1922-1980
როზეტა გუჯეჯიანი
ტარიელ ფუტკარაძე
"მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე"
ახმედ მელაშვილი
XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი ქართველი, ახმედ მელაშვილი (1922-1980 წწ.) ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალია. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ახმედ მელაშვილის შესახებ თურქეთში პირველი აკადემიური წერილი გამოქვეყნდა 1993 წელს აღდგენილ ჟურნალ “ჩვენებურების” პირველ ნომერში(*1). ახმედ მელაშვილის შესახებ გამოკვლევები და მოგონებები საქართველოში აქტიურად იბეჭდება 1990 წლიდან (ალექსანდრე ჩხაიძის მოგონებებით დაწყებული: ჟურნალი "ჭოროხი", 1990, 1). 1996 წლიდან ახმედის შესახებ საინტერესო ცნობები აქვს ქ-ნ ლია ჩლაიძეს(*2). ჟურნალ “ჩვენებურების” 2005 წლის მე-2 ნომერი მთლიანად მიეძღვნა ახმედ მელაშვილს. აქ არის ახმედ მელაშვილის შედარებით სრული ბიოგრაფია (# 2). ახმედის შესახებ ბევრი იწერება დღესაც.
XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი ქართველი, თურქეთში მოღვაწე ახმედ მელაშვილი (1922-1980 წწ.) ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი იყო.
ცნობილია, რომ XIX საუკუნის 80-იან წლებში ქართველთა ნაწილი იძულებული გახდა, საცხოვრებლად ოსმალეთის იმპერიაში გადასულიყო, მათ შორის ახმედ მელაშვილის წინაპრებიც იყვნენ. გრძელი და მძიმე გზა განვლეს ჩვენებურებმა _ მუჰაჯირმა ქართველებმა; მათ რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ დაატოვებინეს მშობლიური ადგილები აჭარაში, მაჭახელში, ისტორიულ ნიგალში, ლაზეთში, შავშეთსა და ტაოში. ისტორიული საქართველოს ამ მხარეებიდან ქართველები გაასახლეს იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდებოდა ქართული მიწა ქართველების გარეშე, ოსმალეთს კი _ იაფი მეომარი და მიწის მეურნე-მუშახელი შუა თურქეთში.
შუა თურქეთამდე დიდი ტანჯვა-წამებით მიღწეულმა ქართველებმა ქართული ეთნიკური დასახლებები შექმნეს და საუკუნის მანძილზე თითქმის უცვლელად შემოინახეს დედაენა და ქართული ცნობიერება.
სწორედ მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებმა _ თურქეთის მოქალაქე რჩეულმა ქართველებმა _ XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, გააცნობიერეს რა ეთნიკური ასიმილაციის საფრთხე, დაიწყეს მოძრაობა ქართული იდენტობის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. შექმნეს “ქართული დედაენა” და ჟურნალი “ჩვენებურები”; ინტენსიურად დაიწყეს საუბარი თავიანთი ქართული წარმომავლობის შესახებ. ამ მოძრაობის სათავეში ედგა ცენტრალურ თურქეთში მცხოვრები ახმედ მელაშვილი-ოზქანი.
ახმედ მელაშვილი დაიბადა 1922 წლის 10 ივნისს ბალიქესირის მხარის, გონენის რაიონის სოფელ ქოჩბაირში. მუჰაჯირობის დროს მისი წინაპრები ამ მხარეში გადასახლებულან სოფელ არხავეთიდან (სოფელი არხავეთი მდებარეობს იქ, სადაც მდინარე მურღული უერთდება ჭოროხს). მათი ოსმალური პერიოდის გვარი იყო უზუნ ალიოღლი.
ახმედ მელაშვილმა ენა ქართულად აიდგა: მისი მშობლების საოჯახო ენა _ დედაენა იყო ქართული. ახმედის მამა _ თევფიქი _ ხისა და ქვის სახლების მშენებელი ცნობილი ოსტატი ყოფლია. დედა _ სანიე _ ადრე გარდაიცვალა და მამამ მარტომ გაზარდა 6 შვილი, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი. ახმედის მამა ცნობილი ხითხურო და მომღერალი იყო; მოწაფეებსა და შვილებს ხელობაში (მშენებლობაში) შეცდომებს პატიობდა, მაგრამ ქართულ სიმღერაში _ არა. სწორედ მამის სიმღერით შეიმეცნა ახმედმა თავისი ქართველობა.
იბერია მელაშვილის ცნობით, ბავშვობისას ახმედი მამას სახლის გადახურვაში ეხმარებოდა და სახურავიდან გადმოვარდნილა და ფეხი მოუტეხავს; ამის შემდეგ დაკოჭლებულა.
მათ ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა, მაგრამ სწავლის გაგრძელების მოსურნე ახმედს ყველანი მხარში ამოუდგნენ და შესაძლებლობა მისცეს, საშუალო განათლება ბანდირმასა და ბალიქესირში მიეღო. ამავე პერიოდს უკავშირდება ახმედის მიერ ქართული ანბანის შექმნის მცდელობა: მან მაშინ არ იცოდა, რომ ქართველებს მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა გვქონდა.
ბალიქესირშივე დაიწყო ახმედმა გურჯების შემოკრება, მაგრამ ისინი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ, სრულიად არაფერი იცოდნენ პირვანდელი სამშობლოს – საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. მიუხედავად, ისტორიული ცოდნის სიმწირისა, ეს ჯგუფი ცდილობდა საკუთარი ეროვნული წარსულის გაცოცხლებას და ქართველობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.
1940 წელს ახმედი ქალაქ იზმირის ლიცეუმში ჩაირიცხა. 1944 წელს ჯარში გაიწვიეს და სწორედ ამ დროს შემთხვევით გაიცნო პირველი ქართველი (აქამდე მხოლოდ თურქეთელ ქართველებს იცნობდა) –ევროპაში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც ბევრი რამ მოუთხრო ახმედს საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. მანვე გააცნო ძველისძველი ქართული ანბანი და მიასწავლა ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ქართველთა მოძიება, ქართული კულტურის გაცნობა: ეს იყო სტამბოლის ქართველთა სავანე _ სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის დიდი ქართული ბიბლიოთეკა.
იზმირის შემდეგ ახმედმა სწავლა განაგრძო სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე.
სტამბოლში ყოფნისას იგი უფრო დაუახლოვდა სტამბოლის ქართველთა სავანეს. სავანეში მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით მან კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.
1946 წელს უსახსრობისა და ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო გამო ახმედმა შეწყვიტა უნივერსიტეტში სწავლა. სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მხოლოდ მოგვიანებით მიეცა.
ახმედ მელაშვილი ორი წლის განმავლობაში იზმირის საქალაქო საქმეთა არქიტექტურის ბიუროში მუშაობდა, 1954-1959 წლებში კი _ ფრანგულ-თურქულ წყალსაცავების სამშენებლო კომპანია “ემქრარში”.
ქალბატონი იუქსელ ერგუნი, მაჭახლელი მუჰაჯირების შთამომავალი და დიდებული მოქართულე, ახმედ მელაშვილის მეუღლე ჩვენთან საუბარში იხსენებს:
“სტამბოლში სწავლის დროს ახმედმა გაიცნო ჩემი ბიძა - ნური ერგუნ ჯინჭარაძე... ჩემი ბიძა ისტამბულ ცხოვრობდა, მე რომ დავობლდი, ბიძამ თავისთან წამიყვანა; ახმედი მაშინ იზმირში მუშაობდა და ზოგჯერ მოდიოდა ბიძასთან; ასე გამიცნო. მე გაუთხოვარი მამიდა მყავდა, რომელიც Bბიძასთან ცხოვრობდა. მამიდაჩემი ერთ ქართველ გოგოს ურიგებდა ახმედს, მაგრამ ახმედმა ბიძაჩემისგან მალულად უთხრა მამიდაჩემს, შენი ძმიშვილი მიყვარსო... ასე მოხდა ეს ამბავი: ის გოგო არ იქნა და ღმერთისგან ჩემი ყისმეთი ყოფილა...”
1955 წელს აჰმედი და იუქსელი დაქორწინდნენ და საცხოვრებლად დასახლდნენ ინეგოლის რაიონის ქართულ სოფელ ჰაირიეში. 1956 წელს ახმედ და იუქსელ მელაშვილებს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც სახელად იბერია დაარქვეს; 1957 წელს კი დაიბადა მათი ქალიშვილი _ თამარი.
1959 წლიდან ახმედი ოჯახთან ერთად ბურსაში გადავიდა საცხოვრებლად, იქ იგი არქიტექტურულ ბიუროში მუშაობდა. შემდეგი წლიდან კი სტამბოლში ჩავიდა და ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო შეწყვეტილი სწავლა გაგრძელა: სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი ახმედმა 1962 წელს დაამთავრა.
1962 წელს ახმედმა მუშაობა დაიწყო ბურსაში, ბაინდირლიქის გამგეობაში კონტროლიორი ინჟინრის თანამდებობაზე (გ. კალანდია, აჰმედ მელაშვილი, ჩვენებურთა ბელადი, თბ., 2010, გვ., 55).
ბურსის გარშემო ქართველთა 16 სოფელი, მათ შორის, ჰაირიეც მდებარეობს. ჰაირიეში ახმედმა 1961 წელს დააფუძნა თურქეთში ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი. ამ ორგანიზაციის დაარსებით ახმედი მიზნად ისახავდა ქართველების განათლებისა და ბიზნესისთვის ხელის შეწყობას; იგი ინეგოლელ რჩეულ ქართველ ახალგაზრდებს სამუშაოდ აგზავნიდა გერმანიაში. ახმედი ცდილობდა ეკონომიკურად ძლიერი თაობის გარს შემოკრებას: მათთან ერთად აპირებდა დიდი გეგმების განხორციელებას. ცნობილია, ახმედ მელაშვილი ნიჭიერი არქიტექტორი იყო და მას, ცხადია, უზრუნველი პირადი ცხოვრების მოწყობაც შეეძლო, მაგრამ ის მთელ თავის ენერგიას და ფინანსებს ქართულ საქმეს _ ქართველების ეთნიკური თვითშეგნების გამოღვიძებას ახმარდა.
50-იანი წლების ბოლოდან ახმედი დაუკავშირდა საქართველოში მცხოვრებ ქართველებს.იმ პერიოდისათვის საქართველო ანექსირებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ. საბჭოთა იმპერიის საზღვრებში მოქცეული საქართველოს ქართველები, ბუნებრივია, მეტად შეზღუდულნი იყვენენ უცხოელებთან ურთიერთობის საკითხებში, ამიტომ ახმედ მელაშვილი ცდილობდა ემიგრანტ ქართველებთან დაახლოებასაც, ვინაიდან იქ არსებობდა რუსეთის იმპერიისაგან თავისუფალი ქართული აზრი და გამოცემები. ახმედი გაეცნო და დაუმეგობრდა პარიზში მყოფ ემიგრანტებს და იქაურ ქართველთა თავისუფალ გამოცემას _ ჟურნალ“თავისუფლების ტრიბუნის” ჯგუფს.
ამავე პერიოდში ახმედ მელაშვილმა ქალაქ ინეგოლის ცენტრში დაარსა “კავკასიის კულტურის საზოგაოება”. ახმედი თანაბრად ზრუნავდა სხვა კავკასიელ ხალხებზეც, რომელთა წარმომადგენელებიც, ასევე, თურქეთში ცხოვრობდნენ (დევნილნი რუსეთის იმპერიისგან, მუჰაჯირთა შთამომავლები). ამ ცენტრის შექმნით ახმედ მელაშვილი ცდილობდა, გადაერჩინა და შემოენახა კავკასიური კულტურა. იგი ინარჩუნებდა არა მარტო ქართულ ფოლკლორს, არამედ სხვა კავკასიელ ხალხთა ეთნო-კულტურებსაც. ამის გამო ახმედ მელაშვილი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მხოლოდ ქართველებს შორის: მას დიდ პატივს სცემდნენ თურქეთის აფხაზური და ჩრდილო-კავკასიური დიასპორები.
ახმედ მელაშვილმა მიზნად დაისახა სოფელ ჰაირიეში ქართული კულტურის სახლის აგება. მშენებლობა ქართველთა მიერ გაღებული შემოწირულობებით ხორციელდებოდა. სახლის მშენებლობა დასრულდა ახმედის მკვლელობის შემდეგ. ამჟამად ეს სახლი – როგორც ქართული კულტურის კერა – მოქმედია და მის საქმიანობას ადილობრივი ქართველები წარმართავენ.
ახმედ მელაშვილის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტია 1968 წელს თურქულად დაწერილი წიგნი “გურჯისტანი”. წიგნში მოთხრობილია საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების და ფოლკლორის შესახებ. წიგნის გამოცემაში ახმედს ფინანსურად სხვა თურქეთელი ქართველებიც დაეხმარნენ. წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელ თურქეთის ქართველობაში და მან, რასაკვირველია, თურქეთის ხელისუფლების ყურადღებაც მიიქცია. ახმედ მელაშვილი დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს ისლამისა და თურქეთის უპატივცემულობა, ასევე, კომუნისტური იდეების პროპაგანდა. იგი ორი თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. შემდეგ კი სასამართლომ გაათავისუფლა და წიგნის გავრცელების ნებაც დართო.
“გურჯისატნის” გამოცემა ეპოქალური მოვლენა იყო თურქეთის ქართველებისათვის. იქაურ ჩვენებურებს პირველად მიეწოდათ რეალური მასალა ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.
1977 წელს ახმედ მელაშვილმა მოამზადა და გამოსაცემად ევროპაში გაგზავნა ჟურნალ“ჩვენებურების“ პირველი ნომერი. ჟურნალი შვედეთში, სტკჰოლმში გამოსცა თურქეთელმა ქართველმა შანვერ აქინმა (შალვა თევზაძემ).
ჟურნალის გამოცემა უდიდესი მოვლენა იყო თურქეთის ქართველთა კულტურულ-სოციალურ ცხოვრებაში _ ეს თურქეთის მუსულმან ქართველთა პირველი ქართული ჟურნალი იყო. “ჩვენებურებში” იბეჭდებოდა ქართველთა ყოფა-ცხოვრების, კულტურის და სხვ. ამსახველი მასალები. ჟურნალი ძირითადად, თურქულენოვანი იყო, მაგრამ მასში წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი სტატიებიც. თურქეთის ქართველობის ეთნიკური თვითშეგნების გაღვივების თვასაზრისით ამ გამოცემამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. ჟურნალი “ჩვენებური” წარმოადგენდა თურქეთის ქართველთა გამაერთიანებელ უმნიშვნელოვანეს ძალას.
ახმედ მელაშვილის მოღვაწეობის მრავალი ასპექტია ცნობილი: მან დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ეროვნულ ფოლკლორს. შეკრიბა თურქეთში გადასახლებულ ქართველებში შემორჩენილი ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშები, ლეგენდები, გადმოცემები, საგვარეულო ისტორიები, ანდაზები, გამოცანები, სიმღერათა ტექსტები და სხვა სახის მასალები.
ახმედ მელაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობის კიდევ რამდენიმე მიმართულებაა ცნობილი: მან თურქულად თარგმნა და გამოსცა ქართული ლიტერატურის ნიმუშები _ ქართველ კლასიკოს მწერალთა შემოქმედება, გამოაქვეყნა სტატიები საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ახმედ მელაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა “ვეფხისტყაოსანს”, მაგრამ მისი გამოცემა ვეღარ მოასწრო (ა. ნიკოლეიშვილი, “ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში”, ქუთაისი, 2009, გვ. 173-191).
ახმედ მელაშვილის ცხოვრების გზა უამრავი ყოფითი პრობლემით იყო დატვირთული. ყოფით პრობლემებს, თურქეთის სახელმწიფო აპარატის მხრიდან მომდინარე წნეხიც ემატებოდა. თურქეთის მესვეურთა იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური სტრატეგია არ ითვალისწინებდა ადგილობრივი ეთნიკური კულტურების განვითარებასა და მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ახმედ მელაშვილის გეზი და მიმართულება – ქართველთა შორის ეთნიკური იდენტობის გაღვივება და გაძლიერება, რასაკვირველია, თურქეთის ხელისუფლების ერთი ნაწილის უკმაყოფილების საბაბი იყო. ახმედ მელაშვილს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა.
70-იან წლებში ახმედმა შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. ამან, ცხადია, თურქეთისა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მხრიდან მეთვალყურეობის გაათმაგება გამოიწვია. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი თავის ქართველ თანამშრომლებს საშუალებას არ აძლევდა, რომ ახმედ მელაშვილისათვის უანგარო დახმარება გაეწიათ ქართული ენისა და კულტურის აღორძინებისათვის ბრძოლის პროცესში. მეტიც, ალბათ, ახმედ მელაშვილმა ისიც გააცნობიერა, რომ რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები მასთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდნენ ქართველ მეცნიერებსა და მწერლებს (ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ფრიდონ ხალვაშის მოგონებები).
1978 წელს საქართველოში უკანასკნელად იმყოფებოდა ახმედ მელაშვილი, იგი გულმოკლული წავიდა სამშობლოდან. მან თვალნათლივ დაინახა საბჭოთა იმპერიის მიერ ოკუპირებული საქართველოს მძიმე რეალობა. რასაკვირველია, რუსეთის საბჭოთა იმპერიის ზრახვები და მიზნები თავიდანვე ცხადი იყო ახმედ მელაშვილისათვის, მაგრამ სბაჭოთა საქართველოში ქართველთა უუფლებო ყოფას მაინც მეტად მტკივნეულად აღიქვამდა დიდი მამულიშვილი. ამ საოცარი მასშტაბის მოღვაწემ მთელი სიმძაფრით გააანალიზა, რომ საბჭოთა საქართველოში თითქმის ყველაფერს იმპერიიის ხელისუფლება (კრემლი) განაგებდა.
მიუხედავად ამისა, სხვა საქართველო მაინც არსად არსებობდა და ახმედ მელაშვილი ახალგაზრდებს სასწავლებლად აგზავნიდა საბჭოთა საქართველოშიც. ამ შემთხვევაში მას სურდა, თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდები საქართველოში (თბილისში) დაუფლებოდნენ აკადემიურ ქართულ ენას, გასცნობოდნენ ქართულ კულტურას და შემდეგ, უკან, თურქეთში მასწავლებლებად დაბრუნებულიყვნენ. მაგალითად, ახმედ მელაშვილმა შეუწყო ხელი ერგუნ ათაბაის(*3) , შევქეთ შირინს(*4) და მეჰმედ სევალს(*5); მათ საქართველოში მიიღეს საფუძვლიანი განათლება და დღეს წარმატებული მოღვაწეები არიან.
ახმედ მელაშვილის ეს იდეა ყოველთვის აქტუალური იქნება: თურქეთსა თუ სხვა სახელმწიფოებში მცხოვრებმა ამჟამინდელმა თუ მომავალმა თაობებმა მუხლჩაუხრელად უნდა იშრომონ, დიდი ქართული კულტურის შეთვისებისა და განვითარებისათვის.
აჰმედ მელაშვილი-ოზკანი მოკლეს 1980 წლის 5 ივლისს ბურსაში. ამ თავდასხმისას მძიმედ დაჭრეს ახმედის ვაჟიც – იბერია. საბედნიეროდ, იბერია სიკვდილს გადაურჩა.
6 ივლისს ახმედი დაკრძალეს ჰაირიეში.
ახმედ მელაშვილის დაღუპვა დიდი ტრაგედია იყო თურქეთის ქართველებისათვის (და არა მხოლოდ მათთვის).
ახმედის მეგობრის შვილი _ მუნურ გულთექინი იგონებს:
“ბატონი ახმედი რომ მოკლეს, მაშინ 15 წლის ვიყავი... მამაჩემმა ხასან ბასრმა მითხრა, ახმედი დიდი კაცია; ეს არის კაცი, ვისგანაც პირველად გავიგონე ქართული მისალმება: გამარჯობა.მამაჩემს მაშინ მისთვის უთქვამს: “არ ჯობია მუსლიმანური წესი დაიცვა და თქვა: სელაიმ ალეიქუმო”; მას უპასუხია: “ღმერთი ერთია; მე ჩვენს დედაენაზე გებნევი გამარჯობას”. დიდი რომ გავხდი, მამაჩემისა და ბიძაჩემების აგებული სასტუმრო რომ ჩავიბარე, საბუთებში ვნახე, რომ ჩვენი სასტუმრო ახმედ ოზქანის დაპროექტებული და აშენებული იყო”.
ახმედის მკვლელობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს:
თურქეთში გამოქვეყნებულ ახმედ მელაშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიაში (რომელიც მომზადებულია “ჩვენებურის” რედაქციის მიერ) ვკითხულობთ: “ახმედ მელაშვილის საქმიანობას ვერ ეგუებოდნენ ბნელი ძალები... 1980 წელს 5 ივლისს, შაბათს, დილით 9 საათზე სახლიდან გამოვიდა ვაჟიშვილთან ერთად. ქუჩაში გამოსულებს მუხანათურად ჩაუსაფრდნენ და არაადამიანურად, ისე რომ ხელიც არ აუკანკალდათ, ესროლეს. ტყვიამ აჰმედს კისერში გაუარა და იქვე გარდაიცვალა. მის ვაჟს _ იბერიას _ ერთმა ტყვიამ წვივში, მეორემ კი მარჯვენა მხარსა და ფილტვში გაუარა; იბერია გადარჩა...” (ჟურნალი “ჩვენებური”, 2005 წლის მე-2 ნომერი, გვ. 4; თურქულიდან თარგმნა გ. ქამუშაძემ).
საქართველოში უფრო გავრცელებული ვერსიით, “აჰმედ მელაშვილი მოკლეს თურქული ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფების _ “რუხი მგლების” _ აქტივისტებმა” (http://www.bestgeorgians.ge/index.php?pg=nms&id=182).
ადგილობრივ ქართველთა მონათხრობით, (ინეგოლელი ბიზნესმენი, მუნურ გულთექინი//მიშა გულიაშვილი): “1980 წელს თურქეთში დიდი განუკითხაობა იყო; ვინ ვის კლავდა არავინ იყო გამრჩევი; ერთმანეთს გადამტერებულნი იყვნენ მემარცხენეები (კომუნისტები) და მემარჯვენეები (ნაციონალისტები); ნაციონალისტების რადიკალურ ფრთას ერქვა: “მგლები”. ახმედამდე მოკლეს თერძი ჰასანი _ ინეგოლში მემერჯვენეების (ნაციონალისტების) აქტიური წევრი. როცა ახმედ მელაშვილი მოკლეს, მაშინ მემარჯვენეებმა გაავრცელეს ხმა: თერძი ხასანის სისხლი ავიღეთო. ამ მოარულ ინფორმაციას გარკვეული საფუძველი ჰქონდა: ახმედ მელაშვილი იყო მემარცხენე “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” წევრი(*6). რამდენადაც ვიცი, ბ-ნ ახმედს მეგობრები ჰყავდა “მემარჯვენეებშიც”. ახმედს გამორჩევით უყვარდა საქართველო, ქართული კულტურა, თავისი გენი. ახმედს ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ქართველებთან, მათთან ვინც იმ დროს ჩამოდიოდა თურქეთში. მაშინ საქართველოს სახელმწიფო არ იყო; ზოგი რადიკალისთვის კომუნისტური რუსეთის (საბჭოთა კავშირის) მოქალქეებთან ურთიერთობა უკიდურეს მემარცხენეობად _ კომუნისტობად აღიქმებოდა და შეიძლება ამიტომაც გაწირეს სასიკვდილოდ. ჩემი აზრით, თურქეთის მოქალქე ქართველებმა ქართული კულტურა, ენა უნდა შევინახოთ და განვავითაროთ; ქართული წერა-კითხვა ყველა ქართველმა უნდა ისწავლოს. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. ამ ახალ დროში ახმედ მელაშვილის გზა ყველამ უნდა გავაგრძელოთ _ ეს არის ახმედ მელაშვილის ანდერძი. ბატონ ახმედს თურქეთიც უყვარდა და თავისი ქართველობაც. ის სწავლობდა და სხვასაც ასწავლიდა საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურას”.
ბუნებრივია, რომ თურქეთის მოქალაქე ქართველი პატრიოტის ურთიერთობები საბჭოთა კავშირის ქართული წარმომავლობის მოქალქეებთან, “ცივი ომის” პირობებში ბევრის მიერ აღიქმებოდა, როგორც ლოიალობა საბჭოთა რუსეთისადმი. ჩვენ უფრო სარწმუნოდ გვეჩვენება შემდეგი ვერსია:
ყველასთვის ცნობილია, რომ XX საუკუნის 60-70-იან წლებში კრემლის ინტერესებში ნაკლებად შედიოდა ქართული ცნობიერების გაღვიძება საქართველოში, თურქეთსა თუ რუსეთში. საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები თავდაპირველად შეეცადნენ ახმედ მელაშვილის ქართველობის წახალისებას შემდეგ კი მის გამოყენებას; კერძოდ, სავარაუდოა, მათ სურდათ ახმედ მელაშვილი გამოეყენებინათ თურქეთში საბჭოთა სოციალისტური იდეების გასავრცელებლად, მაგრამ ახმედ მელაშვილისგან მძაფრი უარყოოფითი რეაქცია მიიღეს (ეს კარგად ჩანს ფრიდონ ხალვაშის მოგონებებში). არ გამოირიცხება, რომ სწორედ ამის გამო საბჭოთა სპეცსამსახურებსაც ხელს აძლევდათ ახმედ მელაშვილის სიკვდილი.
თურქეთში ბევრ ქართველს ვიცნობთ: მათ დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ახმედმა თურქეთის ქართველობა გააღვიძა. მათში ეთნიკური ფესვებისადმი ინტერესი გააცოცხლა. გვახსენდება ფევზი ჩელების ვებგვერდზე გამოტანილი წარწერა: "ახმედ მელაშვილის ხსოვნაც კი ქართული კულტურისთვის ხელის
შეწყობაა" (http://www.fevzicelebi.com). ჩვენი აზრით, მრავლისმეტყველია ფევზის შემდეგი მონათხრობი:
ახმედის მკვლელობით დიდი ხნით შეფერხდა ქართველთა ეთნიკური კულტურის გადარჩენის საქმე. ოსმან ნური მერჯანი (ოთარ იმედაშვილი):
“თურქეთის მოქალაქე ვარ, ვცხოვრობ სტამბულში და ჟურნალ “ჩვენებურს” ვუშვებ, ვხელმძღვანელობ ამ ჟურნალის მომზადებასა და გამოცემას. ჟურნალი “ჩვენებური” თურქეთში პირველი ჟურნალია ქართული ენისა და კულტურის შესახებ, თურქეთელი ქართველებისა და სხვა ხალხებისთვის; მისი პირველი ნომერი დაიბეჭდა შვედეთში, სტოკჰოლმში 1977 წელს. მაშინ ცოცხალი იყო ახმედ ოზქან-მელაშვილი; მან და მისმა მეგობრებმა უკვე თურქეთში, ბურსაში გამოუშვეს მეორე ნომერი. 1980 წლამდე, სანამ ახმედ ოზქანი ცოცხალი იყო, მე-7 ნომრამდე იქ იბეჭდებოდა. 1980 წელს ახმედ მელაშვილი მოგვიკლენ პოლიტიკური ამბების გამო და 13 წელი, იმ დროს თურქეთში ცუდი ამბები იყო, ჟურნალი არ იბეჭდებოდა, ჟურნალს პატრონი არ ჰყავდა, ჟურნალს, ფაქტობრივად, ეძინა”.
ახმედ მელაშვილის მოღვაწეობის შედეგი თურქეთის ქართველთა ეთნიკური თვითშეგნების ზრდა და შემდგომი განვითარებაა: 90-იანი წლებიდან თანდათანობით ძლიერდება თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირი ქართველების შთამომავლების დიასპორები (სტამბოლში, იზმითში, ხენდეკში, დუზჯეში, ამასიაში, ადაფაზარში...). სადღეისოდ სტამბოლში გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-თურქული) რამდენიმე აკადემიური ჟურნალი თუ ბიულეტენი; მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორენოვანი ჟურნალი “ფიროსმანი”(მისი რედაქტორია ცნობილი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ფაჰრეთინ ჩილოღლუ [ფარნა ჩილაშვილი] და საინტერნეტო გამოცემა Chveneburi.Net; ასევე, არის რამდენიმე საინტერნეტო ქართული რადიო და ა.შ.
თურქეთის მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებსა და ავტოქტონ ქართველებს (ისტორიულ ტაო-კლარჯეთში) არ სურთ ქართველობის დაკარგვა, თურქეთის ქართველები ისევ ცივილიზებული გზით ცდილობენ თავიანთი ეროვნული ღირსების, ქართული ეთნიკური იდენტობისა და კულტურის შენრჩუნებას. ამავე დროს, ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოებრივი ღირსების მქონე თურქეთის მოქალაქეებს. იმედია, თურქეთის ხელისუფლება თანდათანობით მეტ ყურადღებას მიაქცევს მისი მოქალაქეების – ეთნიკური ქართველების _ ტრადიციული კულტურის გადარჩენისა და ქართველთა ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების პრობლემას. ეს ყოველი ცივილიზებული სახელმწიფოს ვალია.
მოწამებრივმა სიკვდილმა უფრო გააძლიერა ახმედ მელაშვილი:
დიდი ილია ჭავჭავაძის მსგავსად ეროვნული იდეებისთვის მოკლული ახმედ მელაშვილი დღეს უცდომელი ორიენტირია არა მხოლოდ თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის.
p.s. 2010 წელს “დიასპორის დღეების” ეგიდით მიმდინარე ღონისძიებთა შორის ერთ-ერთმა განსაკუთრებული სიხარულით აავსო ქართული საზოგადოება:
თბილისის 31-ე საჯარო სკოლას დიდი ახმედ მელაშვილის სახელი მიენიჭა. XX საუკუნის “თურქთის ქართველთა ილია ჭავჭავაძე” ამ სახითაც დაუბრუნდა საქართველოს.
---------------------------------------------
*1: ჩვენებური (კულტურული კრებული); YIL: 1993: 1(8), გვ. 4-7. წერილს ხელს აწერს: ჩვენებური.
*2: ლ. ჩლაიძე, “დედო მემლექეთი არ დავიწყნიათ”, ჟურნალი “საქართველოს ქალი”, 1996, # 10-12; იხ., აგრეთვე: მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი), “აჰმეთ ოზქან მელაშვილი _ თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე”, გაზეთი “ბირგუნი”, 28 ივლისი 2005 (http://www.tao-klarjeti.ge/ahmed_melashvili.html); ა. ნიკოლეიშვილი, "ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში" (ახმედ მელაშვილი - "ქართველებისთვინ დამწვარი კაცი"), ქუთაისი, 2009, გვ. 173-191; გ. კალანდია, აჰმედ მელაშვილი ჩვენებურთა ბელადი, თბ., 2010.
*3: ერგუნ ათაბაი (იგივე გურამ ქოქოლაძე) _ კომპანია "Georgian Urban Energy"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; იგი დღეს თბილისის საპატიო მოქალქე და ცნობილი ბიზნესმენია (მისი ინვენსტირებით აშენდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები; 20 წლის ვადით მის კომპანიას აქვს ამ აეროპორტების მართვის უფლება); ერგუნს ჰყავს მეუღლე _ ელმასი თავაძე (ქობულეთელი მუჰაჯირის შტამომავალი) და ორი შვილი: ელგუჯა და ნინო.
*4: შევქეთ შირინი (შალვა დავითაძე) _ ბიზნესმენი; ამჟამად საქმიანობს თურქეთშიც და საქართველოშიც.
*5: მეჰმედ სევალი (ფუტკარაძე) _ ბიზნესმენი; ცხოვრობს ბურსაში..
*6: ზოგი ცნობით, 1973 წელს ახმედი გახდა “რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრი” (ჟურალი “ჩვენებური” 2005, 2, გვ. 3). როგორც ამბობენ, ბურსის ფარგლებში ის პარტიული კუთხითაც