მეჯიდიე - ერთი ქართული სოფელი

მეჯიდიე – ერთი ქართული სოფელი მურათ შაჰინი

მეჯიდიე - ერთი ქართული სოფელი

  მდებარეობა:
        სოფელი მეჯიდიე ბოლუს მთის საქარიის ილის გაგრძელებაზე, ქარადაღის იმ ფერდობზე მდებარეობს, რომელიც გადაჰყურებს ადაფაზარის ვაკეს. დასახლება ზღვის დონიდან 250-280 მეტრის სიმაღლეზეა. სოფლიდან ქ. ადაფაზარამდე 26 კმ-ია, რაიონულ ცენტრ ქარაფურჩექამდე კი _ 3 კმ.

        მოკლე ისტორია:
        1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ბათუმი რუსების ხელში გადავიდა. რუსები ადგილობრივ მოსახლეობაზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახდენდნენ. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა წინაპრების სამშობლოში დარჩენა და ბრძოლის გაგრძელება, მეორე ნაწილმა კი ოსმალეთში გადასახლება გადაწყვიტა. იმ პერიოდში რუსებს დიდი სამხედრო უპირატესობა ჰქონდათ. ამ პატარა მხარეს დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო. ის, ვინც პირველი გზა აირჩია, იმასაც შეეგუა, რომ მასზე დიდ ზეწოლას მოახდენდნენ და შეიძლება სიცოცხლეც კი წაერთმიათ. წინააღმდეგობა დაიწყო, მოსახლეობა ძალიან სუსტი აღმოჩნდა. 1880-იან წლებში დაიწყო ოსმალეთში მასიური გადასვლები და ქართველების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბათუმის მხარე დატოვა.
        დიახ... ყოველივე, ზოგადად ზემოთქმული თურქეთში არსებული ქართული სოფლებისთვის საერთო სურათია. საქარიის ქარაფურჩექის რაიონის სოფ. მეჯიდიეც ერთ-ერთი მათგანია. მთის ფერდობზე განლაგებული სოფელი მედიდურად გადაჰყურებს ადაფაზარის ვაკეს. ეს ადგილები ბათუმის შემოგარენს წააგავს. შემთხვევითი არ არის, რომ სოფელი აქაც მთაზე, ტყიან ადგილასაა გაშენებული. მთიან და ტყიან ადგილებს შეჩვეულმა ქართველებმა საცხოვრებლად აქაც ასეთი ადგილი შეარჩიეს.
        ხალხი სოფ. მეჯიდიეს გავურჰარმანის ეძახის. მართალია სოფელს დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ ამ ადგილებში სხვადასხვა დროს ხეთები, ფრიგიელები, ლიდიელები, სპარსელები, ბითინიელები, ბიზანტიელები და ოსმალები მბრძანებლობდნენ. აქიაზი და მისი შემოგარენი (სოფელიც მასში შედიოდა) 1326 წელს ქონურალფმა დაიპყრო. ეს ტერიტორიები 1337 წელს ქოჯაელის სანჯაყში შეიყვანეს. სოფ. მეჯიდიე 1954 წელს ადაფაზარი ილი გახდა და აქიაზის ყაზაში შემავალი, ამ ერთეულის შემადგენლობაში მოექცა. 1991 წელს სოფ. მეჯიდიე ქარაფურჩექის რაიონს დაუქვემდებარეს. სოფელში კეთილმოწყობილი სახლები აქვთ, რომლებიც ბაღშია ჩადგმული. ყველა სახლს ირგვლივ დიდი ბაღი აკრავს. ამ ბაღებში არის თხილის, ხილ-ბოსტნეულ, ალვის ხეების ნარგავებია. ბაღშივე დგანან ისეთი დამხმარე ნაგებობები, როგორებიცაა ბოსელი, ნალია, საქათმე, პურის საცხობი, ფარეხი და ა.შ. იმის გამო, რომ გარშემო ბევრი ტყეა, სოფელში ძირითადად ხის სახლებია. 140 კომლიან სოფელში სახლების 55 % (77 სახლი) ხისაა, 45 % კი ბეტონისა, თუმცა აღნიშნული მაგრამ რაოდენობა ბეტონის სახლების სასარგებლოდ სწრაფად იცვლება.

        მოსახლეობა:
        სოფელში 800-ზე ოდნავ მეტი კაცი ცხოვრობს. თითქმის ყველა ქართველია. სოფლის მოსახლეობა, იმაზე ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე ამ მომენტში აქ მცხოვრებთა რაოდენობაა. მოსახლეობა უმეტესობა ახლა სტამბოლში, ადაფაზარში, მახლობელ რაიონებში და ევროპაში ცხოვრობს. სოფელში სოფლის პირველ მკვიდრთაგან ცოცხალი აღარავინაა. მათი შვილები კი უხუცესები არიან. დღეს სოფელში მეოთხე და მეხუთე თაობა ცხოვრობს. წინა თაობებმა ქართული კარგად იციან, ახალგაზრდებთან კი მდგომარეობა სხვაგვარადაა. ეს განსაკუთრებით მეხუთე თაობას ეხება. მათ ქართული ესმით, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ. 
        სოფლის მოსახლეობა 1995 წელს 759 კაცს (379 მამაკაცი, 380 ქალი) შეადგენდა. ერთის მხრივ სოფელში შობადობამ იკლო, მეორეს მხრივ კი მიგრაციის დონე ამაღალდა, რის გამოც ბუნებრივი მატება ძალიან მცირეა, ზოგჯერ კი საერთოდ არ არის. სოფ. მეჯიდიე ქარაფურჩექის რაიონში მდებარე 10 სოფლიდან ყველაზე დიდია. მაგრამ მოსახლეობის მატების თვალსაზრისით დაბლა დგას და მე-8 ადგილი უჭირავს. სოფლიდან ძალიან ბევრი ადამიანია წასული, ამის მიუხედავად სოფლის დავთარში 4.365 კაცია რეგისტრირებული. ეს რიცხვი სოფლის მთელი მოსახლეობის აღმნიშვნელია. სამწუხაროდ, სოფელში განათლების დონე ძალიან დაბალია. წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა 88 %-ია. მაგრამ მათ მხოლოდ დაწყებითი განათლება აქვს მიღებული (სოფლის მოსახლეობის 60 %-ს დაწყებითი, 3,7 %-ს საშუალო განათლება აქვს მიღებული. 13,2 % კი ჯერაც სწავლობს. უმაღლესი განათლებით 1 კაცია). მართალია განათლების საერთო დონე დაბალია, მაგრამ ბოლო წლებში აზროვნების წესის შეცვლასთან ერთად ამ დონემ სწრაფი აღმასვლა. 
        სოფლის ქორწილებში ქართული ქორწილის წეს-ჩვეულებები უკვე აღარაა დაცული, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველა სახლში უცვლელია. დიახ... ეს ქართული კერძებია. სოფ. მეჯიდიეში დღესაც აკეთებენ ტრადიციულ ფხალს, ფხალობიას, ქალაჯოს, კერჩხს, ქურუთს და ა.შ.
 

ეკონომიკა:
სოფლის მიწების 91 %-ზე თხილის პლანტაციებია გაშენებული, ამდენად თხილს სოფლის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს. იმის გამო, რომ სოფელი ტყის სიახლოვესაა, სატყეო მეურნეობის განვითარების დონე მეორე ადგილზეა. აქ მოწყობილი აქვთ ხე-ტყის გადამამუშავებელი წერტები. ამის გარდა მისდევენ მეფრინველეობას. ყოველწლიურად 18-46 ოჯახი აბრეშუმის ჭიას უვლის. სოფლის 114 კომლს საქონელი ჰყავს. ეს ძირითადად რქოსანი პირუტყვია. 
        სოფელში ყოველწლიურად 250-300 ტონა თხილი, 60 ტონაზე მეტი სიმინდი და 50 ტონაზე მეტი ხორბალი მოყავთ. სიმინდს და ხორბალს არა გასაყიდად, არამედ საჭიროებისამებრ იყენებენ. ბოლო პერიოდში ძალიან შემცირდა ნალიების რაოდენობა, რომლის ძირითადი დანიშნულება სიმინდის შენახვაა. 
        სოფ. მეჯიდიეს ყველა კუთხეშია აქ პირველ გადმოსახლებულთა მიერ ბათუმიდან ჩამოტანილი ხეების ჯიშები, რომლებსაც მეზობელ სოფლებში ვერ შეხვდებით. ამიტომ ადამიანი უნდა, არ უნდა იტყვის, რომ ეს ყველაფერი ისეა, როგორც ბათუმში. აქ ალვის ხეებსაც რგავენ, ალვის ხეებს გარკვეული დანიშნულება აქვთ.

        დასკვნა:
        სოფ. მეჯიდიეს ეკონომიკური პოტენციალის სრული გამოყენება არ ხდება. ამის მიზეზი მიწათმოქმედების მეთოდების და საშუალებების მოძველებაა. სოფელში ყველა მეთხილეობაზეა გადასული. საჭიროა ახალი გზების ძიება. ძალიან კარგი პირობებია მერძევეობის, მესაქონლეობის, მეფუტკრეობის და მეკალმახეობის განვითარებისთვის. შემოსავლის ამ წყაროების ამოქმედების შემდეგ შემცირდება ხე-ტყის გაჩეხვის შედეგად წარმოშობილი გარემოს დაცვის პრობლემები. კეთილი მიზნების მისაღწევად უმთავრესია სოფ. მეჯიდიეს მიწათმოქმედების აღორძინების კოოპერატივის გააქტიურება.
        საბჭოთა კავშირში დაწყებული გარდაქმნის პოლიტიკის შედეგად, 1989 წელს თურქეთისა და საქართველოს საზღვრები გაიხსნა და სოფ. მეჯიდიეს მკვიდრებმა ბათუმში საკუთარი ნათესავები მოძებნეს. მათ შორის მიმოსვლა და ურთიერთობა დღესაც გრძელდება. სოფ. მეჯიდიე ბათუმიდან საკმაოდ დაშორებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, სოფელს გარეგნულად და ყოველ მხრივ ეტყობა ბათუმის გავლენა. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ სოფ. მეჯიდიეს, ისევე როგორც თურქეთის დანარჩენ ქართულ სოფლებს, დიდი პოტენციალი აქვს თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობანი განავითაროს.

      
ჟურნალი "ჩვენებური"
No: 30. ოქტომბერ-დეკემბერი. 1998


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.