სტამბულის დღიურიდან


ასმათ ტაოელი

ასმათ ტაოელი

29 Aralık 2003, 14:17

ოსმალეთს გადახვეწილ ქართველთა სევდა

ჩემი მოგზაურობა სტამბოლში ქალბატონ შუშანა ფუტკარაძესტან შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი იყო. ჩვენი შეხვედრა სავსებით კანონზომიერად მოხდა. ყველაფერი კი იქედან დაიწყო, რომ სწორედ მაშინ როცა ინფორმაციას ვეძებდი ჯავახეთზე, საქართველოს რადიოს პირველ არხზე შემთხვევით ინტერვიუს მოვუსმინე პროფესორ ქალბატონთან, რომელიც  XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის მოვლენებზე, ისტორიულ მესხეთზე, მუჰაჯირობაზე და ოსმალეთში გახიზნულ ქართველებზე საუბრობდა.

დავრეკე რადიოში, მოვიძიე გადაცემის ავტორი და ასე მივაგენი ბატონი გოგი ზარიძის გადაცემას, ‘საყრდენი’ და ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს. სულ მალე ბათუმში ვესტუმრე მას. იგი გულანთებული ლაპარაკობდა ისტორიული მესხეთის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობისა და იქაური ქართული მოსახლეობის შესახებ. როგორ შეინარჩუნეს მათ დედაენა, როგორ განიცდიან დღემდე სამშობლოსთან განშორებას, როგორ სჭირდებათ ყურადღება და სიყვარული. ქ-ნმა შუშანამ თავისი სქელტანიანი ნაშრომი ‘ჩვენებურების ქართული’ მისახსოვრა და ასე დავშორდით მაშინ... 
         

გულდამწვარი და თვალცრემლიანი მოვდივარ დიდი სელიმ ფაშა ხიმშიაშვილის შვილთაშვილის, ენვერ ხიმშიაშვილის ოჯახიდან. მოვდივარ და ვუყურებ ბოსფორზე გადებულ უზარმაზარ, გაჩახჩახებულ ხიდებს, მჭიდროდ დასახლებულ უკიდეგანო ქალაქს და ვფიქრობ იქ გაბნეულ მილიონობით ქართველზე, მათ ბედზე და უბედობაზე. ვიხსენებ უძლეველ კლდეს, რომელიც პატარ-პატარა ქვებად დაიფშვნა და აქეთ-იქეთ მიმოიფანტა.

ახლაც თვალწინ მიდგას 94 წლის ენვერ ბეი, მისი სასოწარკვეთილი სახე. ისევ ჩამესმის მისი ხმა, - რა დავაშავეთ ასეთი, რომ სამშობლოდან გადმოხვეწილებს უკან დაბრუნება არ გვეღირსაო...…ქართველს ქადიქოიში (უბანი სტამბულში, ძველი ქალკედონიკი)  რა მინდოდა... რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას თუ მშობლიურ მიწას ვეღარ ვნახავდიო...

ენვერ ხიმშიაშვილი თორმეტიოდე წლის იქნებოდა, მისი მშობლები რუსის ჩექმას რომ გაექცნენ საქართველოდან, გასული საუკუნის ოციან წლებში. დატოვეს სახლ-კარი, მშობლიური მიწა, წინაპართა, საფლავები სალოცავები და ოსმალეთს გადაიხვეწნენ.Mენვერი სტამბოლში გაიზარგა, დავაჟკაცდა, განათლება მიიღო და დაოჯახდა. იყო თურქეთის ღირსეული მოქალაქე, საპატიო თანამდებობებზე მსახურობდა და შეძლებულად ცხოვრობდა.  

სასტუმო ოთახის კედლებიდან ენვერ ბეის სახელოვანი წინაპრების მთელი პლეადა გვიცქერის, ხიმშიაშვილები ფალავანდიშვილები, ბეჟანიიძეები და აბაშიძეები. მათი დახვეწილი სახე ქართულია, ასე ნაცნობი და ახლობელი ჩემთვის, ჩაცმულობაც უმეტესად ქართულს წააგავს, სახელი და წოდება კი ოსმალური.

ენვერ ბეი საუბარში ხან ქართულს გამოურევს, ხან კი რუსულს. კარგად ახსოვს საქართველოში გატარებული ბავშვობა. იგონებს თბილისსა და ბათუმს, სასტუმო ორიენტს, გოლოვინსკის პროსპექტს, კონკასა და კალანდაძის ლილიპუტების ცირკს; როგორ გაჰყვა დედასა და დეიდას უჩუმრად თეატრში, სადაც ბაბუამისს,  ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილს, თავისი ლოჟა ჰქონდა. ზოგი მოთხრობაც კი ახსოვს დედა ენიდან. მამლის მოპარვის ამბავი მოგვიყვა, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ლაპარაკობდა, და მის ხმაში, სამშობლოში ნანახისა და განცდილის მონატრება ისმოდა. უსაზღვროა მისი სევდა, იცის  მოხუცმა, რომ დრო ამოიწურა და ვეღარასოდეს აისრულებს სამშობლოში დაბრუნების ნატვრას. 

იმ საღამოს ენვერ ხიმშიაშვილმა  ქალბატონ შუშანა ფუტკარაძისა და ჩემს შესახვედრად წვეულება გამართა. მე სტუმრად ვიყავი სტამბოლში და იქ მცხოვრებ ქართველთა ნახვას ვესწრაფოდი. ჩვენ გვახლდა ჟურნალ ‘ჩვენებურის’ რედაქტორი, ბატონი ოთარ იმედაშვილი, თურქულად ოსმან მერჩანი. სასტუმრო ოთახში თავი მოიყარეს ენვერ ბეის დიდი პაპის, შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის შვილთაშვილებმა და ნათესავებმა, მელაათმა,Nნურჰანმა და სხვებმა.

მოგვიანებით ქვაბიანელი (ადიგენელი) თავადის სულეიმან ერისთავის შვილიშვილი, ბეჰზათ ერისთავი და მისი მეუღლე აჯლან ბიბინიძე შემოგვიერთდნენ. ბეჰზათის ბაბუა, სულეიმანი, თორნიკე ერისთავის ხაზის გამგრძელებლი იყო. საუკუნეების მანძილზე ჩამოკრისტალებული გენის ნიშანი ზედ არტყიათ ბეჰზათს და მის მეუღლეს, არ შეგშლებათ მათი წარმომავლობა. გარეგნობით ნამდვილი ქართველი ხართ მეთქი - ქალბატონ აჯლანს ვეუბნები; - არც ჩემს შვილებს ურევიათ რამეო, თურქულად მპასუხობს. რა სამწუხაროა, რომ თორნიკე ერისთავის შთამომავლებმა ქართული არ იციან, მეთქი - გავიფიქრე.

ქალბატონ მელაათ ხიმშიაშვილს საინტერესო წარმომავლობა აქვს. იგიც შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის უმცროსი შვილიშვილია. მისი ბებია, ნადია დაგმარა, შერიფ ბეგის ყველაზე ახალგაზრდა მეუღე, რუსეთის მეფე ალექსანდრე III მეუღლის, მარია ფეოდოროვნას ბიძაშვილი იყო. მარია ფეოდოროვნა კი ინგლისის დედოფლის ვიქტორიას და გახლდათ.

ქალბატონი მელაათი დაწყებითი სკოლის მასწავლებელია სტამბულში,  ქართულად მესუბრება. სიხარულით მეუბნება, რომ სულ მალე ხიმშიაშვილების სახლ-მუზეუმი იხსნება სხალთაში, ჩამოსასვლელად ემზადება, ფოტოებს აგროვებს. ისიც ბავშვობას იგონებს, ჭრელო პეპელას მღერის და თვალზე ცრემლი ადგება. ვკითხე, რად არ გახსენით ქართული სკოლა სტამბოლში მცხოვრებმა მილიონობით ქართველმა,  პოლონელებს, ბერძნებს, ებრაელებს და სხვათა ეს მოუხერხებიათ-მეთქი. იმიტომ, რომ თურქეთში, თუ მაჰმადიანობა მიიღე, დედაენაზე სწავლის უფლება კანონით არა გაქვს, პოლონელებმა და სხვათა რწმენა შეინარჩუნეს და ასე შესძლეს ენის შენარჩუნებაო, მიხსნის. დიდი საქმე გაუკეთებიათ მეთქი - ვფიქრობ.
 
ქალბატონი ნურჰანი, ნური ბეგ ხიმშიაშვილის შვილთაშვილია. იმ ნური ბეგისა, რომელიც წლების განმავლობაში სთხოვდა შავშეთში ქართული სკოლის გახსნას, თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, სანაცვლოდ კი სკოლის შენობას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა საბინაო და კვების საკითხების  გადაწყვეტას ჰპირდებოდა; მან სამოცი მოსწავლე კიდეც შეკრიბა, მაგრამ ამაოდ, თბილისმა ვერ გამოძებნა ქართულის მასწავლებელი, რომელიც შავშეთში ეროვნულ საქმეს გააკეთებდა. ნური ბეგს სურდა, სამი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის შემადგენლობაში მყოფი მოსახლეობის ქართული ცნობიერება აღედგინა და დედა სამშობლოსაკენ შემოებრუნებინა ისინი. ნურჰან ინგლისური ენის მასწავლებელია, ქართული სულ არ იცის; მეუბნება - ვიცი რომ წარმოშობით საქართველოდან ვარ, მაგრამ მე თურქი ვარ ართვინიდან. ამაზე ოთარ იმედაშვილი ქართულად დასძენს - როგორ შეიძლება თურქი იყო, თუ საქართველოდან ხარ, ვაშლის ხე ხომ მსხალს არ გამოიბამს.

ენვერ ბაბუ კი იხსენებს თავის ცელქობას, სიყვარულს, საქართველოდან გაქცევას, დაბრუნებას და ისევ გაქცევას... ვერ გაუგია მოხუცს, რა დააშავა ასეთი, რომ თავისი საყვარელი სამშოლო წაართვეს და  გადასახლებაში ამყოფეს საუკუნოდ... უსაზღვროა მისი სევდა და უკიდეგანო მისი სასოწარკვეთილება. მოხუცს უნდა განისვენოს თავის წინაპართა საძვალეში, მის სულსა და გულს, გენს და გონებას, სისხლსა და ხორცს ახსოვს, რომ სახლი საქართველოშია და მასაც იქეთ მიუწევს გული. მაგრამ რა ქნას, როგორ წავიდეს? ვის მიადგეს? ვის უთხრას თავისი გაჭირვება ან ვის მოსთხოვოს სამართალი...

ხიმშიაშვილების დიდმა წინაპარმა სამშობლოს განთავისუფლების საქმეს შესწირა თავი. სელიმ ფაშა ხიმშიაშვილს ოსმალებმა ღალატისათვის მოკვეთეს თავი. ეს ის ქართველია, რომელმაც სიკვდილის წინ ოსმალებს უთხრა: ‘მე თავს მომკვეთთ, მაგრამ საქართველოს აჭარას ვერ მოჰკვეთთო.’ მისი მოკვეთილი თავი სტამბოლს ასაფლავია. საქართველოსთვის მოჰკლეს მისი შვილი ახმედიც... მოგვიანებით, მისი შვილიშვილის შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის (ენვერის ხიმშიაშვილის ბაბუა) აშენებულ სასახლეში, ხულოს რაიონის სოფელ სხალთაში, სხალთის ცნობილი ეკლესიის გვერდით, გადაწყდა სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის დედა საქართველოსთან დაბრუნების საკითხი. აქვე ამავე სახლში გაიხსნა ხიმშიაშვილების სახლ მუზეუმი. სელიმ ხიმშიაშვილის შვილიშვილები განაგებდნენ ისტორიული მესხეთის მხარეებს შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, ოლთისს, არტაჰანს და რა თქმა უნდა, ბევრი რამ იყო მათზე დამოკიდებული. ისტორია მეტყველებს ამ გვარის დიდ ღვაწლზე.

მოწყურებული მისმენენ როცა ქართულად ვლაპარაკობ, საქართველოს ვახსენებ, სადღეგრძელოს ვამბობ.. სიხარულით იძახიან გაუმარჯოს გაუმარჯოსო, მაგრამ არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა. ვეუბნები, რომ ჩვენ ერთმანეთს ასე ვესალმებით, რადგან ასე გვჭირდება გამარჯვება; ქართული სიმღერა წამოვიწყე, თვალებში სევდა ჩაუდგათ.. რა გიყოთ, რით გიშველოთ ჩემო მიმობნეულო, დაკარგულო ქართველებო, როგორ ჭირდებით დღეს თქვენ საქართველოს და როგორ გჭირდებათ იგი თქვენ..

აი დამთავრდა წვეულება, ენვერ ბაბუ კარებამდე მოგვყვება, ისე მემშვიდობება თითქოს სამშობლოს  უკანასკნელ ნატეხს ელევაო, - მოდი, მოდი, ქართულად მეუბნება, - ტვოი დომ, რუსულს ურევს და მერე თურქულად აგრეძელებს, - მე გულით გეპატიჟებით, სხვა ქართველებიც მოიყვანეთ და მოდით.. მკოცნის მეხვევა, არ უნდა ჩემი გაშვება.. მელაათი გულში მიკრავს, - მე და შენ ერთი სისხლი გვაქვს, ყურში ჩამჩურჩულებს.. ყველას ვემშვიდობები, ვეპატიჯები საქართველოში.. ერისთავი კიბეზე წინ გვისწრებს, სადარბაზოს კარს გვიღებს, მერე მანქანასთან მკვირცხლად მიირბენს და მოხდენილად გაუღებს კარს ჯერ ქალბატონ შუშანას და მერე მე. ასე გამოხატავს ის თავის სათქმელს, რადგან ქართული არ იცის და ვერაფერს გვეუბნება.. დგას და გვემშვიდობება მანამ, სანამ მანქანა თვალს მიეფარება..

თან მომყვება მოხუცი ენვერის ცრემლი, ქალბატონი მელაათის სიტყვები, ერისთავის გაცილება.. რას მოვესწარი, თორნიკე ერისთავის შვილთაშვილმა გამოგვაცილა, ნუთუ შეიძლება დედაენა გაქრეს ცნობიერებიდან, არადა როგორ დაამშვენებდა...


ასმათ ტაოელი

3 ივნისი 2002
სტამბოლი

…                 

რა ბედი გვქონია, რა ხალხი გვყოლია, ნუთუ შეიძლება მათი ღვაწლის დავიწყება, ნუთუ შეიძლება მათი შეცდომების უგულვებელყოფა. საქართველოს ისტორიის ეს გვერდი ხომ განგებ იყო დახურული ჩემი თაობისთვის საბჭოთა სისტემის მიერ, იქნებ ჩვენ მოვახერხოთ მისი გახსნა ჩვენი შვილებისათვის...

კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.