ოსმალეთის იმპერიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის აღწერას. იგი უმთავრესად დაკავშირებული იყო დაპყრობით ომებთან და დაპყრობილი ქვეყნის გადასახადებით დაბეგვრასთან, რადგანაც ოსმალეთის სახელმწიფოს შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობისა და მათი რესურსების ექსპლუატაცია წარმოადგენდა. ამ მიზნით ოსმალები ადგენდნენ დავთრებს, სადაც აღწერილი იყო ესა თუ ის რეგიონი, მასში შემავალი ყველა სოფელი თუ დასახლებული პუნქტი, მისი მოსახლეობა, დასამუშავებლად ვარგისი მიწები, საძოვრები, მიწისმფლობელობის პირობები (თიმარი, ზეამეთი, ხასი), მოსახლეობაზე დაწესებული ყველა სახის გადასახადი და სხვ. დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ქვეყნის აღწერები ოსმალეთში შეწყდა მას შემდეგ, რაც სულთნებს აღარ ძალუძდათ დაპყრობითი ომების წარმოება და იმპერიის ახალი ტერიტორიებით გაფართოება (12.23).
ოსმალური აღწერის დავთრები მდიდარ და მრავალმხრივ საინტერესო მასალას შეიცავენ ზოგადად ოსმალეთისა თუ მისი ცალკეული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, კულტურული ყოფის, ისტორიული გეოგრაფიის, დემოგრაფიული მდგომარეობისა და სხვათა განსახილველად (10.426).
ოსმალეთის იმპერიაში „დავთრები“, ისევე როგორც ფისკალური თვალსაზრისით შედგენილი სხვა დოკუმენტები, სიაკათის ურთულესი ხელით იწერებოდა. თავად სიაკათი წარმოადგენდა ერთგვარ საიდუმლო ხელს, რომლის გაშიფვრაც გარეშე პირებს, ანუ არასპეციალისტებს არ შეეძლოთ. მისი ამოკითხვა დიდ სიძნელეებთან იყო და არის დაკავშირებული.
XVI საუკუნის 60-იან წლებში, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებთან ერთად, ოსმალებმა მდინარე აჭარისწყლის ხეობაც დაიპყრეს და აქ საკუთარი ხელისუფლების დამყარებას შეეცადნენ. როგორც წესი, მოხდა ხეობის აღწერა და ადგილობრივი ადმინისტრაციულ-მმართველობითი სისტემის შექმნა, რის შემდეგაც აღნიშნული ტერიტორია ოსმალეთის იმპერიაში აჭარის ლივის (იგივე სანჯაყის) – ანუ სადროშოს სახით იქნა გაერთიანებული (11.146-158).
სულთან სელიმ II-ის (1566-1574 წწ.) დროს შედგენილი ‘ზემო აჭარის ლივის დიდი დავთარი“ (შემდეგ – უბრალოდ „დავთარი“) ოსმალთა მიერ აჭარის აღწერის პირველ დოკუმენტს წარმოადგენს. იგი მოიცავს როგორც ზემო, ისე ქვემო აჭარას. ,,დავთარში“ ზემო და ქვემო აჭარა ცალკეულ ნაჰიეებად (რაიონებად) არის დაყოფილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხალხის აღწერის დიდი დავთრები მრავალმხრივ საინტერესო წყაროს წარმოადგენს ამა თუ იმ რეგიონის წარსულის მრავალი საკითხის შესასწავლად. ამჯერად, ჩვენ „ზემო აჭარის ლივის დიდ დავთარს“ განვიხილავთ როგორც წყაროს აღნიშნული პერიოდის აჭარისწყლის ხეობის ტოპონიმიკისა და დემოგრაფიული მდგომარეობის განსახილველად.
„დავთარში“ დასახელებულია ხეობის ყველა სოფელი რაიონის (ნაჰიეს) აღნიშვნით, რასაც მოჰყვება მოცემულ სოფელში დასახლებულ კომლთა უფროსების სია. იმდენად, რამდენადაც საქმე ეხებოდა დაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობის გადასახადებით დაბეგვრას, ეჭვგარეშეა, რომ აღწერილია ყველა დასახლებული პუნქტი, ანუ დასაბეგრი ობიექტი. არ არის გამოტოვებული უმცირესი პუნქტიც კი (ერთკომლიანი, ორკომლიანი) (14.4,10,18). მეტიც, მასში, ჟამთა სიავის გამო მოსახლეობისაგან დაცლილი სოფლებიც არის აღწერილი (14.4,10,11,12,17,18).
ძალიან ხშირად ამა თუ იმ პატარა, ნაკლებად ცნობილი სოფლის აღწერისას, მითითებულია მისი მდებარეობა უფრო მსხვილ გეოგრაფიულ პუნქტებთან, რაც უფრო აადვილებს როგორც მისი ადგილმდებარეობის, ისე სახელწოდების განსაზღვრას.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ოსმალურ ტრანსკრიფციაში ქართული სახელები იმდენად არის შეცვლილი, რომ მათი პირვანდელი სახის აღდგენა დიდ დაკვირვებასა და ადგილის ტოპონიმიკის ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვს. ასეთ შემთხვევებში სხვადასხვა ენის ფონეტიკური განსხვავებულობით შეპირობებული მეტნაკლებობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იჩენს თავს (1.24).
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ სიაკათის დამწერლობაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არ გამოიყენებოდა ტრანსკრიფციული ნიშნებისათვის დართული წერტილოვანი ნიშნები, რომლებსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს არაბულ დამწერლობაში. ეს გარემოება აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ჩვენს მიერ ქვემოთ გადმოცემული არაბული ტრანსკრიფციის ამოკითხვის დროს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორ შეიძლებოდა აღექვა „დავთრის“ შემდგენელ უცხოელ, ამ შემთხვევაში, ოსმალო მოხელეს, ამა თუ იმ ქართული სოფლის სახელწოდების ჟღერადობა და როგორ გადაიტანდა მას ოსმალურ ტრანსკრიფციაში. აღნიშნული გარემოებები ძალზედ ართულებს ტოპონიმთა ზუსტ ამოკითხვას და ადვილი შესაძლებელია, რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად სხვა, ანუ ნამდვილისაგან განსხვავებული სახელწოდება მივიღოთ.
„დავთარში“ დამოწმებული სოფლების სახელწოდებათა დადგენაში უაღრესად დიდი დახმარება გაგვიწია თედო სახოკიასა (6) და ზაქარია ჭიჭინაძის (13) მიერ მოგზაურობის დროს გადმოცემულმა აჭარის სოფელთა ჩამონათვალებმა და აგრეთვე, თანამედროვე მკვლევართა – იური სიხარულიძის (7; 8), შოთა მამულაძის (3), მიხეილ ქამადაძის (9) ნაშრომებმა. მათ ნარკვევებში დაწვრილებით არის წარმოდგენილი აჭარისწყლის ხეობის ყველა დასახლებული პუნქტი თავისი უბნების, სათესების, სათიბების და სხვათა მითითებით, ნაჩვენებია ციხესიმაგრეებისა და მათი ნანგრევების ადგილმდებარეობანი და სხვ.
„ზემო აჭარის ლივის დიდ დავთარში“ სოფლები ძირითადად თანმიმდევრობით არის აღწერილი, თუმცა ზოგჯერ ეს თანმიმდევრობა ირღვევა. აღწერა ზემო აჭარის ნაჰიედან იწყება. შემდეგ მას ქვემო აჭარა მოსდევს. სოფლების უმეტესობის ზუსტ სახელწოდებათა დადგენა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამხმარე ლიტერატურის დახმარებით მოხერხდა. „დავთარში“ გვხვდება ისეთი სოფლებიც (ძირითადად მოსახლეობისაგან დაცლილი), რომელთა სახელწოდებებიც დღეისათვის დაკარგულია. მათი ამოკითხვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ასეთ შემთხვევაში გადმოვცემთ ამოკითხვის ჩვენეულ ვარიანტს (რა თქმა უნდა, ვარაუდის დონეზე) და იქვე, გვერდით, ფრჩხილებში ვუჩვენებთ მის ,,დავთარში" წარმოდგენილ ვარიანტს ნაბეჭდი არაბული ტრანსკრიფციით, რათა შემდგომში გაიზარდოს მათი დაზუსტების შესაძლებლობა.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ გარკვეულწილად ვიცავთ ,,დავთრის" სტილსაც, როცა ამა თუ იმ სოფლის გვერდით ვუთითებთ დასახლებულ კომლთა რაოდენობას და ზოგიერთ სოფელთან მითითებული უბნის სახელწოდებას, რომელიც დავთარში ცალკე არ გვხვდება.
სოფლების ჩამონათვალი დავთარში შემდეგი თანმიმდევრობით არის მოცემული.
ზემო აჭარის ნაჰიე ხსენებულ (აჭარის – ზ. შ.) ლივაში:
სოფელი იორამის (يورام) ციხის რაბათი, რომელიც 15 კომლით არის დასახლებული. მითითებულია, რომ ციხის მეორე სახელწოდებაა შუბანი და იგი ახლოს არის ზედუბანთან. როგორც ჩანს, საუბარია დღევანდელი შუბნის ტერიტორიაზე არსებულ ნაციხარზე. მისი პირველი სახელწოდება, ვფიქრობთ, რომ ციხის იმდროინდელ მფლობელთან (ან მშენებელთან და ა.შ.) უნდა იყოს დაკავშირებული.
შემდეგი სოფელია ჭა, რომელშიც 8 კომლი ცხოვრობს. მითითებულია, რომ იგი ახლოს არის სოფელ მელიქწმინდასთან. სადღეისოდ ამ სოფლის სახელწოდება არ არის შემორჩენილი. ოსმალური დამწერლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ამოკითხვის ათი ვარიანტი არსებობს. გავითვალისწინეთ რა ცნობილი მოსაზრება ტერმინ ,,აჭარის“ წარმოშობის შესახებ, რომლის ამოსავალ ფორმად „ჭ“-ს („ჭა“) მიიჩნევენ და წყაროს, მდინარისა თუ საკუთრივ ჭის განმარტებას აძლევენ (7.143), ჩვენი ,,არჩევანი" აღნიშნულ სახელწოდებაზე შევაჩერეთ. ამგვარი ვარაუდი კიდევ უფრო მყარი გვეჩვენა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ადგილები დავათვალიერეთ. მდინარე სხალთის ხეობაში, დღევანდელი ფურტიოს ერთ-ერთ უბანში დავაფიქსირეთ საკმაოდ მოზრდილი ჭაობი, რომელიც ადგილობრივი რელიეფის გათვალისწინებით, უცნაურადაც კი ჩანს. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ამ ტერიტორიას ძველად „ყუიუს“ ეძახდნენ. აღნიშნული სახელწოდება თურქულია და ქართულ თარგმანში „ჭას“ ნიშნავს. როგორც ჩანს, სოფლის სახელწოდება დროთა განმავლობაში თურქულად „ითარგმნა“.
მომდევნო სოფელია 14 კომლით დასახლებული მელიქწმინდა, რომელიც ახლოს არის ჭასთან. ვფიქრობთ, რომ სახელწოდება რელიგიურია და წმინდა ადგილთან არის დაკავშირებული. ზემოთ აღნიშნულ ჭასთან არც თუ ისე მოშორებით, სოფელ ფურტიოს ერთ-ერთ უბან მჭედლურში მდებარეობს საკმაოდ დიდი ნაეკლესიარი. სავარაუდოა, რომ აღნიშნული სახელწოდება ამ ეკლესიასთან არის დაკავშირებული. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მჭედლური, ძირითადად, მელიქიშვილებით არის დასახლებული, რომლებიც აღნიშნულ ნატაძრალს ძველ საგვარეულო ეკლესიად მიიჩნევენ.
მეოთხე სოფელია სხალთა 15 კომლით, რომელიც ახლოს არის ფაჩხას მაჰალესთან (უბანთან). ფაჩხა ამჟამად ცალკე სოფელია, რომელიც სხალთის საკრებულოშია გაერთიანებული. როგორც ვხედავთ, ,,დავთრის“ შედგენის პერიოდში იგი სოფელ სხალთის ერთ-ერთი უბანი იყო. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ამჟამად სხალთა როგორც ცალკე სოფელი არ არსებობს. ამ სახელწოდებით მოიხსენიება სხალთის საკრებულოში შემავალი სოფლები (9. 144).
სოფელი წაბლვანა (ამჟამად – წაბლანა) – ცხოვრობს 9 კომლი.
სოფელი ჭერი – დასახლებულია 8 კომლით. ახლოს არის ძმაგულას მაჰალესთან.
ზემო კურძა – ცხოვრობს 5 კომლი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სოფელი არის დღევანდელი გურძაულის ზემო ნაწილი და სოფელს ჰქვია კურძა. სიტყვის მეორე ნაწილი „ულია“ ოსმალურად „ზემოს“ ნიშნავს. როგორც ჩანს, სოფლის დღევანდელ სახელწოდებას დაბოლოება – „ული“ ოსმალთა პერიოდიდან შემორჩა და პირველმა ნაწილმაც („გურძა“) მცირედ იცვალა სახე. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის ფაქტიც, რომ „დავთარში“ შემდეგ ცალ-ცალკე გვხვდება სახელწოდებები – კურძა და კურძა სუფლა, რაც ოსმალურად ქვემო კურძას ნიშნავს.
სოფელი თაგო – ახლოს არის კურძასთან. ცხოვრობს 5 კომლი.
ჩაო – ახლოს არის თაგოსთან. ცხოვრობს 7 კომლი.
ფურტიო – 4 კომლი. საყურადღებოა, რომ მისი სახელწოდება იკითხება როგორც ფურდი.
ნენია – 5 კომლი.
დაბაძველი – 2 კომლი.
ლახორი – 7 კომლი.
დანისპარაული – 5 კომლი.
კვატია – 4 კომლი.
ოშქანა – 6 კომლი. აღნიშნულია, რომ სოფელი ახლოს არის ვარდიდაბას (واردی دبهه) მაჰალესთან. დღევანდელ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვხვდებით სოფელს, რომლის სახელწოდებაა ოშანახევი.
სოფელი საქაშთაო (صاکاشتاو) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ქუდგაური – დაცლილია მოსახლეობისაგან. აღნიშნულია, რომ საქაშთაო და ქუდგაური ახლოს არიან სოფელ ბეღლეთთან. ზაქარია ჭიჭინაძეს დასახელებული აქვს სოფელი ქუთაური, რომელიც ახლოს არის სოფელ ქოჩახთან და რომლის სახელწოდებაც, ძალზედ წააგავს ,,დავთარში“ დამოწმებულ ქუდგაურს. შესაძლებელია, რომ ერთსა და იმავე სოფელთან გვქონდეს საქმე.
შემდეგი სოფელია მაწყვალთა, რომელიც დაცლილია მოსახლეობისაგან.
მომდევნო სოფელია თხილვანა, სადაც ცხოვრობს 2 კომლი.
სოფელი ბუღაური, რომელიც ახლოს არის გორშეშის (کورشش) მაჰალესთან, 8 კომლით არის დასახლებული.
სოფელი ტბეთი – ახლოს არის ბოძაულთან და დაცლილია მოსახლეობისაგან. საერთოდ, აღნიშნული ტოპონიმი, როგორც ჩანს, ფართოდ იყო გავრცელებული და იგი დავთარში რამდენიმე ადგილას გვხვდება. ამიტომაც, ეს სოფელი არ უნდა აგვერიოს დღევანდელ ტბეთთან, რომელიც შუახევის რაიონში მდებარეობს. მას ჩვენ ქვემოთ შევხვდებით.
სოფელი შუანაღვარი - დაცლილია მოსახლეობისაგან. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ნაღუარევი განმარტებულია როგორც ხევი (4.582). გარდა ამისა, მსგავსი ტოპონიმი გვხვდება ჭვანის ხეობაშიც (სოფ. ნაღვარევი). აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სახელწოდება სწორად არის ამოკითხული და მას „შუა ხევის“ მნიშვნელობა აქვს; ჩვენ, რასაკვირველია, არ ვამბობთ იმას, რომ იგი დღევანდელ შუახევთან რაიმე კავშირშია, თუმცა, მეორეს მხრივ, არც ეს არის გამორიცხული.
ზაქარია ჭიჭინაძის აჭარის სოფელთა ჩამონათვალში ზემო აჭარის ტერიტორიაზე დასახელებულია სოფელი ორთახევი. იგი ამბობს, რომ ეს სახელი უშნო ხევისგან გადაკეთდაო (13.176). „ორთა“ თურქულად „შუას“ ნიშნავს და ამ სოფლის სახელწოდებასაც შუა ხევის მნიშვნელობა აქვს.
როგორც ჩანს, ,,შუა ხევი“ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში საკმაოდ გავრცელებული ტოპონიმი იყო. იგი გვხვდება ლივანის ხეობაშიც (13.147).
ჭურთა (چورده) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
კონანა – დაცლილია მოსახლეობისაგან.
კალოთა – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ქოჩაკი – ახლოს არის კალოთასთან. დაცლილია მოსახლეობისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება აღნიშნული სახით უფრო იკითხება, ჩვენი აზრით, იგი უნდა იყოს სოფელი ქოჩახი. ამ სოფელთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს მოგვითხრობს თედო სახოკია. იგი წერს, რომ „ის ეტყობა ერთ დროს დიდი სოფელი ყოფილა. დღეს კი სოფ. ქოჩახში ბეგების მეტი არავინ სახლობს. როგორც ხალხში დარჩენილ თქმულებიდან ჩანს, მცხოვრებნი ამოწყვეტილან (ომისა თუ ჭირისაგან). მთელ სოფელში ორი დაღა დარჩენილა. ერთიმეორისათვის უთქვამთ: ჩვენ რაღას გაუჩერდეთ ამ უდაბურ ალაგსაო, აქაურობას გავშორდეთო (თურქულად „ქოჩახ“) და ხირხათის ციხეზე ასულან. თუმცა, ხალხის თქმით, ამ სოფლის სახელი ოსმალური სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ეს სახელწოდება ქართულიც იყოს. ქართულად ქოჩახი პატარა ქოთანსა ჰქვიან. ადვილად შესაძლებელია, ეს სახელი ამ სოფელს თავის მდებარეობის გამო დარქმეოდეს: აქაურობას ყოველ მხრივ მთები აკრავს და ქოთანთან დიდი მსგავსება აქვს“ (3.291).
რა თქმა უნდა, ზემოთ მოთხრობილი ამბავი ხალხის შეთხზულს უფრო ჰგავს ვიდრე სინამდვილეს. სოფლის სახელწოდება ქართული უნდა იყოს. უბრალოდ, შესაძლოა, რომ მან ოსმალურ ტრანსკრიფციაში იცვალა სახე.
სოფელი მაქვთა – ახლოს არის სოფელ თხილვანასთან. დაცლილია მოსახლეობისაგან.
რაგთა – დაცლილია მოსახლეობისაგან. იგი დღევანდელი რაგვთა უნდა იყოს.
ხიხაძირის ციხის რაბათი – დაცლილია მოსახლეობისაგან. მისი მეორე სახელწოდებაა ბარათაული.
გუდნა (کودنه) – დაცლილია მოსახლეობისაგან. ამჟამად ამ სახელწოდების სათიბს მაჩიტეთში ვხვდებით.
ხულა – ახლოს არის დიაკონიძის და გუდისხევის მაჰალეებთან და სახლობს 37 კომლი. იგი აღნიშნული პერიოდის აჭარისწყლის ხეობის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია.
შემდეგი სოფელია 32 კომლით დასახლებული ღორჯომი.
დიდი აჭარა (დღევანდელი დიდაჭარა) – 6 კომლი.
ბეღლეთი – 14 კომლი.
ფოცხავა – 8 კომლი. ამ სოფლის სახელწოდება კიდევ შეიძლება წავიკითხოთ როგორც ფოცხოვი ან ფოცხო, მაგრამ სოფელ უჩხოში (ხულოს რაიონი) მდებარე სათესი ფოცხავა გვაფიქრებინებს, რომ იგი ამ სოფლის სახელწოდებასთან კავშირში უნდა იყოს. მით უფრო, რომ ტერიტორიულადაც მიესადაგება მას. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ აჭარის ლივაშიც ყოფილიყო სოფელი ფოცხოვი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არავითარი ტერიტორიული კავშირი არ ექნებოდა ფოცხოვის სანჯაყთან (სადროშოსთან), რომელიც ოსმალეთის იმპერიაში ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა.
სოფელი ქვემო კურძა – ცხოვრობს 12 კომლი.
შემდეგ დამოწმებულია სათესველი ჭკანარი (چکانری).
ალმე – 15 კომლი.
ნიგაზეული – 15 კომლი.
ჩანჩხალო – 6 კომლი.
ქვემო მალდაშალი (ملدشل) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
20 კომლით დასახლებული მომდევნო სოფელი ჭვანა აჭარის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული სოფელია. მითითებულია, რომ ჭვანა ახლოს არის გომარდიდის (როგორც ჩანს, ახლანდელი გომარდულის) და ჭალას მაჰალეებთან.
წყაროთა – 4 კომლი.
უჩამბა – 2 კომლი.
ბარათაული – 5 კომლი.
ტბეთის ციხის რაბათში 12 კომლი ცხოვრობს. როგორც ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავს „ტბეთი კარგა დიდ ადგილებს, დიდს ხეობას ეწოდება“ (13.179). აღნიშნული ციხეც სოფლიდან მოშორებით, ხეობაში, დღევანდელი ცინარეთისა და სამოლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ციხე უნდა იყოს.
სოფელი ახალდაბა – ცხოვრობს 2 კომლი.
სოფელი ქარაფეთა – დაცლილია მოსახლეობისაგან. „დავთარში“ ნათქვამია, რომ იგი ახლოს არის ტბეთთან. ის დღევანდელი კარაპეტია. ეს უკანასკნელი ძალზედ წააგავს სომხური წარმოშობის სახელწოდებას. ზაქარია ჭიჭინაძე ეყრდნობა რა ხალხურ გადმოცემას, აღნიშნავს, რომ ძველად აქ სომხები იდგნენ და მათ თავიანთი ეკლესიაც ჰქონდათო. ოსმალთა პერიოდში ზოგ მათგანს რჯული შეუცვლია, ხოლო ზოგი გაქცეულა. იგი ამბობს, რომ აქ სომხური ენისა და ტიპის არაფერი ნიშნები არ არის დაშთენილიო. სოფელი ნამდვილ მთურ დასახლებას მოგვაგონებს, მივარდნილ-მიყრუებულს, სადაც ქართული ენის მეტი სხვა არაფერი ისმისო (13.180). ჩვენი აზრითაც, სოფლის სახელწოდება ქართულია და არავითარი კავშირი არ გააჩნია სომხურთან. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქარაფი სულხან საბას ლექსიკონში განმარტებულია, როგორც დიდი კლდე (5.213). აღნიშნული სოფელის მაღალ მთაში კლდოვან ადგილას არის გაშენებული.
სოფელი კავიანის ციხის რაბათი – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ოთალთას ციხის რაბათი – დაცლილია მოსახლეობისაგან. ვფიქრობთ, რომ ეს ციხე დღევანდელი ჭვანის ციხე უნდა იყოს. სახელი ძალზედ წააგავს მდინარე ოთოლთას სახელწოდებას, რომლის ხეობაშიც მდებარეობს ჭვანის ციხე.
სოფელი სამხლისი – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ტაბახმელა – დაცლილია მოსახლეობისაგან.
შუაკალო – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ქორეთი (ან გორეთი) (کوريد) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ამალდიური (املديور) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ზემო მალდაშალი – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ბორდოყანა (بوردوغان) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ზემო აჭარის ნაჰიეს ბოლო სოფელია 4 კომლით დასახლებული დიოკნისი, რომლის შემდეგაც დასახელებულია სათესველი – მანიაკეთი.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ხელთ აღმოჩნდა თითქმის იმავე პერიოდში შედგენილი „აჭარის ლივის მოკლე დავთარი“, რომელშიც ნათქვამია, რომ „დიდ დავთარში“, გაურკვეველი მიზეზების გამო, გამორჩენილია ზემო აჭარის ორი სოფელი: ელვაური და ოხლაური. ეს სოფლები შემდგომ შეტანილ იქნა „მოკლე დავთარში“(16.8).
„დავთრის“ მეორე ნაწილი წარმოადგენს ქვემო აჭარის ნაჰიეში შემავალი სოფლების აღწერას.
პირველი სოფელია ქვემო აჭარის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული პუნქტი მერისი, რომელშიც 26 კომლი ცხოვრობს. იგი ახლოს არის ინაშარიას მაჰალესთან.
მას მოსდევს სამნაურის მაჰალესთან ახლოს მდებარე 13 კომლიანი დანდალო (დანდალა).
შემდეგი სოფელია ახო, 8 კომლით.
სოფელი რადამუდი (رده مود) – 4 კომლი.
ცხმორისი – 4 კომლი.
კანტაური – 4 კომლი.
კვაშტა – 8 კომლი.
ვაიო – 6 კომლი.
აქუცა – 5 კომლი.
მომდევნო სოფელ წონიარისში 7 კომლი ცხოვრობს და ნათქვამია, რომ იგი ახლოს არის ანდაგორის მაჰალესთან და სოფელ ვარჯანისთან.
სოფელ ვარჯანისში 4 კომლია.
მას მოსდევს ზვარე 11 კომლით.
ზედსოფელი (დღევანდელი ზესოფელი) – 11 კომლი.
ზენდიდი – 5 კომლი.
მახუნცეთი – 10 კომლი.
გალიეთი (ან კალიეთი) - 4 კომლი.
აბუქეთა – 4 კომლი.
ნასეირიანი (نسه يريان) – 4 კომლი.
ორცვა – 26 კომლი.
ხოხონა (დღევანდელი ხოხნა) – 7 კომლი.
თამარი (تمار) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ცხემლვანა – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ბზუბზუ – 8 კომლი. ზაქარია ჭიჭინაძის ეს სოფელი მოხსენიებული აქვს როგორც ბზუბზო. ოსმალურ ტრანსკრიფციაში იგი ორივენაირად შეიძლება წავიკითხოთ.
ზუნდაგა – 3 კომლი.
დოლოგანი – 5 კომლი. აღნიშნულია, რომ მას მეორენაირად დოლოგსაც უწოდებენ.
საწნახენა – 4 კომლი. ახლოს არის საღორეთის ციხის რაბათთან. ეს სახელწოდება სავარაუდოა. ამჟამად, ამ სახელწოდების სოფელი არ არსებობს. ჩვენ მივაგენით მასთან მიახლოებულ სახელს – საწნახელას, სათესველს სოფელ ზედა მაღლაკონში და დასაშვებად მივიჩნევთ, რომ მას შეიძლებოდა რაიმე სახის კავშირი ჰქონოდა „დავთარში“ დადასტურებულ სახელთან.
საღორეთის ციხის რაბათი – 24 კომლი.
ტიბეთა (ტბეთთა) – დაცლილია მოსახლეობისაგან.
კაპნისთავი – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ხერთვისი – დაცლილია მოსახლეობისაგან. აღნიშნულია, რომ სოფელი ახლოს არის სოფელ მაჭახლისპირთან. მაჭახლისპირი, როგორც ჩანს, აჭარისა და მაჭახლის ლივების მოსაზღვრე სოფელს წარმოადგენს. იგი დავთარში ცალკე არ არის შეტანილი.
სოფელი კიბე – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ძენწმანი – დაცლილია მოსახლეობისაგან.
კლდეთი – დაცლილია მოსახლეობისაგან.
დაბაასუბანი – დაცლილია მოსახლეობისაგან.
ქვემო აჭარის ნაჰიეს ბოლოს სოფელია მეძიბნა, რომელშიც 9 კომლი ცხოვრობს.
ეს არის იმ სოფელთა ჩამონათვალი, რომელიც „ზემო აჭარის ლივის დიდ დავთარშია“ დამოწმებული. როგორც ვხედავთ, მათი უმრავლესობის სახელწოდებათა დადგენა მოხერხდა. დარჩა მხოლოდ ნაწილი (წინამდებარე ნაშრომში მათ არაბული ტრანსკრიფცია აქვთ დართული), რომელთა სახელწოდებაც ნავარაუდევია სხვადასხვა (ენობრივი, გეოგრაფიული და სხვ.) ფაქტორების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტოპონიმთა ზუსტი გაშიფრვა (იმედი ვიქონიოთ, რომ – ჯერჯერობით) არ ხერხდება, სამეცნიერო მიმოქცევაში მათი შემოტანა მაინც აუცილებლად მიგვაჩნია.
ძალზედ საინტერესო ფაქტია, რომ „დავთარში“ დამოწმებული არ არის ქედა. ე. ი. აღნიშნულ პერიოდში, ქედა, როგორც დასახლებული პუნქტი, არ არსებობდა. ,,დავთრიდან“ ჩანს, რომ მასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე არსებობს ორი, იმ დროისათვის დიდი დასახლება – ორცვა და საღორეთი.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ვახუშტი ბატონიშვილი ქედას შესახებ გვაუწყებს: „ხოლო ჭოროხს მოერთვის აჭარის წყალი აღმოსავლეთიდამ, და გამოსდის ზარზმა აჭარას შორისს მთასა, მოდის აღმოსალეთიდამ დასავლეთად. ამ წყლის კიდეზედ, ამ ხეობის საშუალს, არს მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, ქედა. მოსახლენი არიან ვაჭარნი“ (2.676). გამოდის, რომ ქედა დაარსდა XVI საუკუნის 60-იანი წლებისა XVIII საუკუნის პირველი ნახევრის შუალედში, როგორც მჭიდროდ დასახლებულ ადგილთან მდებარე დაბა, ანუ სავაჭრო ცენტრი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „დავთარში“ ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობების გარდა, უტყუარი მითითებებია დაცული ამ პერიოდის აჭარისწყლის ხეობის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებაც. სოფლებში დასახლებულ კომლთა რაოდენობის მიხედვით ნათლად ჩანს ხეობაში მოსახლეობის გავრცელების სურათი.
„დავთრის“ ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ აღნიშნულ პერიოდში აჭარისწყლის ხეობაში 540 კომლამდე ცხოვრობდა (311 კომლი – ზემო და 221 კომლი – ქვემო აჭარაში). ამას ემატება ზემოთ აღნიშნული ელვაური და ოხლაურიც. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ პერიოდისათვის ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობად მიჩნეულია ხუთი ადამიანი. ე. ი. გამოდის, რომ XVI საუკუნის 60-70-იან წლებში აჭარისწყლის ხეობის მოსახლეობის რიცხვი 3000 კაცს აღწევდა. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს მიტოვებული ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილები. აქვე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ „დავთარში“ მხოლოდ გადასახადებით დაბეგრილი მოსახლეობა, ანუ გლეხობა შედიოდა. აქედან გამომდინარე, ამ რიცხვს უნდა დაემატოს ფეოდალთა და იმ სახელმწიფო მოხელეთა რიცხვი, რომლებიც „დავთარში“ არ ირიცხებოდნენ.
გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ოსმალეთის იმპერიაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, შვილი მამას არ ეყრებოდა, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ამ პერიოდის აჭარის მოსახლეობის რაოდენობის შეფასების დროს. ვფიქრობთ იმასაც, რომ ოჯახის წევრთა საშუალო რაოდენობა ხუთ სულზე მეტი უნდა იყოს.
„დავთრიდან“ ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიტოვებული აქვს ხეობა. ნაწილი სოფლებისა მთლიანად არის დაცარიელებული. გვხვდება ისეთი სოფელებიც, სადაც მხოლოდ ორი კომლია შემორჩენილი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხეობის შესასვლელში მდებარე, დღეისათვის მჭიდროდ დასახლებული სოფლები – ხერთვისი, კიბე და კაპნისთავი, „დავთრის“ შედგენის დროისათვის მთლიანად არის დაცლილი მოსახლეობისაგან. არადა, ეს ის მიდამოებია, სადაც მტერს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა უნდა შეხვედროდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. როგორც ჩანს, XVI საუკუნის შემდეგ, დროთა განმავლობაში ხალხი შეეგუა არსებულ მდგომარეობას და თავიდან დასახლდა ამ ნასოფლარებში. გარდა ამ დასახლებებისა, „დავთარში“ მრავლად ვხვდებით სოფლებს, რომლებიც იმ დროს დაცლილია მოსახლეობისაგან, ხოლო დღეისათვის კვლავ განაგრძობენ არსებობას.
ანალოგიური სურათია წარმოდგენილი 1573 წლის 26 ივლისით (ჰიჯ. რები-ულ ეველი, 981 წ.) დათარიღებულ ერთ ოსმალურ დოკუმენტში, რომელიც მოგვითხრობს, რომ აჭარის ლივის გზებზე მდებარე სოფლები დაცლილია მოსახლეობისაგან და ქურდებისა და ყაჩაღების ბუდედ არის ქცეული (15. 334). ეს დოკუმენტი წარმოადგენს სულთნის ბრძანებას ლივანას, მაჭახლის და ფერთექრეკის სანჯაყბეგებისადმი, რომ მათ ყველაფერი იღონონ გაქცეული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად. გაურკვეველია, თუ რამდენად მოხერხდა აღნიშნული ბრძანების შესრულება, მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დოკუმენტში კარგად არის ასახული აღნიშნული პერიოდის აჭარაში შექმნილი დემოგრაფიული სურათი.
აღსანიშნავია ისიც, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ხალხური გადმოცემის საფუძველზე, ზაქარია ჭიჭინაძე ანალოგიურ სურათს გვიხატავს. იგი ამბობს, რომ „ხერთვისელებმა 1850 წლებში, ოსმალთა წინააღმდეგ ისე სასტიკად და გმირულად იომეს, რომ ყველანი გააკვირვესო. დამორჩილების შემდეგ ოსმალთ მთლად გადაუწვავთ ეს სოფელიო“. როგორც ვხედავთ, დაპყრობიდან თითქმის სამი საუკუნის შემდეგ ზუსტად იგივე სურათი მეორდება და ხალხის ოსმალებისადმი წინააღმდეგობაც ბოლომდე არ არის ჩამცხრალი.
ასეთი გახლავთ ის ძირითადი ისტორიულ-გეოგრაფიული და დემოგრაფიული ვითარება, რომელიც XVI საუკუნის 60-70-იან წლებში ოსმალთა გაბატონების შემდეგ ჩამოყალიბდა აჭარისწყლის ხეობაში.
ლიტერატურა
- ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი". თურქული ტექსტი გამოსცა, თარგმანი, გამოკვლევა და კომენტარიები დაურთო სერგი ჯიქიამ. I. ტექსტი. თბ. 1947.
- ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგ.: ქართლის ცხოვრება. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ. 1973.
- შოთა მამულაძე. აჭარისწყლის ხეობის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები. ბათუმი. 1993.
- სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. I. თბ. 1991.
- სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. II. თბ. 1993.
- თედო სახოკია. მოგზაურობანი. ბათუმი. 1958.
- იური სიხარულიძე. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა. I. ბათუმი. 1958.
- იური სიხარულიძე. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა. II. ბათუმი. 1959.
- მიხეილ ქამადაძე. აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა. თბ. 1992.
- ზაზა შაშიკაძე. „ზემო აჭარის ლივის ვრცელი დავთარი” როგორც წყარო აჭარის ისტორიისათვის. თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის შრომები. თბ. 2002.
- ზაზა შაშიკაძე. ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი XVI საუკუნის აჭარის ისტორიისათვის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. კრებული III. ბათუმი. 2002.
- ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი 1694-1732 წწ., თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ცისანა აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მიხეილ სვანიძემ. თბ. 1979.
- ზაქარია ჭიჭინაძე. მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში. თბ. 1913.
- Başbakanlık Osmanlı Arisivi. Tapu Defteri (BOA TD) 558 (მინისტრთა საბჭოს ოსმალური არქივი, ,,აღწერის დავთარი" 558)
- BOA Mühimme Defteri 22 (მინისტრთა საბჭოს არქივი, ,,უმნიშვნელოვანესი დავთარი" 22)
- Ankara Tapu ve Kadastro Genel Müdürlüğü Arşivi, Tapu Defteri 272 (ანკარის მიწის კადასტრის მთავარი სამმართველოს არქივი, ,,აღწერის დავთარი" 272
*ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი