე?

აჭარის ხელისუფლება ტიპობრივი პროვინციული ხელისუფლებაა, დროში საკმაოდ ჩამორჩენილი - მას მალე აუხსნიან ”თამაშის” ახალ წესებს... იქაური ხელმძღვანელობა ცოტას ივაჭრებს და მერე ”ძალა აღმართს ხნავს”... ბოლოს კი მათაც გადააგდებენ, დაამხობენ - ასეთია მოვლენათა ლოგიკა. აჭარლები კი ქართველი ხალხის ერთ-ერთი შესანიშნავი, დიდებული და განუყოფელი ნაწილია - მას ისეთივე მომავალი ექნება როგორც დანარჩენ საქართველოს. აჭარა საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა...

15. თქვენი აზრით, საქართველომ ავტონომიური რესპუბლიკები უნდა გააუქმოს და უნიტარული სახელმწიფო გახდეს? თუ ავტონომიური სტატუსი არ უნდა გააუქმოს? ან აფხაზეთსა და ოსეთს გამოყოფის უფლება უნდა მისცეს და სახელმწიფო დააპატარაოს?

კონსტანტინე გამსახურდია - პაატა გუგუშვილისაქართველომ აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობაც რომ მისცეს - როგორ გგონიათ ამას მსოფლიო სახელმწიფოები სცნობენ? გახდება აფხაზეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი? ნუ ვიქნებით ასეთი მარტივად მოაზროვნეები.
მეორე მხრივ - როგორ გგონიათ, დასავლეთი ახლა რუსეთს ტერიტორიების გაფართოების უფლებას და საშუალებას მისცემს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხარჯზე? ასე ახლოს ვინ მიუშვებს რუსეთს სანუკვარ ნავთობის მილთან? მალე აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც ნატოსა და ამერიკის ჯარები იდგებიან... ისევე - როგორც საქართველოს ჯარია ახლა ერაყში...
ნახეთ რა ხდება მოლდავეთში - ისიც ხომ საქართველოს მსგავს მდგომარეობაში იყო? რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი „დამოუკიდებელი პროდნესტროვიეო“, „დამოუკიდებელი გაგაუზიაო“... მორჩა... ჩაბარდა ისტორიას!
პირადად ჩემი ნება რომ იყოს საქართველოს ისევ დავუბრუნებდი პირობითად საერისთავოების მსგავს სტრუქტურას. ამ საერისთავოების რიცხვში იქნებოდნენ კახეთიც, ქართლიც, აჭარაც, აფხაზეთიც, სამურზაყანოც... რაღაცა გონიერი და მოზომილი ფედერალური სისტემა მაქვს მხედველობაში - საშუალოზე უფრო ძლიერი ცენტრის არსებობისას.

16. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე რა წინსვლები და განვითარება მოხდა?

წინსვლა? განვითარება? თუმცა რატომ არა - მმართველმა კლასმა დიდი სასახლეები აიშენა, ძვირიანი მანქანები იყიდა, მათი შვილები ოქსფორდში და კემბრიჯში იწვრთნებიან... მათი ცოლები უძვირფასეს პარიზულ ტანსაცმელს იცვამენ, შვეიცარიის ბანკებში დიდი ფული გადამალეს... ძალიან წინ წავიდნენ და განვითარდნენ... კიდევ - კალენდარი სულ წინ და წინ მიდის - არ ჩერდება... წელი - წელს ემატება.

17. საქართველოს ხალხი უმუშევრობასა და სიღარიბეშია. ამ მდგომარეობაში ხალხი კიდევ რამდენ ხანს გაძლებს? გჯერათ თუ არა, რომ სახელმწიფო შეძლებს უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემის გადაჭრას?

პაატა გუგუშვილის - ზურაბ გუგუშვილის ბადიშიუფრო დიდი გაჭირვებაა ჩეჩნეთში, ავღანეთში კი 35 წელია განუწყვეტელი ომია - ამის მიუხედავად ავღანეთში ყველაზე მაღალია მოსახლეობის ზრდის ტემპები. ყველაფერი შედარებითია... ასეთ და კიდევ უარეს მდგომარეობაშიც ქართველი ხალხი გაძლებს თუ მომავლის რწმენა და საბოლოო გამარჯვების იმედი ექნა. 
სახალხო სახელმწიფოს ძალუძს გადაჭრას ნებისმიერი ეკონომიკური პრობლემა - ეკონომიკა ისეთივე ძველი გამოგონებაა როგორიც კაცობრიობაა. აქ არაა საჭირო ველოსიპედის გამოგონება - მთავარია სახელმწიფო ხალხის მტრის, ყაჩაღებისა და მძარცველების ხელში არ იყოს.
საერთოდ - განა ადამიანს ბევრი უნდა - რომ ბედნიერი იყოს? თუ შურს დასძლევს?

18. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკის, მრეწველობის, სახელმწიფო შემოსავლის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის განვითარებისათვის?

არის ამისი საკმაოდ მარტივი, მარვალგზის გამოცდილი და სანდო ხერხები და მეთოდები. მთავარია არ იყოს მტრული ხელისუფლება... მოღალატე ყაჩაღების ძალაუფლება...

19. თქვენი აზრით, მომავალ წლებში ვიხილავთ პრობლემებგადაჭრილ, ძლიერ საქერთველოს?

ახლა საქმე ქართველი ერის, ქართული ცივილიზაციის გადარჩენაზეა... ყოფნა-არყოფნაზეა... დანარჩენი კი მერე გამოჩნდება. ძალზე ძნელი ბრძოლა მიმდინარეობს... საქართველოს, ქართველობას არ პატიობენ მოჯანყეობას, რუსეთის იმპერიის დანგრევას და დამოუკიდებლობის პრეტენზიას. მსოფლიოს არ უყვარს დაუმორჩილებლობა და ნამდვილი დამოუკიდებლობა! არ უყვარს მოჯანყეები...

20. საქართველოს მოსახლეობა თანდათან მცირდება. მიგრაცია გრძელდება. ეს სიტუაცია უკვე საშიშროების ზღვარს აღწევს. ამ საკითხზე რას გვეტყოდით.

არსებითად საქართველოს წინაშე მხოლოდ ერთ დიდ პრობლემას ვხედავ - ესაა დემოგრაფიული პრობლემა, დეპოპულაციის პრობლემა. შევარდნაძის კრიმინალურ-კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა სწორედ ამ მხრივ მიაყენა უდიდესი და გამოუსწორებელი საშინელი ზიანი საქართველოს. ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს 10 წელიწადში მოსახლეობის 20 პროცენტი დაეკარგოს... ყველაზე დიდი ომების დროსაც კი... შევარდნაძის კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა არსებითად ქართველი ხალხის გენოციდი მოაწყო... უახლოეს ხანში ვერავითარ სანუგეშოს ვერ ვხედავ - სამწუხაროდ.

21. რა უნდა გაკეთდეს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრები ქართველების საქართველოში დასაბრუნებლად და საჭიროა თუ არა ორმხრივი მოქალაქეობა?

განა ”იქ” წასული და მოწყობილი ვინ დაბრუნებულა? იტალიელი? ირლანდიელი? თურქი? სხვა საკითხია, რომ ახლა არსებობს კონტაქტების უდიდესი საშუალებები - მაგალითად ფინეთში მცხოვრები ქართველობა წელიწადში ერთხელ მაინც ჩადის საქართველოში. ინტერნეტი, სატელიტური ტელევიზია თითქოს იძლევიან საშუალებას უცხოეთში მცხოვრები ქართველი არ მოსწყდეს სულიერად საქართველოს და რაღაცნაირად ისევ საქართველოს ნაწილად დარჩეს. ეს დამაიმედებელია.

კონსტანტინე გამსახურდია - პაატა გუგუშვილი22. იქედან გამომდინარე, რომ საქართველო და თურქეთი მეზობელი ქვეყნები არიან, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქართველების საქართველოში მიმოსვლის გასაადვილებლად რა უნდა გაკეთდეს?

საერთოდ, ისე შეიძლება მოხდეს, რომ ქართული ჯიშის, გენის დიდი ან უდიდესი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკაში აღმოჩნდეს (თუ უკვე ასე არაა). თურქეთის ქართველობამ უნდა ისწავლოს დასავლური დემოკრატიების იმ ინსტიტუციებისა და ორგანიზების ხერხების გამოყენება - რომელიც კულტურებისა და კულტურული ურთიერთობების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად გამოდგებიან. დიდი ქართული მამულიშვილობა სწორედ ახლა მართებთ თურქეთში მცხოვრებ ქართველ ფულიან ადამიანებს - რათა ამას ფინანსური საფუძველი შეუქმნან - ღვთისა და ერის წინაშე ისინი ამაზე უკეთეს საქმეს ვერ გააკეთებენ.
მაგრამ, ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა ივარგოს - იზრუნოს ქართული კულტურის ექსპორტზე და განმტკიცებაზე თურქეთში.

ჩვენებურის” სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსათვის. 

წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს!

პასუხების გადამთარგნელი : ლელა დადიანი







 
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.