ფევზი ჩელები
შესავალი
რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) შემდეგ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ მყოფი ტერიტორია საქართველოს გადაეცა, რომელიც თავის მხრივ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ამის შემდეგ, განსაკუთრებით ბათუმიდან და მისი შემოგარენიდან ხალხმა სხვადასხვა ადგილებში გადასახლება იწყო. საქართველოსთვის გადაცემული ამ მიწებიდან ოსმალეთმა სულ მცირე ნახევარი მილიონი ადამიანი შეიფარა. გადასახლების მთავარი მიზეზი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, რომელსაც მუსლიმ ქართველებზე ახორციელებდნენ (მათ მე-16 საუკუნეში მიიღეს ისლამი).
ამას ადასტურებს გრიგოლ ორბელიანის შემდეგი სიტყვები: "რუსეთმა ბათუმის ოლქის აღებით კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო რეგიონში დიდი ძალა შეიძინა. მაგრამ ხალხი მებრძოლი და დაუმორჩილებელია. ამის გამო ოსმალებთან რელიგიურად დაკავშირებულნი, ციხის შიგნიდან გამტეხველებად მიიჩნევიან. ადგილობრივებმა ტერიტორია უნდა დატოვონ." ნიკო ნიკოლაძე კი წერდა: "რუსეთის სამეფომ თავისი მმართველობის ქვეშ მცხოვრები ხალხისგან სახით 6-10 მანეთის გადასახადის გადახდა მოისურვა და მისი ამოღების მიზნით უხეში მეთოდების გამოყენება დაიწყო."
ამ გამოკვლევაში ჩვენ შევეცდებით აღვწეროთ ბათუმის შემოგარენიდან დღევანდელ ბოლუს ვილაიეთის გოლიაქას ილჩეში, ეფთენში გადმოსახლებული ქართველების მდგომარეობა, რომლებიც XX საუკუნის 60-იან წლებამდე ინარჩუნებდნენ თავიანთ კულტურას. კვლევა ძირითადად თურქულადაა შესრულებული, მხოლოდ ზოგიერთი სიტყვა შეუცვლელად, მათებური ქართულითაა გადმოცემული.
როგორც თვითონ ამბობენ, ეფთენის ქართველების უმეტესობა აჭარისწყალზე მდებარე სოფელ წონიარიდანაა წამოსული. ასევე იხსენიებენ ზეგანს, ქედას, ზვარეს, ლოდას, ლოღას, გულებს, ბაიძურს, ვანს და ა.შ. დუზჯეს გარშემო ბევრი ქართული სოფელია: ასარ აქსუ, ფინდიქლი აქსუ, გოლორმანი, გურჯუჩიფთლიქი, ჰიზანდერე, მაჰირაღა, მელენაღზი, მუნჯურლუ, მუსაბაბა, სულეიმანბეი, შაქუჩი, შიმშირი, შიფირი, იეშილჩამი და დოღანლი. ამათ ზეგნელებს და მარადითელებს ეძახიან. მათგან განსხვავებით ეფთენის ქართველები საკუთარ თავს აჭარლებს ეძახიან.
ისტორია
ეფთენი სოფელ ჰამამუსთუს და ჰაჯიიაქუფის შემოგარენს ჰქვია. ზუსტად არავინ იცის, ქართველებმა როდის მიატოვეს წინაპართა მიწები. გადმოცემით იციან, რომ რუს მეფეს ნიკოლოზს სურდა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების განადგურება და ეს გადასახლებაც ამან გამოიწვია. აქედან ირკვევა, რომ ამ მოვლენას ადგილი ჰქონოდა 1877-1878 წლების შემდეგ, 1894-1917 წლებს შორის, როდესაც მეფობდა ნიკოლოზ II. ბერლინის კონგრესის შედეგად ოსმალეთმა და რუსეთმა 1879 წლის 27 იანვარს სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმებით 1879 წლის 3 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო გადასახლების პროცესი. წონიარელები სავარაუდოდ 1894 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ.
როგორც ყვებიან, ლტოლვილები ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი აქჩაქოჯაში, სინოპში, სამსუნში, ორდუსა და გირესუნში ჩაიყვანეს. ამის მიზანი მათი გაფანტვა კი არა, ბათუმთან დამაკავშირებელ პორტებში განსახლება იყო. როგორც იმ დროის ქართული პრესა (განსაკუთრებით გაზეთები "კავკაზი", "დროება", "ივერია"და "გოლოსთო") იუწყებოდა, "ადამიანებმა ჩალის ფასად გაყიდეს მიწა და ყველაფერი რაც კი ხელთ ჰქონდათ. ჩავიდნენ პორტებში და თვეების განმავლობაში გემებს ელოდებოდნენ, ამ ლოდინში ბევრს ფული გაუთავდა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა." ოსმალების ასეთმა კეთილმა ნებამ საქართველოში დარჩენილ ოჯახებში განხეთქილება შეიტანა. წონიარელ ქართველებშიც იყვნენ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილები. წონიარელების ერთი ნაწილი გემ "იავუზით" გირესუნის პორტში ჩავიდა და ქეშაფის ილჩეში დასასახლებელი ადგილის ძებნას შეუდგა. ესენი არიან ჩელებები – ჩელებიოღულები (ჩელებაძეები), იავუზები – საქალარი (ისმაილაძეები), ჩაქარები – ილდიზები (ქინძაშვილები - გოგიდიძეები), გულები – აბაქები – ურალები (გულაშვილები - კვირხილაძეები), ქილიჩები (მოლაამედიძეები), მეზარჯიოღულები (დიასამიძეები) და ა.შ. ჩელებეისა – ჩელებოღულებისა და იასლილების (ჯეჰილაძეები) შერჩეული ადგილი მოეწონათ და ამ ადგილას დააფუძნეს სოფელი ანბარალა, იგივე ანბარალაი (დღევანდელი დერელის ილჩეს სოფ. ანბარალანი). მოკლე პერიოდში მცირემიწიანობამ და მისგან გამოწვეულმა სირთულეებმა იჩინეს თავი. სავარაუდოდ XX საუკუნის პირველ წლებში სოფლის ერთ-ერთი წარჩინებული პირი მემედ ალი ჩელები ეფენდი ჰაჯიდან დაბრუნებისას ბათუმის პორტში მოხვდა. მან გაიგო, რომ აქჩაქოჯა მოსახერხებელი იყო დასასახლებლად. ისიც გაეგო, რომ ქართველების ერთი ნაწილი ადრევე აქ დასახლებულიყო. ის იქ გემით გაემგზავრა და სოფლის გადასაყვანად ახალი ადგილის ძებნა დაიწყო. მან შიდა ადგილებისკენ გადაინაცვლა და ეფთენში ჩავიდა. ეს ადგილები თითქმის უპატრონო იყო. აქვე ნახა ტბა, წყლები, საძოვრები, მდელო, საყანე ადგილები, ტყეები. ის ამ ადგილას მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან იმამ ოსმან ჩელებისთან ერთად დასახლდა, მაგრამ ამით უფრო ადრე კავკასიიდან გადმოსახლებულ ჩერქეზთა წინააღმდეგობა გამოიწვია. მათ იჩივლეს და განაცხადეს, რომ ეს ადგილები ჩერქეზების ტყეები იყო. მემედ ალი ჩელები ეფენდი სამხედრო ძალის გამოყენებით უკან, ანბარალაში ჩაიყვანეს.
მოგვიანებით მემედ ალი ისევ ეფთენში ჩავიდა. ისევ უჩივლეს და იგივე მეთოდით უკან აბრუნებდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა სამხედრომ იგი გაათავისუფლა იმის გამო, რომ მას სამოცდაათი წელი შესრულებოდა. ის კვლავ ეფთენში დაბრუნდა. მას მესამედაც უჩივლეს, მაგრამ ჰაჯი მემედ ალი ჩელები ეფენდმა ნაწილის უფროსი უკან გააბრუნა. საცხოვრებელი ადგილი რომ გაარკვია, მან ანბარალაში მცხოვრები შვილები, ნათესავები და მეზობლები ცარიელ მიწებზე მიიწვია. ეს მიწვევა ბევრმა მიიღო და ეფთენში ჩავიდა. ჰაჯი მემედ ალი ჩელები ეფენდის მიერ დაარსებული სოფლის ქვევით მდებარე გენუელების აბანოს გამო, სოფელს ჰამამუსთუ ეწოდა. ქართველები მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას, მეფუტკრეობას, ნადირობას და მეთევზეობას მოეკიდნენ. აქ მათ 10-15 კმ-ში დასახლებული ჩერქეზები, აბაზგები და ადგილობრივი თურქები დახვდათ. აქვე მცხოვრებმა რამდენიმე სომხურმა სოფელმა მალევე დატოვა რეგიონი. მართალია დასაწყისში სხვა დამხვდურებთან შეუთავსებლობამაც იჩინა თავი, მაგრამ ეს მალევე დაიძლია და დროთა განმავლობაში მათთან და ორდუს, ტრაპიზონისა და გირესუნის ლტოლვილებთან ერთად მშვიდობიანი თანაარსებობა იწყეს.
ენა
ეფთენის ქართველები ქართული ენის აჭარულ დიალექტზე მეტყველებენ. დღევანდელ ენაში შეხვდებით თურქული ენიდან შესულ სიტყვებს, რომლებსაც ქართული ენის ფორმა მიუღიათ. თურქული სიტყვიდან "ქოქ" ("ფუძე") მიღებულია "ამოქოქვა" ("მძიმე სამუშაოს შესრულება"). გვხვდება თურქულის მიხედვით მოწყობილი ქართული სიტყვები: "მოდისანა" (თურქული "გელსანას" მიხედვით). ბევრია მეგრულისთვის დამახასიათებელი სიტყვებიც (მაგალითად "ბურდღა"). შეიმჩნევა განსხვავებები თანამედროვე ქართულთანაც ("მაყაყი"_ თანამედროვე ქართულში "ბაყაყი"). ეფთენის ქართველთა მეტყველებაში ისეთ სიტყვებსაც შეხვდებით, რომლებსაც ვერ ნახავთ თანამედროვე ქართულში (მაგალითად "ჩასავლეთი" = "დასავლეთი"). ზოგიერთ სიტყვას თანამედროვე ქართულში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს ("მოფერვა" "წარმატებას" ნიშნავს). არის დროთა განმავლობაში წარმოებული სიტყვები ("დასახლდა" = "დაოჯახდა".
ტრადიციები და ადათ-წესები
დაბადება. გოგოს დაბადებისას ფაფას, ბიჭის გაჩენისას კი ფლავს აკეთებენ და ამით უმასპინძლდებიან სტუმრებს. ბავშვს სახელს ასაკოვანი პაპა არქმევს. ბავშვის სანახავად მოსულები ბუხარში დანთებულ ცეცხლთან მიდიან და ტანსაცმელს იბერტყავენ. თუ ბავშვს ორმოცი დღე არ შესრულებია და ერთმანეთს ორი მელოგინე შეხვდება, ერთმანეთს ქინძისთავებს უცვლიან. თუ მელოგინის სანახავად ახალი რძალი მოვა, ორი ქალი ამ შემთხვევაშიც ქინძისთავებს ცვლის. ბავშვისთვის პირველ ჩასაცმელს ასაკოვანი ადამიანის ნახმარი ტანსაცმლიდან კერავენ. სჯერათ, რომ ბავშვი ვისი ტანსაცმლისგან შეკერილ პერანგსაც ჩაიცვამს, მასზე იქნება დამოკიდებული. ბავშვს, სანამ ორმოცი დღე შეუსრულდება, თმას შეაჭრიან. შემდეგში მას შეეკითხებიან, თუ ვისი თმაა ეს. მიღებული პასუხი განსაზღვრავს, თუ ვის დაემსგავსება. მშობლები ბავშვებს უცხოების თანდასწრებით არ ეფერებიან. ეს განსაკუთრებით მამას ეხება. გოგონას ოჯახიდან შორს არ აგზავნიან. თორმეტი წლის შემდეგ ერიდება უცხოებს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მეოთხე თაობის ბიძაშვილებამდე).
უფროსებს ყველგან და ყველაფერში ემორჩილებიან. მაგრამ არც უფროსები იღებენ გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად, ახალგაზრდების აზრის უკითხავად.
ქალის შერთვა
ახალგაზრდა გოგონას და ვაჟს არ ეკითხებიან, თუ ვისზე სურს მას დაქორწინება. ბიჭის მხარეს გოგო მოეწონება. დედა და ბიჭი გოგოს საკითხზე საუბრობენ. როგორც წესი, გოგოს და ბიჭს ერთმანეთი მოსწონთ. ქალის სათხოვნელად ქალები არ მიდიან. ბიძა ან პაპა მიდის. მასპინძელი სახლის ქალები მოსულებს არ ენახვებიან. პირველი მისვლის შემდეგ გოგოს მხარე იტყვის, რომ სჭირდებათ თავიანთ ასაკოვან ხალხთან მოლაპარაკება. შემდეგ მათ და გოგოს დაელაპარაკებიან. მეორე მისვლაზე პასუხს იღებენ. პასუხი უარყოფითიც რომ იყოს, ერთმანეთს არ გაუწყრებიან. გოგოც და ბიჭიც ერიდება მეორე მახრის ხალხს. მესამე მისვლაზე სიტყვას დებენ. განისაზღვრება გოგოსთვის საყიდელი საჩუქრები. მეოთხე მისვლაზე კი ნიშნობაა და ქორწილის თარიღს ადგენენ.
ქორწილი
შაბათ საღამოს ინის დადებაზე მამაკაცები და ქალები ერთად არიან. იმ ღამეს გოგოს კარის მეზობელიც რომ იყოს, მაინც ყველა პატარძლის სახლში რჩება. ბიჭის მხრიდან მისულებს ორი იმდენი ადამიანი ემსახურება. მნიშვნელოვანი პირები გოგოს და ბიჭის გარშემო ტრიალებენ.
პატარძლის წაყვანისას გოგოს სახლის კარი იკეტება და ყველა სტუმარი შიგნით ჩაკეტილი რჩება. ეს საჩუქრის მოთხოვნის მიზნით კეთდება. პატარძალი ოთახიდან მამამისს და ძმას გამოჰყავს. მზითევის ყუთზე ერთ-ერთი ბიცოლა ჯდება. ძმა ყუთს დაეპატრონება. მამამთილი პატარძალს ყუთზე სამჯერ სვამს და აყენებს. სტუმრებს კანფეტს და ფულს სთავაზობებენ. ფულს იხდიან და ყუთს იღებენ. ბიჭის ხალხი გარეთ გადის. პატარძალი გარეთ ძმას გამოყავს და ცხენზე სვამს.
მზითევს ხარებშებმულ ურემზე დებენ. მექორწილეები გზაზე რომ გავლენ, მახარობელი ნეფის სახლისკენ დაიძრება. გზაზე ცეკვა-ცეკვით მიდიან (ეფთენში გავრცელებული ცეკვებია "განდაგანა", "დელი ხორონი", "ჯილველო", "ვაჰაჰეი" და "ვარაიდა"). ბიჭის სახლს რომ მიუახლოვდებიან, ერთი ჯგუფი დასძახებს: "ჰეი, ჰეი, ჰეი, ვაი ვაჰაჰეი", მეორე ჯგუფი კი პასუხობს: "ვაჰაჰეი".
გოგოს მხარე მექორწილეებს აჩერებს და ბიჭის მხარეს გზას აგვევინებს. ნეფის სახლის წინ ხალიჩას შლიან და შარბათს ითხოვენ. პატარძალს სახლში შეყვანისას საბურველით მოსავენ. დედამთილი კარების წინ წყლით სავსე ჯამს დგამს, რომელიც რძალმა უნდა გადააბრუნოს. მას ხელში კარაქს აძლევენ, რომელიც კერას უნდა წაუსვას. კარების წინ პატარძლის წასაქცევად თოკსაც ჭიმავენ. საწოლ ოთახში ერთ ადგილას ლურსმნებზე ფარდას კიდებენ და პატარძალი იქ მიჰყავთ. გოგოს მხრიდან მოსულები საჭმლის ჭამისას რასაც მოითხოვენ აუცილებლად უნდა მიიღონ. საჭმლის შემდეგ ნეფე გაჰყავთ და ამბობენ, რომ იგი შიშველია. მას გოგოს მხარის მიერ მოტანილ ტანსაცმელს აძლევენ, შემდეგ კი იმ ოთახში შეყავთ, სადაც პატარძალი იმყოფება. ფარდა იხსნება და ნეფე პატარძალს თავზე ხელს სამჯერ ადებს. ისინი ერთმანეთს ფეხზე თითოჯერ აბიჯებენ. პატარძალს საქორწინო პირბადეს ძმა დანით ხდის.
მეორე დღეს, დილით პატარძლის მამა ან ძმა, აბრეშუმის საცერში გატარებული ფქვილისგან გამომცხვარი ქადით ნეფის სახლში მიდის. საუზმე იმართება და ახალდაქორწინებულებს უხმობენ. ნეფე და მისი მეგობრები მუსიკის თანხლებით სიმამრის სახლში მიდიან და სიდედრს ეპატიჟებიან.
ერთი კვირის შემდეგ სიდედრი მეგობრებთან ერთად ახალდაქორწინებულთა სახლში მიდის. სუფრას ძირს შლიან და სიძისგან მისი ერთი ხელით აწევას მოითხოვენ. შემდეგ კი საჩუქრებს აძლევენ. პატარძალი თავისივე ძმას მამის სახლში მიჰყავს და იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ტოვებს. მამამთილი პატარძლის წამოსაყვანად მიდის და ამის შემდეგ ახალდაქორწინებულები ერთად იწყებენ სიარულს.
რძალი ვალდებულია მოემსახუროს დედამთილსა და მამამთილს. სუფრის გაშლისას ტაშტით და სურით მიდის მათკენ. მათ ხელ-პირს აბანინებს და პირსახოცსაც აძლევს. საჭმლის ჭამის დროს ფეხზე დგას და იცდის.
გაუგებრობების აღმოფხვრა
გაუგებრობები აღმოიფხვრება შეკრებაზე, რომელსაც გვარის წარმოჩენილი ადამიანები ესწრებიან. შეკრებაში მონაწილეობისთვის ასაკი შეზღუდული არ არის. მთავარია როგორ წარმოაჩინა გვარში საკუთარი თავი ამ ადამიანმა. შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების ასრულება აუცილებელია.
დამნაშავისადმი მოპყრობა
თუ გაირკვა, რომ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მას ცივად ეპყრობიან და უცდიან შეკრებაზე გადაწყვეტილების მიღებას. თუ დანაშაული დადასტურდა, ეს მისადმი დამოკიდებულებასაც განსაზღვრავს. ვისაც სისხლი მართებს, სოფელს საკუთარი ნებით ტოვებს. კაცის მოკვლის მიზეზი აუცილებლად დიდი დანაშაული უნდა იყოს. თუ მოკვლა საჭიროა, მეორე მხარე ჩუმად რჩება. დღეს ასეთი ამბები უკვე აღარ ხდება. ყველაზე ხშირი ისეთი დანაშაულებია, როგორებიცაა "გოგო გაქცევა" და "გოგო მოტაცვა." მართალია დღეს ესეც იშვიათია, მაგრამ როგორც წესი სახლიდან გაპარულ გოგოს ოჯახი არ ურიგდება. მოტაცებული გოგო კი თავს იცავს და უკანაც ბრუნდება. მართალია, როგორც წესი მშობლები გოგოში თანხას არ ითხოვენ, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება.
ოჯახი
სახლში დიდია ქალის გავლენა. ქალები მამაკაცებთან ერთად მუშაობენ. ოჯახის საგარეო საქმეებზე გადაწყვეტილებას კაცები ქალებთან კონსულტაციის შემდეგ იღებენ. მემკვიდრეობაში ქალებს და კაცებს ერთნაირი წილი აქვთ. ისინი ისლამის წესებს მისდევენ. მეოთხე თაობის ბიძაშვილებს შორისაც კი, არ შეიძლება ქორწინება.
ტანსაცმელი
ყველაზე მეტად ქალის ტანისამოსი იქცევს ყურადღებას. სოფელში ორი სახის ტანსაცმელი აქვთ. პირველი, ეს არის ქუდზე დახურებული ლეჩაქი (ლაჩაქი). ლეჩაქი მხრებამდე ჩამოდის და თმებს ფარავს. ლეჩაქზე კიდევ ერთ ლეჩაქს ამაგრებენ. შუბლს ერთ მეხუთედზე "თავსაკიდელი" ფარავს. კისერზე იკიდებენ "საკისურს" და "კისერსაკიდელს." "ჩექეთა" _ უმკლავებო პიჯაკია. მის შიგნით "პერანგს" იცვამენ. "პერანგზე" "სედეფეებია" (ღილები). მორთულობა მხოლოდ პიჯაკზეა, რომელიც უმეტესწილად გეომეტრიული ფიგურებითაა გაწყობილი. წელზე "წელსარტყელი" აქვთ შემოხვეული. ისინი "უჩეთეგს" (ერთგვარი კაბა) და შიგნით "შალვარს" იცვამენ. ფეხზე "ქალამანი" აცვიათ. მკლავზე "კლავსაკიდელს", ყურზე კი "ყურსაკიდელს" იკეთებენ. ტანისამოსზე ჯიბეს ვერ ნახავთ. მის დანიშნულებას "წელსარტყელზე" ჩამოკიდებული პატარა ქისა ასრულებს. ქალები უპირატესობას მუქ ფერებს ანიჭებენ. უფრო გავრცელებულია ვარდისფერი, ბეჟი და ნაცრისფერი.
მეორენაირი ტანსაცმელი არის მხრებიდან ფეხებამდე ჩამოშვებული "გომლექი." ქვედა ნაწილი "უჩეთექის" სახისაა. ზედ პიჯაკს იცვამენ. თავსაბურავი და ფეხსაცმელი ისეთივეა, როგორც ზემოთ აღვწერეთ. ქალები სოფლიდან გასვლისას "ჩერჩაბს" იცვამენ. მამაკაცები არცთუ ძალიან განიერი და ღილებიანი "შალვარით" იმოსებიან, რომელიც ქვევით უფრო ვიწროვდება. თავზე შეიძლება ეხუროთ როგორც "ხაფაქი" და "კაბალაღი" (ყაბალახი), ისე "მოკოჭვილიხიმანდილა." "გომლექზე" "ჩოხას" იცვამენ. წელზე სარტყელს იკეთებენ.
ფოლკლორი
აქაურ ქართველებს წერითი ტრადიციები არ აქვთ. ზეპირსიტყვიერებაც თანდათან იკარგება. ამის მიუხედავად დღემდე მოღწეულია შელოცვები, ანდაზები და ზღაპრები.
სოფლის შელოცვები
გავრცელებულია შელოცვები თვალის და სხვადასხვა ტკივილების წინააღმდეგ. ქვევით გთავაზობთ შელოცვის ერთ ნიმუშს თვალისა და რაიმე ტკივილის წინააღმდეგ.
თვალისა (თვალის წინააღმდეგ შელოცვა)
ალიოსა მალიოსა
შეგილოცავ თვალისასა,
შიგნისასა, გარესასა,
წხრათი ბერი ქალისასა.
მოვდოდა შავი წყალი,
მას მოქონდა შავი გველი,
ამოვლევი შავი გველი,
გავაპევი შავი გველი,
ჩავკევ ჩემი ყავარჯინაი,
ამოვლევი შავი ქონი,
გუვიდე ღობესა.
ჭკნებოდა, ქარდებოდა,
ვინცხამ ავის სულით,
ავიანაცვლით წვინდა გიორგი*
ლახთი ბოზანი,
ჯაცვი ეკალი,
მას თვალებში
გიჯარა – გამიეჯარა,
შუბერე.
თელი ტკივილის კითხვა (შელოცვა ყველანაირი ტკივილის წინააღმდეგ)
იავ, თიავ, წარევ, ჭახევ,
რა ცლეკვინოფ გველსავით,
რას გივანოფ ხარსავით
მოიარე, მეიარე
დასალაგდი ქვასავით.
ანდაზები – გამონათქვამები
დღემდე უამრავი ანდაზა და გამონათქვამია შემორჩენილი:
თავისი ქებელი კიტრი ფასათა
თავისი უქებელი ქალაქ ფასადა.
ყავს რა აქ რომ ყორანს მიცეს.
ყორანს უთქმია
მაღლა თეთრ კვერცხს დავდეფო.
კბილი ძაღლს არ უკბენს.
ვიყავი შენ დროს
მოხვალ ჩემ დროს.
ძაღლები არ იყოდენ
ღორები შეკჭამენ
მის ვირზე შეჭდა
შაირები
ეფთენის ქართველებზე საუბრისას საჭიროდ ვთვლი ზოგიერთი შაირის ნიმუშის აქ მოყვანას.
ელიავ მელიავ
ჩიტი მიმიწველიავ
ებუ კარი კინისა
ისტანბულ მიმიტანია
ისტანბულის დედლები
უხთიან დუხთიან
ქურთი ქალთან მუუხთიან
ქურთი ქალი შინ არ იყო
კარს უკან თავს იბანდა
ავწიე ნაგვხალი გევქნიე
ქალს არ მოხთა კარს მოხთა
კარმა დეიწყო ზღრიაყი
გობმა დეიქცა ქიანი
კატამ გამოშფა ქიანი
ხობომ დეიაბადა ქებიანი
* * *
ჭიპ, ჭიპ, ჭიპოლია,
მთაზე კვერცხი მიცოვნია,
შიმიწვია, შიმიჭამია,
პირზე მცხრია
მიხარია
ბოლო ბოლო.
გამოცანები
ეფთენის ქართველებში გავრცელებულ ორ გამოცანასაც გადმოგცემთ.
ოჩო ფრინავს
დევე ღრინავს
ფეცანთლები
ცეცხლ ანთობენ.
"ქუხილი"
სასიკვდილოთ
სახლს აკეთებს
უყოყდება და ბნულს
"ყაჭი"
სიმღერა
ეფთენის ქართველებს ბევრი სიმღერა და ლექსი ნაწილობრივ ახსოვთ. საინტერესოა "თეთრი ქვა", რომელზეც ამბობენ, რომ ეს სასიყვარულო სიმღერაა, მაგრამ როგორც ტექსტიდან ჩანს, იგი სავარაუდოდ სამშობლოს ეძღვნება.
თეთრი ქვა
შენ გაღმა, მე გამოღმა
შვაზე ზღვა გვიბრუნავს,
ჩემი დამწვარი გული
კიდო შენკენ მიბრუნავს.
ღელეში თეთრი ქვა,
ხელი დავკე არ ამღვა,
ჩემი გულის ჟუჟუნაი
რაცხან შეველ იქ ამღვა.
ნანაიდა
ერთი, ორი, მესამეო, ნანაიდა,
ჯილველო ნანაიდა,
მე გოგვებში ვისამეო ნანაიდა,
ჯილველო ნანაიდა,
ერთი, ორი, მეოთხეო, ნანაიდა,
ჯილველო ნანაიდა,
მე გოგვებში ვიფოტხეო, ნანაიდა,
ჯილველო, ნანაიდა.
ერთი, ორი, მეხუთეო, ნანაიდა,
ჯილველო, ნანაიდა.
მე გოგვებში ვიზუტე, ნანაიდა,
ჯილველო ნანაიდა.
ერთი, ორი, ეკვსეო, ნანაიდა,
ჯილველო, ნანაიდა,
მე გოგვებში ვიბუკსეო, ნანაიდა,
ჯილველო, ნანაიდა.
ნადისა
ვოი, მაი ლამაზი ფერანგი ვინ მოგიტანა?
შენმა ძიამ, შენმა ცაცამ მან მოგიტანაო.
ვოი, მაი ლამაზი ქუდი ვინ მოგიტანა?
შენმა ძიამ, სენმა ცაცამ მან მოგიტანაო.
ვოი, მაი ლამაზი კაბა ვინ მოგიტანა?
შენმა ძიამ, შენმა ცაცამ მან მოგიტანაო.
ვოი, მაი ლამაზი ყურსაკიდელი ვინ მოგიტანა?
შენმა ძიამ, შენმა ცაცამ მან მოგიტანაო.
ანეკდოტები
ეფთენის ქართველები, როგორც წესი, ზეგნელებზე და აჭარლებზე ყვებიან ანეკდოტებს.
მაყაყი – ხთუმი
ერთი აჭარელი ზეგნელს ესტუმრა. მაგიდასთან რომ დასხდნენ თეფშით ბაყაყი მოუტანეს, რამაც ის ძალიან გააკვირვა. ზეგნელი მიხვდა მის გაკვირვებას და უთხრა: "არ გეწყინოს ძმაო, ამ წელს ბევრი არ უწვიმია და ამიტომ მხოლოდ ერთი ბაყაყის შემოთავაზება შევძელი."
ეწებოდეს და არილოვედეს
ზეგნელმა ყველი ვირს აჰკიდა და მის გასაყიდად ბათუმის გზას დაადგა. გზაზე ის აჭარელმა გააჩერა, რომელაც მას იარაღი მიუშვირა და ჰკითხა, თუ რა მიჰქონდა. პასუხად მიიღო, რომ მას ბათუმში გასაყიდად მაწონი მიჰქონდა. აჭარელმა ზეგნელს გუდის გახსნა მოსთხოვა. შიგნით ყველი რომ დაინახა განცვიფრდა და იკითხა: "ეს როგორი ყველია? როგორ იჭმევა?" ზეგნელმა დიდი პური ამოიღო და უთხრა, უნდა ჩააწოო. აჭარელმა პურის ყველში ჩაწობა და ჭამა დაიწყო. კარგად დანაყრდა. ზეგნელმა პროდუქტი უვნებლად გადაარჩინა და გზას დაადგა. დანაყრებული აჭარელი ხის ჩრდილში ჩამოჯდა და თქვა: "რა მაგარი მაწონი იყო, ვაწობდი და არ თავდებოდა."
* მართალია, წმინდა გიორგი "წვინდა გიორგის" ფორმითაა წარმოდგენილი, მაგრამ მაინც საინტერესოა, რომ აქ ეს ქრისტიანი წმინდანადაა მოხსენიებული.
ჟურნალი "მამული"
No: 5, მაისი, 1998