გურჯუჩიფთლიქი - დუზჯე

გურჯუჩიფთლიქი - დუზჯე

გურჯუჩიფთლიქი - დუზჯე

გურჯუჩიფთლიქი

ნური ჩელები

        გურჯუჩიფთლიქი მდებარეობს ქალაქებს დუზჯესა და იაღლიჯას შორის. აქ შეგიძლიათ ნახოთ ლამაზი სახლები, მეჩეთი, სკოლა და იაღლიჯას წყალი, რომელიც ამ დაბაში გაედინება. საქართველოდან წამოსულმა სოფლის მაცხოვრებლებმა ახალდაარსებულ სოფელს `გურჯუჩიფთლიქი~ (`ქართული მეურნეობა~) უწოდეს. გადმოსახლება რელიგიის გამო გადაწყვიტეს, მაგრამ არ დაივიწყეს ენა. სოფელში ორი ოჯახი გავიცანი. პირველი საქართველოდან ძალიან ადრე (1877-1878), მეორე კი ამ სამი წლის წინ ჩამოსულა. 
        სელიმ მაჰიროღლუს ოჯახი საქართველოდან, სოფელ ახოდან ჩამოსულა. თვითონ ამ სოფელში დაიბადა, 80 წლისაა და სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. დახმარებას არავისგან ელის, რადგან თვითონაა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. მისი მეუღლე 85 წლისაა, რომელიც გადმოსახლებულ ჰელიმოღლუების შთამომავალია. აი, როგორ აღწერს სელიმ მაჰიროღლუ გადმოსახლების ამბებს: `ჩვენ სტამბოლში გემით ჩავსულვართ. გემს ღუზა ბათუმში ერთი თვით ჩაუშვია და იქ გაჩერებულა. ვისაც სურდა წამოვიდა, ვისაც არა – საქართველოში, სოფელ ახოში დარჩა. ბიძაშვილები ახოში დარჩნენ. გასულ წელს ჩემს უფროს ძმასთან ერთად ისინი მოვინახულეთ. 
        სახელმწიფომ ჩვენ ადგილი ადანაში გამოგვიყო. ჩვენ ის ადგილები მივატოვეთ და ჩვენი ხარჯებით დუზჯესთან დავსახლდით. ეს ადგილები მამაჩემს 60 ოქროდ შეუსყიდია. ზოგიერთი ჩვენი ბიძაშვილი და სხვა ნათესავი იზმითში, სოფლებში ავნითეფესა და სარისუში დასახლებულან. მათთან მიმოსვლა და ურთიერთობა ახლაც გვაქვს. ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი მყავს. მე და ჩემს მეუღლეს ასაკის გარდა არაფერი გვაწუხებს.~ 
        გადმოსახლების მიზეზებს შორის დაკრძალვასა და სხვა რელიგიურ მსახურებაში შესაძლო ხელის შეშლისადმი შიშს ასახელებენ. 
        ეთერ პაპაშვილი საქართველოში ქ. რუსთავში დაიბადა. 23 წლის მანძილზე საავადმყოფოში ლაბორანტად მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ცუდ დღეში აღმოჩნდა. ყველაფერი გაძვირდა. ადრე ნორმალური ცხოვრება იყო, რომელიც შემდეგ გაუსაძლისი გახდა... ამიტომ ეთერი თურქეთში სავაჭროდ ჩავიდა. ერთხელ დუზჯეში ვაჭრობისას, გურჯუჩიფთლიქის მაცხოვრებელმა ოსმან გეზიჯიმ ეთერს ჰკითხა, ხომ არ იცოდა ვინმე, ვინც მას ცოლად გაჰყვებოდა. ეთერმა თვითონ გადაწყვიტა მისი ცოლი გამხდარიყო. სამი წელია გურჯუჩიფთლიქში ცხოვრობს. ეთერმა ისლამი მიიღო, ყურანის კითხვა ისწავლა და ნამაზის ლოცვებიც დაიზეპირა. ინტერესის გამო ეთერს ვეკითხები: `ქრისტიანი იყავით და მუსლიმი გახდით, რას გრძნობთ?~ რაზეც მპასუხობს: `ჩემთვის რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს. ორივე გზას ღმერთთან მივყავართ. უფრო მნიშვნელოვანი მეუღლეებს შორის ურთიერთგაგება და ცხოვრებისეული რეალობაა. საქართველოში პირველი ქორწინებისგან ორი შვილი მყავს. მალე მათი და ნათესავების სანახავად მეუღლესთან ერთად საქართველოში წავალ.~ 
        გურჯუჩიფთლიქის მაცხოვრებლებმა იციან ქართული შელოცვები. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ისინი მღერიან ქართულ სიმღერებს და ქართულად წარმოსთქვამენ მევლიდებს (რელიგიურ მოწოდებები) და სხვადასხვა ლოცვებს. 

ჟურნალი "მამული"
No:1 იანვარი. 1997.


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.