თურქეთში მცხოვრები ქართველების ასიმილაცია – სიტუაციის კვლევა
პოლ ჯ. მაგნარელა*
მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართველების, ჩერქეზების და სხვა კავკასიელი ხალხების თურქეთში გადასახლების შესახებ ბევრი დეტალური ინფორმაცია მოგვეპოვება, ამ ხალხების ასიმილაციასთან დაკავშირებით ძალზე მწირი ცნობები გაგვაჩნია. უფრო მეტიც, მათი რაოდენობის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა თუ შეიძლება. თურქეთის რესპუბლიკის მოსახლეობის ოფიციალურ აღწერაში ადამიანის ეთნიკური წარმოშობა და დედაენა არ ფიქსირდებოდა. სახელმწიფო სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა საბაჰათინ ალფათმა თურქეთში მოსახლეობის აღწერის მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ მიმოხილვაში აღნიშნა, რომ აღრიცხვის წინ ჩატარებული რეგისტრაციისას მოსახლეობამ შეცდომით, ანდა არასრულად მიუთითა ჩაწერის, დაბადების თარიღები და ადგილი, დაოჯახების ასაკი და რაოდენობა. ალფათი განსაკუთრებულ სიძნელეებს წააწყდა კვალიფიციური პიროვნებების პოვნაში, რომლებსაც მჭიდრო დასახლებულ სოფლებში მოსახლეობის აღწერა უნდა ჩაეტარებინათ.
გთავაზობთ ანატოლიის ჩრდილო-დასავლეთით, სუსურლუკიდან 12 კმ-ის დაშორებით მდებარე ერთი თურქულ-ქართული სოფლის ეთნოგრაფიასა და მოკლე ისტორიას.
ისტორიული წინამძღვარი
1877-78 წლებში შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ბათუმსა და მის შემოგარენში მცხოვრები ქართველების ერთმა ჯგუფმა საკუთარ მიწაზე დარჩენისა და რუსულ გამგებლობაში გადასვლას, დასავლეთ თურქეთში გადასვლა ამჯობინა. მათმა ლიდერმა სალდიკ აღამ ისინი მიიყვანა ბალიქესირის ერთ-ერთ ილჩეში. იმ ადგილას, რომელსაც ერქვა “უჩ ჩემშე”. მთებით გარშემორტყმულ ამ ადგილებში იორუქი თურქები მოსახლეობდნენ. ისინი ზაფხულს მთაში ატარებდნენ და იქ აძოვებდნენ ცხვრებს, ძროხებსა და თხებს, ხოლო ზამთრობით ვაკეში ჩამოდიოდნენ და იქ ცხოვრობდნენ. ქართველების მოსვლამდე, მხარის მთავარმა გუბერნატორმა, ცნობილმა ოსმალო მმართველმა აჰმედ ვეფიქ ფაშამ, იორუქებს მომთაბარე ცხოვრების წესის შეცვლა და სოფლად დასახლება უბრძანა. ამ მხარეში მცხოვრები სხვა იორუქების მსგავსად, “უჩ ჩემშეს” გარშემო დაბანაკებულებიც არ დამორჩილდნენ ამ ბრძანებას, თუმცა მალე დაისაჯნენ, ასკერებმა მათ კარვები გადაუწვეს, ამის შემდეგ ისინი დათანხმდნენ გადასულიყვნენ ბინადარი ცხოვრების წესზე. იორუქების ერთმა ჯგუფმა მხარეში ახლადჩამოსული ქართველები, სოფლის დაარსების მიზნით თავისთან მიიწვია. ქართველებმა ეს მიპატიჟება მიიღეს და ამ ორმა ხალხმა “უჩ ჩემშესთან” ახლოს მდებარე ფერდობზე დასახლება გადაწყვიტა.
ეს ახალი ადგილები ქართველების მიერ მიტოვებული ტერიტორიების მსგავსად მთაგორიანი და სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარი მიწებით იყო ცნობილი. ტრადიციულად ქართველები სხვადასხვა ხელობასა და მშენებლობას მისდევდნენ, ამიტომ იორუქებს სახლების მშენებლობაშიც მიეხმარნენ, მათ კი სანაცვლოდ ქართველებს მეცხოველეობა ასწავლეს. ამ ორმა ხალხმა, იქვე, დაბლობში მცხოვრებ, ბულგარეთიდან გადმოსახლებული თურქებისაგან სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიაც ისწავლა.
ამ ახალ რეალობაში გადმოსახლებული ქართული ოჯახების უმეტესობისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა. მხოლოდ რამდენიმე კომლის უფროსი ოჯახს იმით ინახავდა, რომ მიდიოდა სხვა სოფლებში და იქ მცხოვრებთათვის სახლებს აშენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდგომარეობა ძირითადად შენარჩუნდა 1950-ანი წლების დასაწყისამდე, მიწასთან დაკავშირებულნი მაინც ცოტანი იყვნენ. მამაკაცებმა შეინარჩუნეს სამშენებლო საქმის ცოდნა და უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ დაუბრუნდებოდა ძველი ცხოვრების წესს.
დასახლების ფორმა
დღეს, მანას სახელით ცნობილი სოფელი, მდებარეობს ქელთეფეს აღმოსავლეთ ფერდობზე და შედგება ახლომდებარე, დაახლოებით 150 სახლისაგან. ამ სოფლის მიწაზე გლეხებს მოჰყავთ ხორბალი, ქერი, ჭვავი და ბოსტნეული, მაგრამ ტერიტორიის ერთი ნაწილი მეურნეობისათვის სრულიად გამოუსადეგარი იყო. დასახლება ჰორიზონტალურად ორ ნაწილად იყოფა: ზემო ნაწილში მხოლოდ იორუქები ცხოვრობენ, ქვემოთ კი
– ქართველები. სოფლის ეს ორი ნაწილი გზით იყო გაყოფილი და არქიტექტურითაც განსხვავდებოდა. იორუქების სახლები გამოუწვავი აგურით ნაგებ პატარა, ერთსართულიან ნაგებობებს წარმოადგენდნენ. თანაც ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ განლაგებულნი. ქართველების სახლები კი საკუთარი ხელით გამომწვარი, წითელი აგურით ნაშენები ფართო, ორსართულიანი ნაგებობები იყვნენ და ისინი საკმაოდ დაშორებით იდგნენ ერთმანეთისაგან. ქართველის სახლს შესასვლელში აშენების თარიღიც კი ეწერა. “1884-1885”. ასეთი არქიტექტურული სხვაობა, ქართველთა მიერ ოჯახური ტრადიციების შენარჩუნების სურვილსაც ასახავდა.
მიუხედავად იმისა, რომ იორუქებიცა და ქართველებიც სუნიტი მუსლიმები იყვნენ, 1955 წლამდე ორივე მხარეს გააჩნდა საკუთარი მეჩეთები და ჰყავდათ იმამები, რის გამოც რელიგიური შეკრებები ეთნიკური ნიშნით იმართებოდა. 1950 წლამდე აქ, სავარაუდოდ 90-100 ქართული და 70-75 თურქული ოჯახი ცხოვრობდა. ამის შედეგად ქართველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ორივე ხალხმა ერთი მეჩეთის გამოყენება გადაწყვიტა. სოფლის ცენტრში, გზაზე, რომელიც ამავე დროს საზღვრის მოვალეობასაც ასრულებდა, მდებარეობდა ერთი პატარა მაღაზია. ის ერთ-ერთ ქართველს ეკუთვნოდა, მაგრამ მისი კლიენტები იყვნენ, როგორც ქართველები, ისე იორუქები. მაღაზია, რომელიც ხალხებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ცენტრი იყო, ამავე დროს სოფლის მამაკაცებისათვის არაოფიციალური შეკრების ადგილსაც წარმოადგენდა. სოფლის მეურნეობისათვის “მკვდარ’ პერიოდში აქ მოსულ კაცს ყოველთვის დახვდებოდა მამაკაცთა ჯგუფი, რომლებიც ან მაღაზიაში ისხდნენ, ანდა მის გვერდით მდებარე ჩაის ბაღში ჩაის შეექცეოდნენ და სოფლის პრობლემებს ან სხვა საინტერესო საკითხებს იხილავდნენ.
ამ ადგილთან, ცენტრალურ ნაწილში, სოფლის ბავშვებისათვის განკუთვნილი ოროთახიანი დაწყებითი სკოლა (I-IV კლასები) იყო. ამ სკოლაში სახელმწიფოს მიერ დანიშნული იყო ერთი ხელფასიანი ქართველი მასწავლებელი და იორუქ ბავშვებს თურქულ ენას ასწავლიდა.
ნათესაობა-ქორწინება
ქართველებისა და იორუქების ნათესაური ურთიერთობები მრავალმხრივ წააგავს ერთმანეთს. მათ ერთნაირი წარმოდგენა აქვთ ტრადიციულ, იდეალურ ოჯახზე: ჯიშის გამგრძელებელი და ხელმძღვანელი _ მამაკაცი, ოჯახის საფუძველი – მოხუცებულები, უმცროსები პატივს სცემენ უფროსების სიტყვას, ქალის მოვალეობა
_ მომსახურება. ქართველები და იორუქები მემკვიდრეობის და ქონების განაწილებისას უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი რელიგია – სუნიტური ისლამი მრავალცოლიანობის უფლებას იძლევა, მისი ცხოვრებაში გამტარებელი ქართველი ძალიან ცოტაა.
ქართველები უპირატესობას ანიჭებენ ქართველებზე ქორწინებას. ათში კატეგორიულადაა აკრძალული ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე ქორწინება და შორეულ ნათესავებზე შეუღლებასაც არ ხვდებიან დიდი მოწონებით. ამის გამო მანაში მცხოვრები ქართველების უმეტესობა, ამავე მხარის სხვა სოფლებში მცხოვრებ ქართველებზეა დაქორწინებული.
ამის საპირისპიროდ, იორუქებში ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე ქორწინება ნებადართულია და ზოგ შემთხვევაში მას უპირატესობაც კი ენიჭება. ზოგიერთმა იორუქმა მე განმიცხადა, რომ ურჩევნიათ ბიძაშვილზე დაქორწინდნენ, რადგან ასეთი შეუღლებისას არ მოხდება ახლო ნათესავების ქონების უცხოთა ხელში გადასვლა. მაგრამ ამასთანავე, იორუქთა ერთმა ჯგუფმა აღიარა, რომ მიუხედავად ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე ნებადართული ქორწინებისა, მაინც ურჩევნიათ სხვასთან, უფრო მეტად კი არაიორუქთან შეუღლება. დღეს ორივე წესი თანაბრად გამოიყენება.
მეუღლე ძირითადად სამნაირი გზით შეირჩევა: ოჯახებს შორის შეთანხმებით, წყვილის გაპარვით ან მამაკაცის მიერ ქალის მოტაცებით. იდეალური ვარიანტია, როდესაც ორივე მხარის ოჯახის უფროსები ხვდებიან ერთმანეთს. ეს წინა პერიოდია. შემდეგ როგორც ქართველები, ისე იორუქები ახალგაზრდა შეყვარებულებს საკმაო თავისუფლებას ანიჭებენ იმისთვის, რომ ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ერთად გაპარვაც კი შეძლონ. როცა ისინი ძალზე დაახლოვდებიან და ახალგაზრდა წყვილთა ოჯახები ფაქტის წინაშე დადგებიან, მაშინ მათ, რომც არ უნდოდეთ ერთმანეთთან შეუღლება, ბოლოს მაინც აზრის შეცვლა უწევთ.
ქორწინების მიზნით ქალის მოტაცებას ქართველები არ პატიობენ, მაგრამ იორუქებში ეს ტრადიციული წესია. ისტორიას რომ გადავხედოთ, თურქები ცნობილი იყვნენ სხვა თემიდან ქალის მოტაცებით. პირველ ისლამურ პერიოდში ბერძენი, სომეხი და არაბი ქალები ამ გზით შეუერთდნენ სხვადასხვა იორუქულ ტომს. ამ წესმა სოფელ მანაშიც მსგავსი შედეგი გამოიღო. ქართველთა იქ დასახლების პირველ წლებში იორუქებისა და ქართველების ერთმანეთზე დაქორწინება აკრძალული იყო და მათ შორის ყოველთვის არსებობდა სოციალურ-კულტურული ზღვარი. მაგრამ დროთა განმავლობაში მოხდა ის, რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო: ახალგაზრდა იორუქმა მამაკაცებმა ქართველი გოგონების, ყანებიდან და სოფლებიდან გატაცება დაიწყეს, რაც ზოგჯერ გოგონების ნათესავების აღშფოთებას იწვევდა. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, საქმეში შუამავლები ერეოდნენ. თანდათანობითქართველები და იორუქები შექმნილ რეალობას შეეგუენ და ცნეს ახალი კავშირები. დროთა განმავლობაში ასეთი გზით დაოჯახებამ შეამცირა ორ ხალხს შორის არსებული სოციალურ-კულტურული განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები კვლავაც ამჯობინებენ ქართველებზე დაოჯახებას, ძველებურად მაინც აღარ აღშფოთებთ იორუქებთან, ანდა თურქებთან შეუღლება და ასეთი ოჯახების რაოდენობაც იზრდება.
პოლიტიკა
სოფელი ადგილობრივი მუჰთარისა და უხუცესთა შორის არჩეული ოთხი პიროვნების საშუალებით იმართება. წლების განმავლობაში ხელმძღვანელებს თანაბარი რაოდენობით ირჩევდნენ და მუჰთარის მოვალეობასაც იორუქი და ქართველი რიგრიგობით ასრულებდა. მუჰთარის არჩევა ორ ეთნოსს შორის არ იწვევს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ამის დამადასტურებელია ქართველ ქალზე დაქორწინებული ერთ-ერთი იორუქის მიერ სოფლის მართვის შემთხვევა. იგი 1969-70 წლებში ასრულებდა მუჰთარის მოვალეობას.
ორივე ეთნიკურმა ჯგუფმა თანამშრომლობის გაადვილების საქმეში დადებითი როლი შეასრულა: ისინი ერთი და იგივე პარტიის მხურვალე მხარდამჭერები გახდნენ. 1950 წლიდან 1960 წლამდე ჯერ დემოკრატიულ, შემდეგ კი სამართლიანობის პარტიასთან მათი დაახლოვება გამოიწვია ერთმა შემთხვევამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა რესპუბლიკელების (მაშინდელი თავმჯდომარე ისმეთ ინენიუ) ერთპარტიული მმართველობის პერიოდში.
1942 წელს რესპუბლიკელების მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით სოფელ მანადან 3 მილზე, აღმოსავლეთით, ღრმა ხევის თავზე მდებარე გორაკზე უნდა აეშენებინათ სკოლის შენობა. სოფლელებმა ეს განკარგულება გააპროტესტეს, რადგან თვლიდნენ, რომ ადგილი არასწორედ იქნა შერჩეული. მათი აზრით, გაძნელდებოდა ბავშვების სკოლაში მისვლა, განსაკუთრებით ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში, თანაც ხევი ტალახით გაივსებოდა და ეს პატარებს სიძნელეს შეუქმნიდა. ამასთანავე, ჩიოდნენ, რომ იმ პერიოდში, როცა მათ სკოლის მშენებლობაზე უნდა ემუშავათ, საკუთარი ყანების დასამუშავებლად დროის გამოყოფას ვერ შეძლებდნენ და ამითი იზარალებდნენ.
მაგრამ ხელისუფლებამ სოფლელების ჩივილს ყური არ უგდო და ქაიმაქათმა სოფლის ჟანდარმერიას სკოლის ასაშენებლად ძალის გამოყენება უბრძანა. ამგვარად სკოლა წინააღმდეგობების პირობებში აშენდა.
სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის მონათხრობიდან: "ჩვენ სკოლის ასაშენებლად ყველაფერი გავიღეთ, რისი გაღებაც შეიძლებოდა. დაბასა და სოფელს შორის 12კმ-იან მანძილზე, სადაც გზაც კი არ იყო, საკუთარი ძალებით ვეზიდებოდით სამშენებლო მასალას”.
სკოლის სასწავლო პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. სასკოლო საგნებთან ერთად ისწავლებოდა საფეიქრო საქმე, მებაღეობა, სოფლის მეურნეობა, საოჯახო ეკონომიკა და სხვა მსგავსი ხელობები და სკოლაში მხოლოდ ერთი მასწავლებელი იყო. მარტო ის, სასწავლო პროგრამას ვერ წარუძღვა და საგანმანათლებლო საქმიანობა უშედეგოდ დასრულდა, მასწავლებელი უკან გაიწვიეს, სკოლის შენობა დაინგრა. დღესაც, სოფლელები, იქ დარჩენილ ქვების გროვას დაცინვით ისმეთ ფაშას სკოლას ეძახიან.
რამდენიმე წლის შემდეგ მოსახლეობამ საკუთარი ნებით სოფლის ცენტრთან ააშენა სკოლა, რომელიც დღესაც მოქმედებს!
შტრიხები ახლო წარსულიდან
მეზობელ დაბა სუსურლუქში 1950-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა დადებითად იმოქმედეს მანაზე. ამ პერიოდში მთავრობამ სუსურლუქი შაქრის ჭარხლის გადამამუშავებელი ქარხნების ზონად გამოაცხადა და 1954 წლიდან მშენებლობაც დაიწყო. ამ მშენებლობაზე დიდი მოთხოვნილება იყო მუშებზე, რაც ბევრი ქართველისათვის სამუშაოს დაწყების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. პირველი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 1955 წლიდან დაიწყო, რამაც დაბაში ათასობით ადამიანის ჩასახლება გამოიწვია. მათ მიეცათ ისეთ სამუშაოებზე მოწყობის საშუალება, სადაც ანაზღაურებას ყოველკვირეულად იძლეოდნენ. შედეგად, სუსურლუქის მოსახლეობა გაორმაგდა და მისმა რაოდენობამ 11 000-ს მიაღწია, რის გამოც საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნილება გაიზარდა.
ქართველმა მშენებლებმა კარგად გამოიყენეს საკუთარი ნიჭი და გამოცდილება. მათ კერძო სამშენებლო ფირმები დააარსეს. გამოსწორდა თუ არა მათი მატერიალური მდგომარეობა, მაშინვე ჩამოიყვანეს დაბაში თავიანთი ოჯახები და აქ ოფიციალურად დაფუძნდნენ. დღეს სუსურლუქში 30-35 ქართველი ოჯახი ცხოვრობს. მათი უმეტესობა დასახლდა 1954 წლის შემდეგ აშენებულ ახალ კვარტალში, რომელსაც “იენი ბოლგე” (ახალი უბანი) ჰქვია. მოხუცებულები იკრიბებიან და მშობლიურ ენაზე საუბრობენ ერთ-ერთ ყავახანაში, რომელიც ასევე მათ საკუთრებას წარმოადგენს. 1954 წლის შემდეგ, დაახლოებით 30 ქართველმა ოჯახმა დატოვა მანა და სტამბულში, იზმირში, იურსასა და სხვა დიდ ქალაქებში დასახლდა. დღეს მანაში 30 ქართველი ოჯახიღაა დარჩენილი. ქართველებისგან განსხვავებით, იორუქები დარჩნენ სოფელში. მათი შემოსავლის ძირითად წყაროს კვლავინდებურად მეცხოველეობა წარმოადგენს, 1965 წელს სოფლის მთლიანი მოსახლეობა 610 კაცს შეადგენდა.
ასიმილაცია
მანას ქართველების თურქულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების კოეფიციენტი მაღალია. ასიმილაციის შეფასებისას სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კულტურული ფასეულობები და რელიგიური კუთვნილებაა. გადმოსახლებული ქართველები, როგორც მორწმუნე მუსლიმები თურქებთან ერთი და რელიგიას, სოციალურ-კულტურულ და სულიერ ფასეულობებს აღიარებენ. ისინი მუსლიმური ძმობის წევრები არიან და ცხოვრებას ერთნაირი ისლამური კრიტერიუმებით აფასებენ. ეს აადვილებს მათ შორის გაგებასა და დაახლოებას. ამის დამადასტურებელია ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1950 წელს, ქართველების ერთი ნაწილების სოფლიდან გადასახლების შემდგ, მცირე რაოდენობით დარჩენილმა ქართულმა ოჯახებმა საჭიროდ აღარ ჩათვალეს თავიანთ კუთვნილებაში მყოფი მეჩეთის შენარჩუნება. ორივე ეთნიკური ჯგუფი საერთო ლოცვაზე უკვე ერთად იკრიბებოდა. სუსურლუქში დასახლებული ქართველებიც მაშინვე მიიღეს რელიგიურ ჯუმაათში (თემში) და ისინი მეჩეთში თავიანთი თურქი მეზობლების გვერდით აღავლენდნენ ლოცვას.
არსებობს სხვა ფაქტორიც, გარეგნულად ქართველები სუფთა ევროპელები არიან. მანაში მცხოვრებლებიც საშუალო სიმაღლის ხალხია. მათი მახასიათებლებია ღია ფერის კანი, ოქროსფერი თმები, მწვანე და ცისფერი თვალები. ასეთი ფიზიკური მონაცემები განსაკუთრებით მიმზიდველი იყო თურქებისათვის და ამ ფაქტორმა არცთუ ისე მცირერიცხოვანი როლი ითამაშა ორი ხალხის დამოყვრების საქმეში.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შერეული ქორწინებაა. ის არამარტო ამზადებს ასიმილაციის პროცესს, არამედ ამავე დროს აქტიურ როლს ასრულებს ხალხების უფრო მეტად ინტეგრაციის საქმეში. ყველა ქართველი, ვისთანაც კი შეხვედრა მქონია, განსაკუთრებით კი სუსურლუქის ილჩეში, აცხადებდა, რომ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ქართველებისა და თურქების ქორწინების რაოდენობა. სუსურლუქში ჩემს მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით ასეთი სურათი წარმოჩინდა: ქართველების ჩვიდმეტი დაოჯახების შემთხვევიდან, 5 თურქზე მოდიოდა, 2 კი – ჩერქეზზე. დანარჩენი ათი დაქორწინებული წყვილი კი ქართველზე. შერეული ქორწინებების უმეტესობა 1955 წლის შემდეგ განხორციელდა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელზე დაქორწინებულ ქართველს, რაიმე უპირატესობა არ გააჩნია.
არსებობს კიდევ ერთი, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი. ქართველებმა საზოგადოებაში ხელოსნებისა და ბეჯითი მუშების სახელი დაიმკვიდრეს. თურქებმა აღიარეს მათი უნარი და ნიჭი, რაც გამომჟღავნდა კიდეც მანასა და სუსურლუქის აღმშენებლობის საქმეში. სუსურლუქში მცხოვრებმა ბევრმა ქართველმა საკუთარი ნებისყოფისა და სიბეჯითის წყალობით დიდ წარმატებას მიაღწია. საზოგადოებასთან მათი დაახლოება გამოიწვია იმანაც, რომ ისინი გამოსადეგარი იყვნენ საკუთარი ოჯახებისათვის. მათ ხალხში დაიმკვიდრეს იდეალურად მორწმუნე და ბეჯითი მუსლიმების იმიჯი. ყოველივე ამის გამო, ქართველებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ასიმილაციის პროცესი თურქების უშუალობამ და ტოლერანტობამაც დააჩქარა. მათ ხომ საკუთარ მიწაზე მიიღეს და დააფასეს მუსლიმი გადმოსახლებულები. სუსურლუქში არ შეიმჩნევა არავითარი დაყოფა ქართველებად და თურქებად. არავის შეუშლია ქართველებისთვის ხელი გაერთიანებულიყვნენ სხვადასხვა სოციალურ ფენასა და ორგანიზაციაში. ისინი გარკვეულ როლს თამაშობენ ადგილობრივ პოლიტიკაში, სულ ცოტა ერთი ქართველი მაინც არის ერთ-ერთი დიდი პარტიის ადგილობრივ განყოფილებაში დიდ თანამდებობაზე.
ქალაქებსა და დაბებში, თურქეთის სხვადასხვა რეგიონში თურქულ-ქართულ ურთიერთობებზე პირადი დაკვირვებით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველგან, დაახლოებით ასეთივე სურათია. თურქეთის დიდ ქალაქებში ქართველებს მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავთ სახელმწიფო სამსახურში, ინდუსტრიაში, ვაჭრობაში, საბანკო საქმეში, განათლებაში და სხვა სფეროში.
*ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი
ჟურნალი "ჩვენებური".
No:31. იანვარი-მარტი. 1999.