საქართველოში ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ახალი ალბომი გამოვიდა

საქართველოში ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ახალი ალბომი გამოვიდა

საქართველოში ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ახალი ალბომი გამოვიდა

სტუდია "თბილისმა" საქართველოში პირველად გამოსცა პოპულარული მომღერლის ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ალბომი "ჯიველოი" (კასეტა და კომპაქტდისკი), რომელშიც შევიდა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა "ჯიველოი", "განდაგანა", "ელია გოგო - სამშალახო", "ეჰლოჯანი", "ჩემი გოგო", "დერდი მერაღი ჩქიმი", "ვაკეთი", "ბათუმის ციხე", "ქობაქი", "მაჭახლის სიმღერა", "პატარა გოგო" და "პოპური". ქართული საზოგადოებრიობა ბაიარ შაჰინს ტელეკომპანია "მზის" მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "გელინოს" საშუალებით იცნობს.
        თურქეთის ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინი დაიბადა 1965 წელს ართვინის ვილაიეთის სოფ. ჯამილიში (მაჭახელი). 13 წლის ბაიარი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალე მამა გარდაეცვალა და გერმანიაში წავიდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა დაიწყო სტამბოლის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მას თურქეთში ჩაწერილი აქვს სამი კასეტა "მიწვევა ხორუმზე", "ქარს" და "ბანი". მღერის ქართულ, ლაზურ და თურქულ სიმღერებს. აი, რას ამბობს ბაიარი: "ანატოლიაში და საქართველოში მცხოვრები ქართველები 74 წლის განმავლობაში მოწყვეტილები ვიყავით ერთმანეთს. ამ პერიოდში ზოგიერთი სიმღერა ჩვენ დაგვავიწყდა, ზოგიერთიც _ მათ. ამის გამო ქართულ მუსიკასთან დაკავშირებით ჩემს კვლევა-ძიებას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: თურქეთის ქართველების და საქართველოს სიმღერები."
        ბაიარ შაჰინი საკუთარ რეპერტუარში იყენებს ისეთ საკრავებს როგორებიცაა ფანდური, ჩონგური, დუდუკი, გარმონი, სალამური, დოლი, დარჩელო, ქამანჩა, გუდასტვირი, გიტარა და ა.შ. მისი შემოქმედება ერთგვარად, კავკასიურ-ანატოლიურ კულტურათა სინთეზია.
        პირველი კასეტა "მიწვევა ხორუმზე" 1998 წელს ჩაწერა. ეს თავიდან დონკიხოტობას წააგავდა, მაგრამ კასეტამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
        მეორე კასეტა "ქარს" ორი წლის შემდეგ გამოვიდა. მას საკუთარი, მშობლიური კუთხიდან შორს მყოფი არცერთი შავიზღვისპირელი არ დაუტოვებია გულგრილი. ამ ალბომში ლაზურ სიმღერებსაც შეხვდებით.
        ბაიარმა ბოლოს "ბანი" ჩაწერა. აქ თავი მოუყარა თურქეთისა და საქართველოს ქართველების სიმღერებს.
        ბაიარ შაჰინის მიზანია წინ აღუდგეს თურქეთის ქართველებში ჯერ კიდევ შემორჩენილი სიმღერების დაკარგვას. მას სურს ეს სიმღერები გააცნოს თურქეთს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს.
        2002 წელს შაჰინმა დააარსა მუსიკალური ჯგუფი "მშვიდობის მეგობრები". მისი 5 წევრი საქართველოდან, 3 წევრი კი თურქეთიდანაა.
        ბაიარ შაჰინი დადის თურქეთის ქართულ სოფლებში და რუდუნებით აგროვებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ტრადიციულ ქართულ სიმღერებს. მას ასევე სურს თურქეთში ქართული სიმღერების ქორეოგრაფიული ანსამბლის ჩამოყალიბება. 


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.