2016 წელს, თურქულ ენაზე დაიბეჭდა წიგნი “ აფხაზეთი / საქართველო. ისტორია-პოლიტიკა-კულტურა.” (ABHAZYA / GÜRCİSTAN: TARIH-SIYASET-KÜLTÜR). წიგნის ავტორები - ჯემალ გამახარია და ლია ახალაძე. წიგნი გამოცემულია სტამბოლის “ქართული ხელოვნების სახლის” მიერ. გამოცემის ადგილად მითითებულია თბილისი-სტამბოლი. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა როინ ყავრელიშვილმა.
აფხაზეთის უაღრესად საჭირბოროტო და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ამსახველი თემატიკის თურქულ ენაზე გაშუქების მცდელობა, თავისთავად მისასალმებელია. მით უმეტეს, რომ თურქეთში აფხაზეთის თემატიკა ხშირ შემთხვევაში შუქდება ცალმხრივად და არაობიექტურად.
სამწუხაროდ, აქედანვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნში დაშვებული უხეში შეცდომები, კატეგორიულად მიუღებელი შეფასებები და ზოგადად, ტექსტის გაუმართაობა, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა მხრიდან, აფხაზეთის საკითხში თურქეთის საზოგადოებრიობის დეზორიენტაციისა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო დასკვნების მომზადებისათვის.
წიგნის შესავალშივე, რომელიც ჯ. გამახარიას ეკუთვნის, ყურადღებას იქცევს რბილად რომ ვთქვათ უცნაური პოლიტიკური შეფასებები და რეკომენდაციები, რითაც ავტორი მიმართავს თურქეთის ხელისუფლებას. ამ მიმართვას არავითარი კავშირი არა აქვს არც წიგნის დანიშნულებასთან, არც მის შინაარსთან და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი თემის კონტექსტიდან.
შესავალში ავტორი წერს: “ ჩვენი ნაშრომის ერთადერთი მიზანია, თურქ საზოგადოებრიობას, თურქეთში მცხოვრებ და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებით შეწუხებულ ქართველ და აბაზა ეთნიკური წარმოშობის თურქ მოქალაქეებს გავაცნოთ სიმართლე”. ამ განცხადებას მოსდევს რუსეთის მიერ აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების და მისი შედეგების მოკლე აღნიშვნა, შედარებით ვრცლად არის მიმოხილული 2008 წლის მოვლენები. ავტორი მიუთითებს, რომ აფხაზეთში რუსეთისა და სეპარატისტების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შესახებ მკითხველს შეუძლია იხილოს ჯ. გამახარიას და სხვათა ავტორობით გამოცემული წიგნი.
ამ პრინციპულად სწორი დასაწყისის შემდეგ, სრულიად უადგილო და კონტექსტიდან ამოვარდნილია ავტორის ვრცელი მსჯელობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე. ავტორი თავს უფლებამოსილად თვლის იმისათვის, რომ საკმაოდ არაკორექტული ფორმით მიუთითოს თურქეთის ხელისუფლებას, როგორ უნდა იმოქმედოს მან რუსეთთან, მოუწოდებს თურქეთს, როგორც ნატო-ს წევრმა ქვეყანამ მიიღოს საჭირო ზომები შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის გადახედოს მონტროს ხელშეკრულებას შავი ზღვის სრუტეების შესახებ. ავტორი იმასაც საყვედურობს თურქეთის ხელისუფლებას, რომ ის ვერ ამჩნევს რუსეთის მიერ თურქეთში სეპარატისტული მოძრაობების წახალისებას.
მსგავსი განცხადებები შესაძლებელია გააკეთოს პოლიტიკოსმა, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, მაგრამ ასეთ განცხადებებს უნდა მოერიდოს აფხაზეთის შესახებ თურქულ ენაზე გამოცემული წიგნის ქართველი ავტორი, რადგან ეს უეჭველად, გამოიწვევს გაღიზიანებას თურქეთის ოფიციალურ წრეებში და არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს წიგნის სწორ აღქმასა და მიღებას. მით უმეტეს, რომ ავტორი გახლავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი, ის პოლიტიკოსია და შესაბამისად მისი სიტყვები, მიუხედავად იმისა, პირადად ჩვენ ვეთანხმებით მას თუ არა, შეიძლება თურქეთში შეფასდეს, როგორც საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შესავალ ნაწილშივე გაცხადებული ეს მიდგომა, წიგნის ძალიან სერიოზული ნაკლია, რაც უარყოფითად იმოქმედებს თურქ მკითხველზე და მას ობიექტურად წიგნის წინააღმდეგ განაწყობს.
წიგნში მოყვანილია საქართველოს რუქა (გერმანულ ენაზე), აფხაზეთის რუქა (ინგლისურ ენაზე). ეს თანამედროვე რუქებია. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ თურქულ წიგნში უცხოენოვანი რუქებია. თითქოს საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის თურქული რუქები არ არსებობდეს. ეს შეიძლება დაუდევრობა იყოს, მაგრამ ასეთი დაუდევრობა ძალიან ახლოსაა თურქი მკითხველის უპატივცემლობასთან. ვიმედოვნებთ, ვრცელი ახსნა განმარტება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ თურქულ წიგნში, თანამედროვე ვითარების ამსახველი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური რუქები უნდა ყოფილიყო თურქულ ენაზე. ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად უნდა ეზრუნა წიგნის რედკოლეგიას.
ინგლისურენოვანი აფხაზეთის რუქა, წიგნის ავტორის სერიოზული შეცდომაა. აქ აფხაზეთი ნაჩვენებია საზღვრით გამოყოფილ, ცალკე სახელმწიფოდ, საერთოდ არ არის აღნიშნული საქართველო, ხოლო ტერიტორიას ლათინური ასოებით აწერია ABKHAZETI (ABKHAZIA). რას უჩვენებს ეს რუქა თურქ მკითხველს, რომელიც პატივცემული ავტორივით არ არის გათვითცნობიერებული აფხაზეთის პრობლემატიკაში? პასუხი ვფიქრობ ნათელია: აფხაზეთი არის ცალკე სახელმწიფო.
რა თქმა უნდა ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ავტორს თურქი მკითხველისათვის ამ აზრის ჩაგონება დავდოთ ბრალად. არა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ამ შემთხვევაში ვიზუალური მასალა უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე ტექსტი.
წიგნის ისტორიული ნაწილისადმი, სადაც მიმოხილულია აფხაზეთის, როგორც საქართველოს უძველესი და განუყოფელი ნაწილის წარსული, არსებითი შენიშვნები არა გვაქვს. ავტორი გადმოსცემს აფხაზეთში ეთნოპოლიტიკურ ცვლილებებს. ძირითადი თეზისია ჩრდილოკავკასიური აბაზების აფხაზეთში გვიან შუასაუკუნეებში ჩამოსახლება, რომელთაც ქართველებმა “აფხაზები” უწოდეს. მომდევნო თავებში განხილულია აბაზას ტომის მიერ აფხაზეთის საამთავროს საზღვრების გაფართოება სამეგრელოს ხარჯზე, ოსმალეთისა და ისლამის გავლენა აფხაზეთში, რუსეთის მიერ აფხაზეთის სამთავროს შემოერთება, აფხაზეთი ცარიზმის პერიოდში და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, საქართველოს გასაბჭოება და მასში აფხაზეთის სტატუსი. ეს საკითხები ცნობილია ქართულ ისტორიოგრაფიაში და წიგნშიც შესაბამისად არის გადმოცემული.
სამწუხაროდ, ავტორი ვერ აცდა ცალმხრივ, აშკარად სუბიექტურ შეფასებებს აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების აღწერისას. ზოგ შემთხვევაში ეს ცდება ყოველგვარ მეცნიერულ ჩარჩოს და ავტორი გამოდის საქართველოში იმდროინდელი ვითარებისა და აფხაზეთში ომის პოლიტიკური შემფასებლის როლში. შესაბამისად, თავში “დამოუკიდებელი საქართველოს დანგრევის მცდელობები და აფხაზეთის ომი” მოცემულია შემდეგი შეფასება: “აფხაზეთში ქართველი მებრძოლების, მეტადრე მძარცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე მწუხარებას გამოვთქვამთ. მათ სიცოცხლეს გამოასალმეს მრავალი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის აფხაზებიც” (გვ.55). თუმცა, იქვე აღნიშნავს ავტორი, სეპარატისტებისა და დამპყრობლების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, ქართველების ჩადენილ დანაშაულებებზე უფრო მეტია და მძიმე...
რა შეიძლება აქ ითქვას ? აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის წარმოებული, გმირული ბრძოლის მონაწილეთადმი ამგვარი ბრალდება, რბილად რომ ვთქვათ უსამართლოა და მიუღებელი. მეტიც, თურქი მკითხველისათვის განკუთვნილ წიგნში ამგვარი, არაფრით შემაგრებული მტკიცებულებებისა და გაუმართლებელი შედარებების ფონზე, საქართველოს არაკეთილმოსურნეთ ეძლევათ მშვენიერი არგუმენტი ქართველების დადანაშულებისა “აფხაზი ხალხის გენოციდის მცდელობებში”, მით უმეტეს, რომ ამ დეზინფორმაციას ისინი უკვე ავრცელებენ თურქეთში.
შეცდომაა, როდესაც თურქულ ტექსტში საქართველოს სამხედრო ძალებისა და სეპარატისტების, უცხოელ დაქირავებულთა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრები მოხსენიებულია ერთი ტერმინით militan. (ხაზი ჩვენია-ზ.წ.) ეს ტერმინი ქართულად ითარგმნება როგორც მებრძოლი, უფრო ზუსტი მისი შესატყვისია 1990-იანებში შემოსული რუსი ტერმინი “ბოევიკი”, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრს ნიშნავს. მთარგმნელს თუ არა, რედკოლეგიას უნდა სცოდნოდა და გაესწორებინა ეს შეცდომა, რადგან “მილიტანს” თურქეთში უწოდებენ აკრძალულ “ქურთთა მუშათა პარტიის” (PKK) ტერორისტებს და არავითარ შემთხვევაში სამთავრობო ქვედანაყოფების ჯარსკაცებს, რომელთათვისაც იხმარება სიტყვა “asker” ანუ ჯარისკაცი. ეს უაღრესად პრინციპული საკითხია და არავითარი გამართლება ამ შეცდომას (თუკი ის შეცდომაა და არა ავტორის პოზიცია თუ თარგმანის ხარვეზი) არა აქვს. ამ შემთხვევისათვის არსებობს რედაქტორი, ამ შემთხვევაში, წიგნის რედკოლეგია, სადაც თურქეთის მოქალაქეებიც არიან წარმოდგენილნი და მათ უნდა შეემჩნიათ ამ ტერმინის უადგილობა.
როგორც წიგნის სარჩევიდან ჩანს, შესავლის და თითქმის ყველა თავის ავტორი ბატონი ჯემალ გამახარიაა. პროფესორ ლია ახალაძეს წიგნში ეკუთვნის ერთი თავი აფხაზეთის ქართულ არქიტექტურულ ძეგლებზე. მასთან შენიშვნები არ გვაქვს.
წიგნის უშუალო ადრესატები, როგორც ანოტაციაშია აღნიშნული, თურქეთის აფხაზებთან ერთად, თურქეთის ქართველებიც იყვნენ. ამიტომ, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება, ქართველი ეთნიკური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეების მიერ წიგნის შეფასებები, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე დისკუსიებიც გამოიწვია...
წიგნის კითხვას მეტად თვალშისაცემად აძნელებს თურქულ ტექსტში ჩართული რუსული და სხვა უცხოენოვანი ლიტერატურის დამოწმებებები. უცხოური ლიტერატურა, თურქეთში გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომებში, მიეთითება არა თვითონ ტექსტში და ორიგინალის ენაზე, არამედ სქოლიოში ლათინური ტრანსკრიფციით. აქაც რედკოლეგიის საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება ჩანს.
მეტად უცნაურ შთაბეჭდილებას სტოვებს წიგნის ბოლოს, ანდრია კურაევისადმი მიძღვნილი ვრცელი მონაკვეთი. ქართველი მეცნიერის მიერ აფხაზეთზე მომზადებული და თურქული საზოგადოებისათვის გამოცემული წიგნი, ჩვენი მოკრძალებული აზრით, არ უნდა დამთავრდეს რუსი დიაკონის ა. კურაევის გამცხადებებით აფხაზეთში თავის მისიონერულ საქმიანობაზე.
წიგნის სათაურიდანვე გამომდინარე - ABHAZYA / GÜRCİSTAN (აფხაზეთი / საქართველო), - თურქი მკითხველისათვის აფხაზეთი და საქართველო ვიზუალურად აღიქმება როგორც ორი ცალკე მდგომი, თანასწორი ქვეყანა. წიგნის სათაური მიუღებელია თურქული ენის ნორმებითაც, სადაც / ნიშანი იგივეობის მაჩვენებელია. აფხაზეთი იგივე საქართველო არ არის, ის საქართველოს ერთი ნაწილია მხოლოდ და კარგი იქნებოდა ეს სათაურში ერთმნიშვნელოვნად ასახულიყო. სასურველი იყო, წიგნის რედკოლეგიას, პირველ რიგში თურქი მკითხველის თვალსაზრისი გაეთვალისწინებინა და არ დაეშვა ამგვარი, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვნება. აქ არგუმენტად არ გამოდგება ის, რომ 1990-იანებიდან მოყოლებული, “აფხაზეთი / საქართველო” ამ ფორმით გვხვდება ზოგიერთ საერთაშორისო დოკუმენტში. მხედველობაში მისაღებია თურქეთის სპეციფიკა, თურქეთის აფხაზური დიასპორის აქტივობები და ქართული დიასპორის პოზიცია.
ვფიქრობთ, ჩვენს მიერ მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინება, ხელს შეუწყობს აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასა და თურქი მკითხველისათვის წიგნის სათანადო შინაარსით მიწოდებას.
ერთი წიგნის გამო
ზაზა წურწუმია