იუსუფელის ქართული სოფლები

იუსუფელის ქართული სოფლები თანერ ართვინლი

იუსუფელის ქართული სოფლები

ართვინის ვილაიეთში შემავალ იუსუფელის რაიონს აღმოსავლეთით არზრუმის ვილაიეთის ოლურისა და ოლთისის რაიონები ესაზღვრება, სამხრეთით _ არზრუმის ვილაიეთის უზუნდერეს რაიონი, სამხრეთ-დასავლეთით არზრუმის ვილაიეთის ისპირის რაიონი, ჩრდილო-დასავლეთით რიზეს ვილაიეთის ჩამლიჰემშინის რაიონი, ჩრდილოეთით ართვინის ცენტრალური, არჰავის და მურღულის რაიონები.
        იუსუფელის რაიონის 60 სოფლიდან 3 ქართულია. დანარჩენი სოფლები ან თურქულია ან მოგვიანებით გათურქებული. ეს ქართული სოფლებია: ბალჯილი (ბარხი, ფარხი), ბიჩაქჩილარი (ხევეკი) და იუქსექობა (ქობაქი).
ბარხის, ფარხის მნიშვნელობა და წარმომავლობა გაურკვეველია. ხევეკი ქართული სახელია, ხოლო ქობაქი ყივჩაყ თურქებში მამაკაცის სახელი იყო.
        ეს სამი სოფელი ერთმანეთის გვერდითაა. ბიჩაქჩილარი და იუქსექობა იუსუფელის ჩრდილოეთით მდაბარეობს და ესაზღვრება არჰავისა და მურღულის რაიონებს. ბალჯილი კი ამ ორი სოფლის შუაშია. 1997 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით ბალჯილიში ცხოვრობდა 176, ბალიქჩილარში _ 648, იუქსექობაში _ 240 კაცი.
ამ სოფლებში ქართული ენის აჭარულ დიალექტზე საუბრობენ. სამივე სოფელში ერთსა და იმავე დიალექტზე ლაპარაკობენ. მხოლოდ სოფ. ბიჩაქჩილარის ილიასხევის უბანში სხვა სოფლებისაგან და უბნებისაგან მცირედად განსხვავებული ქართულით საუბრობენ. ეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ილიასხეველები რამდენიმე განსხვავებულ სიტყვას იყენებენ. გარდა ამისა, სხვადასხვა სოფელში ერთსა და იმავე სიტყვებს სხვადასხვაგვარი ინტონაციით წარმოსთქვამენ. ამ სოფლის მცხოვრებნი თავისუფლად საუბრობენ ბათუმის, ბორჩხა-მაჭახელისა და ორდუ-ფაცა-უნიეს ქართველებთან. თუმცა, ოდნავ უჭირთ სალიტერატურო ქართული ენის გაგება. ბიჩაქჩილარის ილიასხევის უბანში ბავშვებს მშობლიურს არ ასწავლიან, ამიტომ მათ ქართული არ იციან. სხვა ადგილებში ბავშვები ქართულად საუბრობენ.
        უცნობია, როდის მიიღო ამ სოფლებმა ისლამი და ადრე ისინი ქრისტიანები იყვნენ თუ არა. წინაპართაგან არაა დარჩენილი რაიმე გადმოცემა მათი ქრისტიანობის შესახებ. ვინც წინაპართაგან ახსოვთ, ყველა მუსლიმი იყო. სოფ. ბიჩაქჩილარში ილიასხევის უბანში მცხოვრებ აჰმედ ჩორაფჩის შემონახული აქვს წინაპრებისგან დარჩენილი XVII საუკუნის დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ეს სოფლები სულ მცირე სამასი წლის განმავლობაში მუსლიმებით ყოფილა დასახლებული. მეზობლად მდებარე ს. ალთიფარმაქში (პარხალი) შემორჩენილია X საუკუნის ქართული ტაძარი, რომელიც ახლა მეჩეთადაა ქცეული. ამ სამი სოფლიდან კი დღეისათვის არცერთში მათგანშია შემორჩენილი ეკლესია-მონასტრები და მათი ნაშთები.
        სოფლები გაშენებულია მთიან ადგილებში. სოფ. ბალჯილის ცენტრალური უბანი ერთ ვიწრო ფერდობზეა განფენილი. დანარჩენი უბნები ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულია. სთლეკარის უბანი იუსუფელის რაიონის პირობებზე საკმაოდ განიერ, სწორ და მწვანე ხეობაში მდებარეობს. სოფ.Dბიჩაქჩილარში შედის ხეობაში მიმოფანტული მრავალი უბანი, სახნავ-სათესი ტერიტორია და იალაღი. ამ სოფლის შემოგარენი ტყითაა დაფარული. სოფ. იუქსექობას ცენტრი მთის მწვერვალზე მოსწორებულ ადგილზეა გაშენებული. სიმწვანით იგი დანარჩენ სოფლებს ოდნავ ჩამოუვარდება. სოფლის ზამთრის საცხოვრისი ძალიან ქვევით, პარხლის წყლის პირას, სარიგოლთან მდებარე ჭილათის უბანშია. ზოგიერთი ოჯახი სოფ. ქუფლუჯელებთან (ვანისხევი) ერთად აქ იზამთრებს იმის გამო, რომ აქ შედარებით რბილი ჰავაა. გაზაფხულზე კი სოფელში ადიან.
        ამ სოფლებში დიდ ყურადღებას აქცევენ კულტურასა და ადათ-წესებს. ქორწილებსა და დღეობებში გუდასტვირის თანხლებით ადგილობრივ და ართვინის ხალხურ ცეკვებს ასრულებენ. ართვინული ცეკვების ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ქობაქი ჰქვია, სახელს სოფ. ქობაქიდან იღებს. ამავე სოფელს უკავშირდება შემდეგი სიმღერა:

 ქობაქ ქოიუნდენ გეჩთიმ          (გავიარე სოფელ ქობაქში,
 სოღუქ სუიუნდან იჩთიმ            ცივი წყალი დავლიე, 
 გუზელ გუზელ ქიზლარა          ულამაზეს გოგონებს
 სელამ ვერმედენ გეჩთიმ         ისე ჩავუარე, რომ არც კი მივესალმე)

        ეს საცეკვაო სიმღერა ჯგუფურად სრულდება. სიმღერას არაჩვეულებრივად ასრულებს ბაიარ შაჰინი.
სოციალური ღონისძიებებიდან აღნიშვნის ღირსია ფესტივალები, რომელიც 1993 წლიდან მოყოლებული ტრადიციულად იმართება ს. ქობაქის სალიქვანის იალაღებზე. ამ ფესტივალში ძირითადად იუსუფელისა და არჰავის რაიონების მოსახლეობა მონაწილეობს. სალიქვანის იალაღის დღეობები იმართება ყოველი წლის აგვისტოს პირველ კვირას. სოფ. ბალჯილიში ყოველი წლის მაისის მეორე კვირას იმართება ხართა შერკინებები.
        ს. ბალჯილიში არის სავარაუდოდ X საუკუნეში გაყვანილი სავრიეთის წყლის არხი, რომელიც საოცარი სანახავია. გადმოცემის თანახმად იგი თამარ მეფეს აუგია. ამის შესახებ სხვადასხვა სახის ლეგენდებს ყვებიან. სავრიეთის წყლის არხი მართლაც შესანიშნავი ქმნილებაა. სიტყვებით შეუძლებელია მისი განუმეორებელი სილამაზის გადმოცემა. ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ძველი სამეფო გზა ამ სოფელზე გადიოდა.
        სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოდ სხვადასხვა ადგილებშია გაფანტული. ადგილზე დარჩენილები მისდევენ მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას. სოფლებში თითქმის აღარ დარჩნენ ახალგაზრდები.
        სოფ. ბალჯიში არის 6 უბანი: ბალხი ბარი, ჯამი, ორთა მაჰალე, პოლიკერი, სავრიეთი და სთლეკარი.
        სოფ. ბიჩაქჩილარში არის 9 უბანი: გორიეთი, კონობანი, კოდღიგარი, ართანი, ჯამი, დევთისა, ილიასხევი, ქალედიბი და იეთი; სახნავ-სათესი ტერიტორია: ბოზმინდე, კუპრიეთი, ველითხევი და ფიშნარხევი; იალაღები: დუგური, დათისხარა, მანიბევი და ჩიჩაგარა.
        სოფ. იუქსექობაში არის 5 უბანი: ჭილათი, გუნეი მაჰალე, ქუზეი მაჰალე, მახათეთი და ფიქალთავი; იალაღები: ქეთქეთი, ნეკნარი, სალიქვანი და ზოლაგარა.

ჟურნალი "ჩვენებური"
No: 38. ოქტომბერი - დეკემბერი 2000


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.