პროფ. ტარიელ ფუტკარაძე
2010 წლის დასაწყისი საქართველოსთვის ნამდვილი "ვარსკვლავთცვენით" დაიწყო:
საახალწლო კონცერტები გამართეს მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა, საქართველოს რჩეულმა მომღერლებმა და სხვადასხვა ქვეყნაში მოღვაწე წარმოშობით ქართველმა მომღერლებმა.
ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და სიმბოლური იყო ბათუმსა და ქუთაისში ჩატარებული კონცერტები: ბათუმლებს საახალწლო ღამე გაუნათეს ლეგენდარულმა ესპანელმა ტენორმა ხოსე კარერასმა, მსოფლიო რანგის ქართველმა ვარსკვლავებმა: ნინო სურგულაძემ, ლადო ათანელმა, მარიკა გულორდავამ, გია ონიანმა და სხვებმა. ქუთაისს საახალწლო განწყობა ზეიმად უქციეს თურქეთის მოქალაქეებმა: წარმოშობით ეთნიკურად ქართველმა ბაიარ შაჰინ-გუნდარიძემ და მისმა უმშვენიერესმა ქალიშვილებმა; სწორედ მათმა მრავალწახნაგოვანმა კონცერტმა გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ემოცია გავუზიარო ქართველ და თურქ მკითხველს.
ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე ბორჩხაში (მაჭახელში) - თურქეთის რესპუბლიკის იმ მხარეში - დაიბადა, სადაც ავტოქთონი ქართველები ცხოვრობენ. თურქეთი ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც ქართველები სახელმწიფოსადმი დიდი პატრიოტიზმით და ამავე დროს, თავიანთი ეთნიკური კულტურის დაცვით გამოირჩევიან. ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე თურქეთის ქართულენოვან სოფელში ეზიარა გარესამყაროს და მისი, როგორც მომღერლის ნიჭი გაიშალა თურქული და ქართული კულტურების ჰარმონიული შერწყმით. ბაიარის მუსიკალური შემოქმედება ერთნაირად ახლობელია როგორც თურქი, ასევე ქართველი მსმენელისთვის; ბაიარი, როგორც შემოქმედი წრფელ ველს ქმნის ქართველი და თურქი ხალხების, საქართველოსა და თურქეთის ძმური თანაარსებობისათვის.
სწორედ ბაიარის ფენომენმა განაპირობა უჩვეულო ფაქტი: ქუთაისში გამართულ საახალწლო კონცერტს უამრავ მსმენელთან ერთად დაესწრნენ მეზობელი ქვეყნების ოფიციალური პირებიც: საქართველოს მხრიდან იმერეთის მხარისა და ქალაქ ქუთაისის ხელმძღვანელები, ხოლო თურქეთის მხრიდან - ართვინის მხარისა და ქალაქ ართვინის ხელისუფლების პირველი პირები. პირადად ჩემთვის სასიამოვნო იყო ართვინის მხარის გუბერნატორის - ბატონი მუსტაფა იელმიჰალიოღლუს, ართვინის პარლამენტის გენერალური მდივნის - ჩეთინ დემირკაიასა და სხვა ართვინელი სტუმრების მასპინძლობა.
საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია; ამ ფონზე საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლობასა და ახლო სამეცნიერო-კულტურულ ურთიერთობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების მომავალი უფრო მჭიდრო იქნება; ამის საფუძველს იძლევა ბაიარ-შაჰინის სამი ქალიშვილის - სამი უნიჭიერესი ახალგაზრდა მომღერალის - დამლას, იუდუმისა და თამარის შთამბეჭდავი გამოსვლა ქუთაისის საახალწლო სცენაზე: ცნობილი მამის გვერდით შესრულებული მათი ქართულენოვანი და თურქულენოვანი სიმღერები ქართველი მსმენელის მეხსიერებაში დარჩა როგორც გვირგვინი ქართველი და თურქი ხალხების ერთობლივი საახალწლო ზეიმისა.