კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები
დავით ხოშტარია
2005 წლის მიწურულს გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა ქართველი ხელოვნებათმცოდნის _ დავით ხოშტარიას ვრცელი ნაშრომი _ "კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები".
წიგნის თემაა საეკლესიო მშენებლობა კლარჯეთში IV-დან XVI საუკუნემდე. წერილობითი ცნობებისა და შემორჩენილი ნაგებობების დეტალური შესწავლის საფუძველზე, ვრცელ კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში, გაშუქებულია კლარჯეთის ხუროთმოძღვრების და მშენებლობის ისტორიის მრავალი ასპექტი. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით გაშლილ სამონასტრო მოძრაობას და მის როლს კლარჯეთის ხუროთმოძღვრების განვითარებაში. შესაბამისად, ძირითადი ადგილი წიგნში უწირავს კლარჯეთის არქიტექტურის აღმავლობის პერიოდის _ IX-X საუკუნეების ნაგებობებს, რომლებიც შემოინახა არტანუჯში, ოპიზაში, ხანძთაში, პარეხში, მიძნაძორში, წყაროსთავში, დოლისყანაში, შატბერდსა თუ სხვაგან. მათი შესწავლის საფუძველზეც დადგენილია კლარჯეთის არქიტექტურული სკოლის თავისებურებანი, მათი მიმართება საქართველოს და მეზობელი ქვეყნების არქიტექტურასთან. დანართში განხილულია ასევე შავშეთის ეკლესიები.
წიგნი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის სერიის _ "სამხრეთ კავკასია და ანატოლია" მე-3 გამოცემა. სერიის მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი.